შიგთავსზე გადასვლა

თომას მანი- სიკვდილი ვენეციაში

Thomas Mann was disappointed by America′s populism | Books | DW | 18.06.2018

გუშინ, ერთი საინტერესო რამ შემემთხვა. ხომ იცით, საარჩევნოდ რომ მოხალისეები დადიან ხოლმე, ჰოდა, ერთ-ერთი ასეთი მოხალისე ჩვენთანაც მოვიდა. ასე 40 წლის ქალი იქნებოდა. ჯერ დედაჩემის მონაცემები გადაამოწმა, რაღაც კითხვები დაუსვა და… მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე. ამ დროს გამოვედი ოთახიდან, მივესალმე, და ველოდები რომ მეც მკითხავს იმ ყველაფერს რასაც დედაჩემს ეკითხება. ეტყობა ძალიან გაუხარდა კარი რომ არ მივუჯახუნეთ თუ რა იყო არ ვიცი, ვაიმეო, რა კარგად მომესალმეო, დიდი გოგო გაიზარდეო მეუბნება. საერთოდ ბავშვობიდან მიჩვეული ვარ, რომ ყველას საჭიროზე პატარა ვგონივარ, მაგრამ 24 წლის ასაკში რომ “დიდი გოგო გაიზარდეს” გეუბნებიან, ეს ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ კი ძალიან უცნაური და ზოგჯერ ხელისშემშლელიც. რომ გითხრათ ნარცისი ვარ- მეთქი არ დაიჯეროთ, მაგრამ სარკეში ხშირად ვიყურები და ბავშვს ვხედავ, ამის გამო ზოგჯერ გასაუბრებებზე მექმნება პრობლემები, ზოგჯერ ქუჩაში, როცა ჩემი ბიძაშვილის ბავშვი ჩემი გონიათ და ნაადრევი ქორწინების თუ “კიდევ უარესის” მსხვერპლი ვგონივარ, მოკლედ მუდმივად შარში ვარ. ამბობენ ლიტერატურის სიყვარული ცხოვრების მიმართ მედეგს გხდისო, მაგრამ უნდა ვაღიარო, საკუთარი თავი, მოხუცად ვერ წარმომიდგენია. ვერ წარმომიდგენია, რომ ოდესმე დავბერდები, გავჭაღარავდები. იმიტომ კი არა, რომ ღვთაებრივი სილამაზის ვარ და მენანება, იმიტომ რომ, ეს “ბავშვი” მომწონს ისეთი როგორიც არის და ერთადერთი შიში, რომელიც ვერ გადავლახე ცხოვრებაში, სიკვდილის შიშია. მეშინია, მე სიკვდილის მეშინია!

თომას მანის “სიკვდილი ვენეციაში” გამახსენდა და ის, თუ როგორ ახალისებდა გუსტავ ფონ აშენბახს ტაძიოს ავადმყოფური სიფერმკრთალე, რადგან თუ ტაძიო ავად არის, ესე იგი ის სიბერემდე ვერ მიაღწევს და მარადიულ ახალგაზრდად დარჩება. აქვე გადავუხვევ და ვიტყვი, რომ ტაძიოსნაირ მშვენიერებაზე არ მაქვს პრეტენზია და ქვემოთ მოყვანილი სასაუბრო თემა არაფრით არ გულისხმობს თვითტკბობას. უბრალოდ ვფიქრობ, მინიმუმ სამი-ოთხი ავტორი ახლავე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რომლებსაც ამ თემაზე მსოფლიო ლიტერატურისთვის უდიდესი საგანძური უჩუქებია, მაგრამ თომას მანი მაინც განსაკუთრებულია ჩემი აზრით.

მნიშვნელოვანი მგონია, რომ “სიკვდილი ვენეციაში” მანისთვის ახალი სუნთქვასავით არის, რადგან “ბუდენბროკების” შემდეგ მწერლის შემოქმედებაში დიდი კრიზისი დაიწყო და “სიკვდილი ვენეციაში” ამ კრიზისის შემდგომ კიდევ ერთი ტრამპლინი აღმოჩნდა მისთვის. საინტერესოა ისიც, რომ როდესაც მანი ამ ნაწარმოებს წერს, ეს უკვე ის პერიოდია, როცა ადამიანის ცხოვრებაში შეფასებების პერიოდი დგება და ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა. მითუმეტეს, რომ მანის შემოქმედება ყოველთვის მიისწრაფვოდა იდეალებისაკენ.

ზოგიერთი მკითხველი და კრიტიკოსი ტაძიოს მიმართ აშენბახის დამოკიდებულებაში ჰომოსექსუალურ მოტივებს ხედავს და ამას მანის პიროვნებას უკავშირებს. უკეთ რომ ვთქვათ, მათი აზრით, მანმა გადალახა ის საზღვარი, რომელიც აშენბახს აბრკოლებდა ამბის დასაწყისში საკუთარ თავს გამოტყდომოდა რაც შეემთხვა. ეს, ასე ვთქვათ, მანის აღსარებაა. ძალიან მინდა ვთქვა, რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს და მარადიული მშვენიერების იდეა უმაღლესია ამ ნაწარმოებში, მაგრამ როდესაც თომას მანი ხარ და შეგიძლია ადამიანის შინაგანი ბრძოლა ასე აღწერო რა თქმა უნდა, ამას მაინც აქვს მნიშვნელობა. მითუმეტეს, რომ აშენბახის პროტოტიპი კომპოზიტორი გუსტავ მალერია. მიუხედავად იმისა, რომ აშენბახი მწერალია, ხოლო მალერი კომპოზიტორი, გასაგებია, რომ მანის შთაგონება მუსიკას უკავშირდება, რომელიც ხელოვნების უმაღლესი და უნივერსალური სახეა. აქედან გამომდინარე ვასკვნი, რომ მშვენიერებაც უნივერსალურია და სწორედ ჩამას ეძღვნება მანის ეს ნაწარმოებიც.

მეორე მხრივ, გავიხსენოთ როგორ დაიწყო ყველაფერი, როდესაც აშენბახმა დაინახა ახალგაზრდა, ზურგჩანთიანი მოგზაური და აღეძრა მოგზაურობის სურვილი. მოგზაურობა კი თავისთავად გულისხმობს ახლის აღმოჩენას, მათ შორის, საკუთარ თავში. მოგზაურობა ამ შემთხვევაში სიცოცხლის ალეგორიაა. ჩვენ ვცხოვრობთ, რომ აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ხშირად მახსენდება ხოლმე,და ახლაც გავიმეორებ, წარწერას აპოლონის ტაძარზე,”შეიცან თავი შენი” აპოლონი კი მოგეხსენებათ, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში სწორედ ხელოვნებისა და სინათლის ღმერთია.

ყველა მოგზაურობას აქვს დასასრული და შესაბამისად აშენბახის სიცოცხლესაც, ის ამას სწორედ მაშინ აცნობიერებს ყველაზე მძაფრად, როდესაც ტაძიოს ახალგაზრდული მშვენიერების ფონზე, საკუთარ შევერცხლილ თმას და ხანშიშესულ სხეულს უყურებს. იმისთვის, რომ ტაძიო მარად ახალგაზრდად დარჩეს და შესაბამისად მარადიული მშვენიერების იდეა აღსრულდეს, ტაძიო უნდა მოკვდეს. სწორედ ამიტომ ახალისებს აშენბახს ტაძიოს ავადმყოფობის იდეა.

ხელოვნებაში მშვენიერის აღწერის ორი სახე გვხვდება. ერთი გზაა დაუშვა ანტიფორმა და ამით დაამტკიცო ფორმის სიმყარე. აშენბახის მაგალითზე რომ ვთქვათ, ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ტაძიოს ფონზე საკუთარი თავის აღქმა ტაძიოს მიმართ აღფრთოვანებას კი არა, ზიზღს ან/ და შურს აღუძრავდა მას; მეორე შემთხვევაში, მშვენიერებას აპოლოგეტი ჭირდება, როგორც ეს გვხვდება დანტესთან, შექსპირთან და აქ, თომას მანთან. ამ შემთხვევაში პრინციპულად იყოფა აშენბახის შინაგანი ბრძოლისა და ტაძიოს მიმართ მისი დამოკიდებულების საკითხები ერთმანეთისგან და ისინი შეგვიძლია ცალ-ცალკე განვიხილოთ. თუ ჩვენი ინტერესის საკითხი მარადიული მშვენიერების იდეაა, მაშინ პრინციპული მნიშვნელობა ეკარგება აშენბახის სუბიექტურ მოტივს და იმას, რომ ტაძიო თხუთმეტი წლის ბავშვია. მისი მთავარი აღმნიშვნელი ამ შემთხვევაში მშვენიერების იდეაა და აშენბახის გრძნობები არა კონკრეტულად ტაძიოს არამედ მის აღმნიშვნელს უნდა მივაწეროთ.

თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აშენბახმა სიცოცხლის ბოლოს მართლაც შეიცნო საკუთარი თავი და მიაღწია იმ საზღვარს, როდესაც დასაკარგი აღარაფერია, მაშინ სიუჟეტის მთელი წნევა, აშენბახზე გადადის და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ტაძიო უბრალოდ აღმძრავი ძალაა, აშენბახისთვის, რომელმაც გარდამტეხ წერტილამდე მიიყვანა პერსონაჟი. რადგან საქმე თომას მანთან გვაქვს, აქ, ცალსახად ვერაფერს დაამტკიცებ. მანი იმ ფაქტს, რომ აშენბახი ხელოვანია, რომელიც მოგზაურობს ოსტატურად იყენებს როცა გაუცხოების თემა შემოაქვს. ამ ძალიან მცირე ზომის ნაწარმოებში მანმა თავი მოუყარა ხელოვნებასა და მატერიალიზმს, კულტურასა და ცხოველყოფას, ადამიანის გაუცხოებას სამყაროს მიმართ, საკუთარი თავის შეცნობას და რაც მთავარია მიღებას, უკვდავებასა და მოკვდავობას. ვფიქრობ, თუკი ავტორი წერს ასეთ მცირე ზომის ნაწარმოებს, რომელშიც ყველაფერია, რაც ადამიანის არაცნობიერ შიშებსა და მისწრაფებებს გამოსახავს, მაშინ ყველაფერი გამართლებულია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: