შიგთავსზე გადასვლა

მაიკლ მარშალ სმიტი- კაცი, რომელიც ხატავდა კატებს

michael- marshall- smith- british born -story- writer

როგორც უკვე მითქვამს, კარგ რამეებს ყოცველთვის შემთხვევით გადავაწყდები ხოლმე. ცოდვა გამხელილი ჯობია, და ამ ავტორის სახელი და გვარი საერთოდ არაფერს მეუბნებოდა, სანამ ტომს არ შევხვდი, ყველაზე ჩუმ ადამიანს დედამიწის ზურგზე. ტომის ხმა თითქმის არასოდეს ისმის, ის უბრალოდ ზის და კატებს ხატავს, იმდენად ცოცხლებს რომ შეიძლება გაგიჟდე. მოთხრობის ბოლოს კი, ეს კატა დიდ ვეფხვად გადაიქცა, როგორც მოსალოდნელიც იყო.

ადამიანებში, რომლებიც მუდამ ჩუმად არიან და სიმშვიდეს ინარჩუნებენ, ემოციები წვეთ-წვეთად იკრიბება და საბოლოოდ ერთ დიდ კაციჭამია ვეფხვადაც შეიძლება გადაიქცეს. ხომ ვამბობ, არაფერი ისეთი, რაც აქამდე არ გვინახავს და არ გაგვიგია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ზოგიერთები ახერხებენ ყველაფერს სახელი დაარქვან, რაც ყველას არ გამოსდის.

იცით, ეს ერთიმხრივ ამაზრზენად რეალისტური და მეორემხრივ მაგიური ამბავი ჩემთვის სწორედ იმით გახდა მნიშვნელოვანი, რომ ამ ორს ერთად არსებობა თითქოს არ შეუძლია. ტომი არსაიდან გაჩნდა ქალაქში. ის ყოველთვის ერთსა და იმავე დროს გამოჩნდებოდა ხოლმე ბარში, დაჯდებოდა და ხატავდა ისეთ ცოცხალ ფრინველებს და ცხოველებს, რომ მნახველებს ეგონათ სადაცაა გაფრინდებიანო. მართალია ტომი უცნაური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ იქაურებმა მაინც მოახერხეს ზუსტად იმდენის გაგება მასზე, რომ საერთო ენა გამოენახათ. პრინციპში, ტომი მხიარული ადამიანი იყო. ბავშვები მასთან კარგად ერთობოდნენ ხოლმე, მოგეხსენებათ ბავშვები ადამიანებს ყველაზე კარგად ცნობენ.

მოთხრობაში აღწერილია ამბავი ერთი დისფუნქციური ოჯახისა. პატარა ბიჭისა რომლის მამინაცვალიც უღმერთო ალკოჰოლიკია და ცოლსა და გერზე უმოწყალოდ ძალადობს. პრინციპში, არაფერი გასაკვირი არ არის ამაში და თითქოს ყველა უკვე შეეგუა ამ ამბავს. სანამ ზაფხულის ერთ ღამეს გადამწყვეტი მომენტი დადგებოდა. ამ ნაწარმოების ყველა პერსონაჟმა იცის რაც მოხდა, მაგრამ აბა რომ მოყვე ვინ დაიჯერებს. ყველამ დაინახა რომ ტომი ადგილიდან არ განძრეულა სანამ სემი მიწაზე ფორთხავდა და იკლაკნებოდა აგონიაში მყოფი. მარტო ტომი არა, ყველა ადგილზე გაიყინა, რადგან ახლოს მისვლა ვერავინ გაბედა. სემის სიკვდილი იმდენად ნატურალისტურადაა აღწერილი, რომ შეგიძლიათ თვალნათლივ დაინახოთ მომაკვდავის სახე. გაიგონოთ მისი არაადამიანური ხმა… თუმცა არც ერთ პერსონაჟს არ გასჩენია მოძალადის მიმართ აპათიის განცდა, თითქოს ეს ყველაფერი ლოგიკურიც კი იყო.

ალბათ ადამიანები, რომლებიც რაიმე ტიპის განგრძობითი ძალადობის მსხვერპლნი არ ყოფილან ვერასოდეს გაიგებენ ამას, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთა სიკვდილიც ღრმა ამოსუნთქვას იწვევს მათი მსხვერპლებისთვის. ადამიანი რა თქმა უნდა უდიდესი ღირებულებაა, მაგრამ აქ ჩვენ მორალზე არ ვსაუბრობთ, ეს ასეა მიუხედავად იმისა, მოგვწონს ჩვენ თუ არა.

იმ დღის შემდეგ, ტომი ისევე გაქრა, როგორც გაჩნდა ქალაქელების ცხოვრებაში. ის რაც იმღამეს მოხდა იმდენად დაუჯერებელია, რომ სანამ თავად არ წაიკითხავთ, მტკიცებას აზრი არ აქვს. ზოგი ამბობს ეს უფრო ზღაპარია, ვიდრე მოთხრობაო. მე კიდევ, მინდა მჯეროდეს რომ არსებობენ ტომის მსგავსი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ვიღაცის ცხოვრება შეცვალონ, თუნდაც ერთი პატარა ბიჭისა და მერე ისევე ჩუმად წავიდნენ, როგორც მოვიდნენ. თითქოს სწორედ ამისთვის იყვნენ აქ.

ჩვენ ხშირად ვივიწყებთ ადამიანებს. ტომი კი არავის დავიწყებია, ის დღესაც ახსოვთ და ელოდებიან ისევ იმ ბარში, იქნებ დაბრუნდეს ოდესმე. ნაწარმოებს რამდენიმე სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული. ზუსტად ვიცი რატომაც, იმიტომ რომ მთელი ტექსტი შიშველ რეალობაში ირიალური სამყაროს შერევის მცდელობაა და ცხოვრებაშიც მგონია რომ ასეა, განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ამბები, სწორედ ისეთ ჩვეულებრივ დღეებში ხდება, როგორიც ზაფხულის ის დღე იყო, რომლის შემდეგაც ტომი აღარავის უნახავს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: