შიგთავსზე გადასვლა

სენტიმენტალური ამბები ცოტათი გერმანული აქცენტით-ნინო ხარატიშვილის შესახებ

ნინო ხარატიშვილის „ჩემი საყვარელი ორეული" ლიტერატურული ტრამვაი

ხომ გახსოვთ, ვამბობდი წიგნებზე საუბარი ქაფქაფა ყავის ფონზე მიყვარს- მეთქი. ნინო ხარატიშვილის “ჩემი საყვარელი ორეული” თითქმის მაშინვე წავიკითხე, როგორც კი ქართულ სივრცეში გამოჩნდა. ჰოდა, სწორედ ისეთი წიგნია, როგორც ქაფქაფა შავი ყავა. სასიამოვნოდ დასალევი, თუმცა არანაირად წყლის ალტერნატივა. თავისთავად საინტერესოა, როდესაც ქართველი ქალი მწერალი ასეთ ხმაურს იწვევს ლიტერატურულ სამყაროში, თუმცა მუდამ ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ნინო მეტწილად გერმანული სივრცის კუთვნილებაა, ვიდრე ქართულისა.

მისი პასაჟები საქართველოს შესახებ, მეტად საინტერესოა უცხო თვალისთვის, ვიდრე მათთვის ვინც ქართულ ავთენტურ რეალობაში ვცხოვრობთ. რაც შეეხება თავად ამ რომანს აქ გემოვნება ძალიან დიდ როლს თამაშობს. სიმართლე გითხრათ, შუა სემესტრის ფონზე, როდესაც ურთულესი ავტორების დამუშავებისგან თვალები ამოღამებული მქონდა, ძალიან მესიამოვნა სტელას ივოსა და მარკის სასიყვარულო პერიპეტიებში მოგზაურობა. მიუხედავად ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ტექსტის დონეზე საკმაოდ მარტივი კონსტრუქციაა, რომელიც გაძლევს საშუალებას მოეშვა და დაისვენო. სექსიზმში თუ არ ჩამითვლით, წიგნის ავტორი რომ არ ვიცოდე ვინაა, აუცილებლად მივხვდებოდი რომ ქალია. ეს არც ცუდია არც კარგი. იმის თქმა მინდა, რომ ტექსტში ძალიან მძაფრად არის ქალური სენტიმენტები გადმოცემული.

ერთი რაც ძალიან მომწონს, არის ის, რომ ამ წიგნში ვერ ნახავთ პერსონაჟს, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. თავად მთავარი პერსონაჟი სტელა არის ქალი, ბავშვობის კომპლექსებით, მიტოვებულის სინდრომით. თითქოს მისი ოჯახი ცალკეა და თვითონ ცალკე. მას მხოლოდ ივო ჰყავს, მამამისის საყვარლის შვილი, რომელზეც ჩაჭიდებულია ემოციურად და სწორედ ეს ემოცია მიჰყვება ნაწარმოების ბოლომდე. ალბათ ყველა ქალს აქვს ერთი ასეთი ისტორია მოსაყოლი. ემოციური მიჯაჭვულობა ადამიანზე, რომელიც ბავშვობასთან და მარტოობის განცდის აღმოფხვრასთან ასოცირდება და მხოლოდ ამით არის განსაკუთრებული.

ივოს უყვარდა თუ არა სტელა ამაზე ბევრი შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ ივოსნაირი ადამიანები ძალიან ბევრია გარშემო. ის არის კაცი რომელიც აკეთებს იმას რაც გამოსდის და პრინციპში ამ პერსონაჟის არსი ისევ სტელას დამოკიდებულებაა მის მიმართ, მაგრამ საქმეს ივოს პერსონაჟის ფინალი ართულებს.

სულ მინდოდა მარკის ტიპის კაცებზე დამეწერა და კარგია, რომ საშუალება მომეცა. მისი პიროვნული თვისებები რომ ჩამოვთვალო, პრინციპში საწუწუნოც არაფერი აქვს სტელას. მშვიდი, გაწონასწორებული, უშფოთველი ადამიანი და კლასიკური მეოჯახე. აბა ვის არ უნდა ასეთი კაცი? მაგრამ მარკის პრობლემა ისაა, რომ სტელას თვალში ის სუსტია. კაცი რომელსაც შეუძლია ღალატი აიტანოს რა თქმა უნდა სუსტი კაცია. საინტერესოა, რომ ერთი მხრივ სტელა აცნობიერებს საკუთარ სისუსტეს, მაგრამ მეორე მხრივ მარკთან მისი პრეტენზია სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მარკი არასაკმარისად მკაცრად მიუდგა სტელას ღალატს. მარკი სუსტი კაცია, ყველა მისი დადებითი თვისება, მხოლოდ ამით ბათილდება. ქალების უმეტესობას სიმშვიდე აშინებს ამიტომ სტელას ნაირი ადამიანები მუდამ ღალატობენ მარკისნაირ ადამიანებს მითუმეტეს თუ ბავშვობის ტრამვები და დაუმთავრებელი სასიყვარულო ისტორიები დაჰყვებათ თან.

მაქსიმალურად ვცდილობ თავი ავარიდო სპოილერებს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია არის ის, რომ ნინო ამ წიგნში აჩვენებს ერთი მხრივ გერმანულ სოციუმს, რომელშიც თავად ცხოვრობს და მთლიანად იგრძნობა აღწერილი გარემოს ავთენტურობა, მეორე მხრივ კი საქართველოზე საუბრისას ეს ავთენტურობის განცდა იკარგება. ამიტომ როცა ვამბობ ხოლმე, რომ ნინო უფრო მეტად გერმანულენოვან სივრცეს ეკუთვნის სწორედ აქედან გამოვდივარ.

რომ შევაჯამოთ, ასეა თუ ისე, ნინოს წარმატება რა თქმა უნდა სასიხარულოა, რადგან ჩვენ ამ ტიპის პროზა არ გვაქვს ამ ეტაპზე, თუმცა ეს მაინც არის სენტიმენტალური რომანი, რომელსაც განწყობის ლიტერატურას ვუწოდებ. აი თუ ამ განწყობაზე ხარ ძალიან სასიამოვნო წასაკითხია. თუმცა მაღალი მატერიები აქ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: