შიგთავსზე გადასვლა

მშვიდობით, ლენინ! პოსტკომუნისტური სამყაროს ნოსტალგია

Beyond The Film Blog: Goodbye Lenin

ძალიან პატარა ვიყავი, ეს ფილმი პირველად რომ ვნახე. იმხელა შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, აღარ ვიცოდი რითი გამომეხატა. წლები რომ გავიდა კიდევ ვნახე. მაინტერესებდა, მაშინ რამ იმოქმედა ჩემზე ასე. ვოლფგანგ ბეკერის ეს ფილმი ვფიქრობ ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი, განსაკუთრებით საქართველოში, პოსტსაბჭოთა ტრამვებისმქონე ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვიაზრებია ჩვენი საბჭოთა წარსული, შესაბამისად არც განვკურნებულვართ.

ალექსი, გვიყვება ამბავს დედამისის შესახებ, რომელიც მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე დასავლეთ ბერლინში წავიდა “სამშობლოზე დაქორწინდა” და პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერი და ქომაგი იყო, რითაც შემოიფარგლებოდა მისი ცხოვრება. ქმრის წასვლამ ქრისტიანაზე ძალიან იმოქმედა და მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ალექსი ბავშვობაში კოსმონავტობაზე ოცნებობდა და საყვარელი კოსმონავტიც ჰყავდა, ზიგმუნდ იენი.

ყველაფერი იცვლება, როდესაც ქრისტიანას გულის შეტევა ემართება და რვა თვიან კომაში ვარდება. ეს რაღაცით ვაშინგტონ ირვინგის “რიპ ვან ვინკლის” ალუზია მგონია. ქრისტიანამ გამოტოვა დიდი ციებცხელება, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევას უძღოდა წინ და ასევე თავად კედლის დანგრევის მომენტიც. რადგან ქრისტიანასთვის ნერვიულობა არ შეიძლება, ამიტომ ალექსი ცდილობს დედის სახლში დაბრუნებისას ყველაფერი ისე მოაწყოს, თითქოს არც არაფერი მომხდარა. გარშემო ყველაფერი შეიცვალა ქრისტიანას საძინებელში კი ყველაფერი ისევ ისეა, როგორც სოციალისტურ აღმოსავლეთ ბერლინში. კაპიტალიზმის სხივი ამ ოთახის ფანჯარაში ვერ აღწევს და ალექსი ამისთვის ძალიან ბევრს შრომობს, ნაგავში იქექება, ახალი ამბების გამოშვებას ამონტაჟებს მეგობრის დახმარებით და ყველანაირად ცდილობს დედამისმა არ გაიგოს, რომ სამშობლო აღარ აქვს.

ალექსი დარბის და გარშემო ვერაფერს ამჩნევს, გარდა საკუთარი მიზნისა დედამისი გარესამყაროსგან დაიცვას. დარბის დაჭრილი კაცივით, რომელმაც ჯერ არ იცის რომ დაჭრეს და როცა გაჩერდება ტკივილი ერთიანად იფეთქებს. პირველი მომენტი როდესაც ალექსი იგრძნობს რომ რაღაც მართლა ძალიან დიდი მოხდა მის გარშემო არის ის, როდესაც ტაქსის გაჩერებაზე საკუთარ ბავშვობის კუმირს, ლეგენდარულ კოსმონავტს ტაქსის მძღოლის ფორმაში დაინახავს. დანახვისთანავე იცნობს, მაგრამ ეს იმდენად წარმოუდგენელი რამაა, რომ ბოლომდე არც ჯერა. იყო დრო, როდესაც ალექსი კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო აქციაზე გამოდიოდა და ეგონა, რომ კაპიტალიზმი სამოთხეა, ახლა კი პირდაპირ შეეჩეხა ცვლილების გავლენას ადამიანის ბედზე.

თავისთავად პოზიტიური მოვლენა იყო ბერლინის კედლის დანგრევა, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ მსხვერპლის გარეშე არც დადებითი ძვრები არ ხდება. მთელი ეს ფილმი არის ამბავი იმისა, რომ ადამიანებს უჭირთ რეალობისთვის თვალის გასწორება. ამიტომ როცა ეს ფილმი მეორეჯერ ვნახე, უფრო კარგად გავუგე ადამიანებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირის მიმართ სენტიმენტები შემორჩათ.

გვინდა ჩვენ თუ არა, საბჭოთა ნოსტალგია დღევანდელ საქართველოში აქტუალურია და ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ადამიანები რომლებიც რაღაცას წარმოადგენდნენ და რაღაც დიდის ნაწილნი იყვნენ უფუნქციოდ დარჩნენ. ეს იმხელა ტრამვაა, რომ იმ დროის მიმართ ნოსტალგია არა მხოლოდ გასაგები, არამედ აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურიცაა.

ჩემთვის დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს ფილმი. ჩვენ ის გვაწუხებს, რომ უფროსი თაობა ვერ შეეგუა ახალ სამყაროში ცხოვრებას, მაგრამ ბოლო ოცდაათ წელიწადში იმდენად შევიცვალეთ და ისეთი ძვრები განვიცადეთ დასაფიქრებელია ჩვენ ვეგუებით ყველაფერს? საბჭოთა ნოსტალგიასთან ბრძოლაში უარესი ტრამვა მივიღეთ, რადგან ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში ამოვყავით თავი. თითქოს კულტუროლოგიურად ლაბილურები გავხდით. გარკვეულ ეტაპზე კი ფსიქიკა ასეთ ცვლილებებს ვეღარ უძლებს.

უყურო ამ ფილმს და ის სასოწარკვეთა არ განიცადო, რასაც მისი პერსონაჟები განიცდიან ძალიან ძნელია. ეს ფილმი იმხელა ემპათიას იწვევს, რომ მერე პროტესტი მიჩნდება ადამიანების მიმართ, რომლებიც სიკეთის სახელით ძალადობენ ადამიანების ცნობიერებაზე. ცდილობენ წარსული წაუშალონ, ისე თითქოს არც ყოფილა ეს წარსული. პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა, რომელი იდეოლოგიის ფარის ქვეშ გააკეთებენ ამას. ადრე თუ გვიან, ადამიანი ყველაფერს ეგუება, მაგრამ მომხდარი მასზე მაინც ტოვებს კვალს. ბეკერი არ უარყოფს კომუნისტური რეჟიმის ძალადობას ადამიანზე, უბრალოდ აქ ნაჩვენებია ადამიანური ტრაგედია, როდესაც მისი ცხოვრება ერთ წამში აბსოლუტურ ნულს უტოლდება და ის თავიდან იწყებს ყველაფერს….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: