შიგთავსზე გადასვლა

ფართოდ დახუჭული თვალები

“ფართოდ დახუჭული თვალები” ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომელსაც უამრავი შრე აქვს და რომლის ცალმხრივი წაკითხვაც შეუძლებელია. ალბათ მინიმუმ 10 ჯერ მექნება ნანახი და ათივე ჯერზე სხვადასხვა თვალით ვუყურებ. საქართველოში გავრცელებულია აზრი, რომ ეს ფილმი მასონთა ლოჟის არსებობაზე ფარდის ასახდელად გადაიღო კუბრიკმა და ხშირად სწორედ ამ ფილმს მიაწერენ ხოლმე რეჟისორის ბურუსითმოცულ გარდაცვალებას.

დღეს ოდნავ სხვა თვალით მინდა შეგახედოთ ამ ფილმზე, რაც თავისთავად არ გამორიცხავს საიდუმლო ორგანიზაციების არსებობაზე ხაზგასმას, მაგრამ მგონია, რომ საერთო კონტექსტისთვის უფრო მნიშვნელოვანია. სათაურზე დასკვნით ნაწილში ვისაუბრებ, რადგან მგონია, რომ სწორედ სათაურია უზუსტესი შეფასება იმისა, რის მოყოლასაც ვაპირებ.

ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა, ზომაზე მეტად სექსუალურ ნიკოლ კიდმანს, კუბრიკი ფილმს სწორედ მისი სხეულის დემონსტრირებით იწყებს. სანამ მთავარი მოქმედება დაიწყება, კუბრიკი აჩვენებს სარკეს, რომელშიც მთავარი პერსონაჟი იყურება. მე მაქვს შეკითხვა: როცა სარკეში ვიყურებით, ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს ისეთს, როგორებიც ვართ, თუ ისეთს, როგორიც სხვებისთვის ვჩანვართ. საახალწლო წვეულებაზე, კიდმანის პერსონაჟი და მისი მეუღლე (ტომ კრუზი) ცალ-ცალკე ფლირტს აბამენ, თუმცა არც ერთ მათგანს ეს ფლირტი ბოლომდე არ მიჰყავს. ამ წვეულებაზე ორი მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ელისს( მთავარ პერსონაჟს) კაცი რომელიც სექსუალურ ინტერესს გამოხატავს, ეუბნება: “ქორწინება ტყუილს ორივე მხარისთვის აუცილებლობად აქცევს” ამ მომენტიდან იწყება მოქმედებათა ჯაჭვი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გამოცდის პერსონაჟების გულწრფელობას და ამ გულწრფელობისადმი იმუნიტეტს.

შეგვიძლია კი ვიყოთ აბსოლუტურად გულწრფელები ერთმანეთთან და მაინც გვიყვარდეს ერთმანეთი? გავიხსენოთ საძინებლის დიალოგი, როდესაც ელისი თავის ქმარს ეუბნება, რომ ის ერთხელ შეხვდა ოფიცერს, რომელთანაც ფიზიკური ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ იმხელა ვნება იგრძნო, რომ მისგამო მზად იყო ოჯახი მიეტოვებინა. ამ მომენტიდან ბილის გონებაში ჩნდება აზრები, რომლებიც აქამდე არასოდეს მოსვლია. მას არც დაუშვია რომ ელისს შეიძლებოდა სხვა კაცისკენ გაეხედა და პრინციპული მნიშვნელობა არც აქვს იმას, ფიზიკური კონტაქტი შედგა თუ არა. მთავარია, რომ ელისს შეუძლია სხვის მიმართ ვნება გაუჩნდეს.

ფილმი დატვირთულია შიშველი და ორგიასტული სცენებით, თუმცა იმდენად დაძაბული და მისტიკური გარემოა შექმნილი (რასაც მუსიკაც ხელს უწყობს) რომ რეჟისორი უფლებას არ გაძლევს ეროტიკულ ქვეტექსტს გაყვე. მივადექით მასონთა წვეულებასაც, სადაც სწორედ ეს ორგიასტული სცენებია წარმოდგენილი. გავიხსენოთ წვეულებაზე მოსახვედრი პაროლი Fidelio რაც გარდა იმისა, რომ ცნობილი ოპერაა, ერთგულებასაც ნიშნავს. ამ შემთხვევაში ეს მეორე მნიშვნელობა ბევრად საყურადღებოა.

ამ წვეულებაზე არიან ადამიანები, რომლებიც მართავენ ყველაფერს. ერთი მხრივ რეჟისორი აშიშვლებს თითოეულ პერსონაჟს ფილმში და მეორე მხრივ, ეს ნიღბები წვეულებაზე სწორედ იმის ნიშანია, რომ ისინი მაინც ამოუცნობი არიან. ბოლო დიალოგში, როდესაც ბილს თავისი მეგობარი უხსნის, თუ რა მოხდა მის თავს და რას ნიშნავდა ეს ყველაფერი ეუბნება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ ბილი გაჩერებულიყო და შეშინებოდა.

ფილმი სრულდება ცოლ-ქმრის დიალოგით, სადაც ელისი ბილს ეუბნება: “ჩვენ გავიღვიძეთ” ხომ ვამბობდი, სათაურს ბოლოს დავუბრუნდები- მეთქი. კუბრიკი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ადამიანს არ უნდოდეს რაღაცის დანახვა და როგორ ახელს ფართოდ დახუჭულ თვალებს. ფილმში ნაჩვენებია სამყარო, ისეთი როგორსაც ჩვენ ვხედავთ და ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. და თუ ჩვენ ამ სინამდვილეს შევეჩეხებით, შეგვიძლია კი მასთან ერთად ცხოვრება? როცა სარკეში საბოლოოდ საკუთარ თავს დავინახავთ, შეგვიძლია ამასთან ერთად ცხოვრება? თუ ჯობია თავი მოვიტყუოთ და გავჩუმდეთ. მე მაინც მგონია, რომ ყველა ადამიანი რეზისტენტული არ არის აბსოლუტური სიმართლის მიმართ. არც პირად ცხოვრებაში და არც სამყაროსთან მიმართებაში. მთელი ფილმის განმავლობაში, პერსონაჟები დანის პირზე დადიან, გამოცდას გადიან, ვინც ამ გამოცდას ჩააბარებს, ის გადარჩება. ის გადარჩება ვინც გამოიღვიძებს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არ არის ამ ფილმის წაკითხვის ერთადერთი ვერსია, ამიტომ შეიძლება ოდესმე აზრიც კი შევიცვალო, მაგრამ ამ ეტაპზე მგონია, რომ კუბრიკმა თითოეული ჩვენგანის გამოღვიძება სცადა, რომ დაგვენახა საკუთარი თავი რეალობის პრიზმიდან. ჩვენ ხომ საკუთარ თავთანაც კი იშვიათად ვართ გულწრფელები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: