შიგთავსზე გადასვლა

როგორ იქმნება ხელოვნების ნიმუში

როგორ იქმნება ხელოვნების ნიმუში- აუცილებლობის მნიშვნელობა ხელოვნებაში.

ხელოვნებაზე ხშირად ვდაობთ. ჩვენ ის ხან მოგვწონს ხან არა. მას ან ვაღიარებთ ან არა. თავად ხელოვნება რა არის, ამის უამრავი განმარტება არსებობს, ყველას არ ჩამოვთვლი. დღეს იმაზე ვისაუბროთ, რა ქმნის ხელოვნებას.

ისტორიაში, ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რის მოყოლასაც ვაპირებ, მაგრამ სანამ უშუალოდ მაგალითებზე გადავალ, თავშივე გეტყვით. არავითარი დიდი ხელოვნება არ არსებობს აუცილებლობის გარეშე. რაღაცამ უნდა გაიძულოს რომ ხელოვნების ნიმუში შექმნა. არ აქვს მნიშვნელობა მხატვარი ხარ, მწერალი თუ რეჟისორი. შენ თუ იმით რასაც აკეთებ, შინაგანად არ თავისუფლდები, ხელოვნების აქტი არ შედგება. ეს რაღაცით კათარზისს ჰგავს. ადამიანმა ისეთი აღმძრავი ენერგია უნდა მიიღოს, რომ შემდეგ ეს გადაიტანოს თავის ხელოვნებაში და მისგან ამ გზით დაიცალოს.ამიტომაა, რომ ხშირად ხელოვნების აღორძინების დიდი ტალღა ომის შემდგომ პერიოდებზე მოდის. ასეთი იყო, მაგალითად იტალიური ნეორეალიზმი კინოში, ფრანგული და ამერიკული ლიტერატურა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ და კიდევ ბევრი სხვა…

მარკესი ამბობდა, უკეთ წერ როცა ბედნიერი ხარო, მაგრამ მე ასე არ მგონია და ალბათ არც ვცდები. რაღაც უნდა დამთავრდეს შენთვის რომ ეს ხელოვნებად გარდაქმნა. რაღაც პროცესი უნდა გაიარო, რომ შემდეგ ამაზე ისაუბრო. მაგალითად, როდესაც ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის ინდოეთი, პაკისტანი და სხვა, ქალები საუბარს იწყებენ, ჩვენ მუდამ ყურადღებით ვუსმენთ, რასაკვირველია. ერთია, რომ იცი, რომელიღაც იქს ქვეყანაში ქალების უფლებები რომ ირღვევა და მეორეა, როცა ამას გიყვება ქალი, რომელმაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა და გადარჩა, ამიტომ ხდება ხოლმე ასეთი წიგნები ძირითადად ბესტსელერები.

მხოლოდ იმიტომ რომ წერო, არ უნდა წერო. ალბათ ზედმეტად აროგანტულად ჟღერს მაგრამ წიგნსაც და ფილმსაც ყოველთვის ეტყობა აუცილებლობითაა შექმნილი თუ არა. აი, ახლა რომ ვზივარ და ამას ვწერ, მე შემიძლია სხვა რამე მოგიყვეთ ამ დროში. მაგალითად ის, რომ ერთი მოთხრობების კრებულის თარგმნას მოვეკიდე და ჯერ არ ვიცი რა გამოვა, მაგრამ მე ვიგრძენი იმის აუცილებლობა, რომ ვისაუბრო იმაზე, რაზეც ვსაუბრობ.

მართალია დღეისათვის თითქოს შინაარსის ცნება აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ფორმა, მაგრამ იმდენად რამდენადაც შინაარსი ფორმით ფასობს ამავდროულად ფორმაც განყენებულად უმნიშვნელოა და მხოლოდ შინაარსთან ურთიერთქმედებისას იძენს მნიშვნელობას. იმისთვის რომ შინაარსი ჩამოყალიბდეს მას ემოცია ჭირდება, რომელიც თავისთავად იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ აუცილებლობა შექმნას, ფორმა მოვუძებნოთ და მისგან გავთავისუფლდეთ.

თანამედროვე, ქართულ, მეინსტრიმულ ხელოვნებასთანაც, მუდამ ეს ჭიდილი მაქვს ხოლმე. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ზოგიერთ ავტორთან მიმართებაში, სულ მგონია, რომ ისინი სხედან და ფიქრობენ: “მოდი ახლა ამაზე დავწერ” და იწყებენ წერას. იმაზე კი არა, რაც თავად აწუხებთ, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, არამედ იმაზე, რაზეც მათი აზრით უნდა წერდნენ, რაც ვიღაცას მოეწონება, გამომცემელს, მკითხველს და ასე შემდეგ. ეს იცით როგორი შემთხვევაა? მაგალითად მე რომ შავკანიანი ნანახი არ მყავდეს, არასოდეს მისი ტკივილი რასიზმთან დაკავშირებით ჩემამდე არ მოვიდეს, უბრალოდ ვიცოდე, რომ რასისტები შავკანიანებს ებრძვიან და ამაზე დავიწყო წერა. ან ნაცემი ქალი ნანახი არ მყავდეს, მე თვითონ გათხოვილი არ ვიყო და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამდე, რომ კაცები ქალებს ცემენ და ჩაგრავენ. ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია: ან ულტრასენსიტიური გენიოსი უნდა ვიყო და მთელი სამყაროს ტკივილების საკუთარ თავზე აღებისა და მერე ამისგან ხელოვნების შექმნის ფენომენური ნიჭი უნდა მქონდეს, ან უბრალოდ სასაცილო უნდა ვიყო. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ წიგნის ფურცელიც და კამერის ლინზაც, ერთნაირი წარმატებით ახერხებენ სიყალბის ამოცნობას.

მე მგონია, რომ მიუხედავად მარკესის გენიალურობისა, ის რაც მან თქვა ერთეული შემთხვევაა და საზოგადოდ, ადამიანების უმეტესობა ვერასოდეს შექმნის შედევრს იმისგან, რაც საკუთარ ტყავზე არ გამოუცდია, რაც შიგნიდან არ დაუნახავს და არ განუცდია. ვერასოდეს შექმნი შედევრს იმისგან, რაზეც შეგიძლია რომ არ ისაუბრო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: