შიგთავსზე გადასვლა

საღეჭი განთიადები (უშაქროდ)

დამეთანხმებით ალბათ, სათაური საკმაოდ ორიგინალურია. დებიუტანტი მწერლის, ზურა ჯიშკარიანის ეს ნაწარმოები “საბას” მფლობელია და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, პრემიის მფლობელ ნაწარმოებზე იმის თქმა, რომ სიშტერეა ყოველთვის რთულია. ამას არც ვაპირებ, სულაც პირიქით. ზურა თანამედროვე მწერალთა შორის ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე კარგად ფლობს სიტყვას და აქვს მის მიმართ მგრძნობელობა. ვისაც რომანი წაუკითხავს, ყოველთვის უილიამ ბეროუზთან ავლებენ ხოლმე პარალელს. არც ამას შევეწინააღმდეგები, რადგან თემატურადაც და გულწრფელობის ხარისხითაც ბეროუზთან საკმაოდ ახლოს დგას ეს რომანი.

“ეძღვნება გრინჩის ხსოვნას” გრინჩი, ეს სანდრო ლიპარტელიანია, რომელიც kungfu junkie-ის ერთ-ერთი წევრი იყო. ის 2016 წელს ჩამომხრჩვალი იპოვეს. ნარკოტიკები ქართული რეალობისთვის საკმაოდ ნაცნობი თემაა, სამწუხაროდ. ამაზე ბევრი დაწერილა და ბევრი ფილმიც გადაუღიათ, თუმცა ზურას ნაწარმოები მაინც გამორჩეულია, რადგან არასოდეს არავინ საუბრობს იმაზე, რას განიცდიან ნარკომანები ეგრეთწოდებული “პრიხოდის” დროს. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული, როგორც თემის რომანტიზება, პირიქით! ნაწარმოებში იმდენად შიშვლადაა აღწერილი ადამიანური ფსკერი, რომელზეც წამალდამოკიდებულები ამ ერთი დოზის გამო ჩადიან, რომ ძნელი წარმოსადგენია ეს ვინმეს ერომანტიკულებოდეს. თუმცა, კვლევის დროს, ასეთი ადამიანებიც აღმოვაჩინე.

მე, როგორც წამალდამოკიდებულებთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე, თავს უფლებას მივცემ, ცოტახნით ჩემი პროფესიული გადმოსახედიდან გამოვიდე და ადამიანური თვალით შევხედო ამ ყველაფერს. ერთი რამ უნდა აღვნიშნო, მე წიგნებს იშვიათად ვტოვებ შუაგზაზე, თუმცა ამ წიგნმა პირველ ჯერზე იმდენად იმოქმედა, ვაღიარებ, ვერ გავუძელი. მეორედ უკვე თავს ვაიძულე წამეკითხა. ძნელია, როცა ის რის დავიწყებასაც მთელი ცხოვრებაა ცდილობ, წიგნის ფურცლებიდან პირდაპირ ყელში გიჭერს. ეს ჩემთვის იმდენად რთული თემაა, მაქსიმალურად გავურბივარ ხოლმე. თანამედროვე ხელოვნებას თუ გავიხსენებთ, შეგვიძლია გასპარ ნოეს მაგალითი მოვიყვანოთ, რომლის ფილმებიც, ლიბერტარიანული საზოგადოებისთვის რომანტიკულად აღიქმება, თუმცა სინამდვილეში ადამიანური ნიჰილიზმის ტრაგედიაზე მოგვითხრობს. ეს უგამოსავლო მორევი მუდმივად ერთ წრეზე ბრუნავს და ისრუტავს ადამიანის ნამდვილ გრძნობებს. ყველაფერი ინსტინქტებამდე დაჰყავს.

ასეთი გაფრთხილება ვფიქრობ ნებისმიერ ანტინარკოტიკულ კამპანიაზე უკეთ უნდა მუშაობდეს. ალბათ ძალიან ოპტიმისტი ვარ, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ თუნდაც ერთი ადამიანისთვის ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ ეს დისტოპიური მდგომარეობა მომაკვდინებელია.

ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, რატომ ხდება, რომ როდესაც ქართულ ლიტერატურაში რეალიზმს ირეალური ელემენტები ერევა, ხშირ შემთხვევაში ეს დაუჯერებელია ხოლმე. ზურას აქაც აპლოდისმენტები ეკუთვნის, მან ეს მშვენივრად მოახერხა. აქ კიდევ ერთი მომენტია აღსანიშნავი, ეს ამბავი კიდევ იმიტომ არის დამაჯერებელი, რომ ნარკოტიკულ თრობას ასეთი ფსიქოდელიურობა ახასიათებს და სამწუხაროდ ეს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი.

არავითარ შემთხვევაში, არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამ ადამიანებს კრიმინალებად ვთვლი. აქ საქმე გვაქვს შეცვლილი ცნობიერების მქონე ადამიანებთან, შესაბამისად მათთვის პასუხის იმ პარამეტრებით მოთხოვნა, როგორც ეს ცხადი ცნობიერების მქონე ადამიანებთან ხდება, არასწორად მიმაჩნია. უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ ეიფორია, რომელსაც ნარკოტიკული თრობა იძლევა, განთიადები, რომლებიც იღეჭება ილუზიაა, რომელსაც შეცვლილი ცნობიერება იწვევს. ეს ყველაფერი გონებაში ხდება, რომლის გარეთაც რეალური სამყაროა. რაც უფრო მეტად ეშვები ამ ფსიქოდელიაში, სულ უფრო ვიწროვდება შენი რეალური სამყარო და საბოლოოდ ყველაფერი ერთმანეთში ირევა.

პირადად მე, ამ წიგნს აუცილებლად წასაკითხთა სიაში შევიტანდი, როგორც მანიფესტს ადამიანის ცნობიერის დასაცავად. მეორე მხრივ, არის გააზრების პრობლემაც. არასოდეს დავიღლები გამეორებით, რომ არ შეიძლება ამ წიგნის, ამბისა და პერსონაჟების რომანტიზება. ეს არის ამბავი იმისა, რა იმალება საღეჭი განთიადების უკან. ჭაობი, რომელსაც გამოსავალი არ გააჩნია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: