შიგთავსზე გადასვლა

ანტიმედეა- კონვენციურობისა და ეპიკურობის მიჯნაზე

                       

           

ამ ადამიანის ნაამბობით ...

ლაშა ბუღაძის პიესა „ანტიმედეა“ 2017 წელს დაიწერა. როგორც თავად დრამატურგი  აღნიშნავს ეს არ არის კლასიკური რეცეფცია „მედეასი,“ რაც იმას გულისხმობს რომ  შინაარსობრივად იგი არ იმეორებს ევრიპიდეს ტრაგედიის სქემას თუმცა გამოყენებულია მედეას სახე გამოყენებულია როგორც „მოდელი ადამიანისა, რომელიც კარგავს სამშობლოს და რაკი მისი ენა არ ესმით, შესაბამისად აშინებთ“ (ლაშა ბუღაძე)  პიესაზე საუბრისას, ავტორი აღნიშნავს, რომ მან განგებ შექმნა ანტიუტოპიური გარემო, რომელშიც პერსონაჟი უცხოს სახით არის წარმოდგენილი. თავად სტრუქტურის თვალსაზრისით, ყურადღებას იქცევს ეპიკური პიესისათვუს დამახასიათებელი სასცენო მითითებები, რომლებიც  ამავდროულად გარემოსა და დრო-სივრცის აღმნიშვნელი კონკრეტიკისაგან დაცლილია.

დრამის თეორიაში საკმაოდ ცნობილია  ეპიკურობის ელემენტების გამოყენების ხერხი, ჯერ კიდევ ბრეხტის თეატრი სწორედ ამით გამოირჩეოდა, რომ იგი ნაცვლად კონვენციური  დრამატურგიული ხერხებისა, უპირატესობას სწორედ ამგვარ ხერხს ანიჭებდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვხვდებით როგორც კლასიკური ისე ეპიკური თეატრისათვის დამახასიათებელ ელემენტებს.  საინტერესოა,  რა ფუნქციას ასრულებს თანამედროვე თეატრში ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ პერსონაჟებთან მიმართებაში კლასიკური დრამატურგიისა და გამოყენებული ნარატიული თხრობის ელემენტების კომპილაცია, ამიტომ საჭიროა გავაანალიზოთ რომელი დრამატურგიული ელემენტი რა ფუნქციას ასრულებს და ვიმსჯელოთ მათ ერთობლიობაზე.

                                               

არისტოტელე- „პოეტიკა“

            როგორც არისტოტელე ამბობს, ესქილემ პირველმა შემოიყვანა სცენაზე სამი დამოუკიდებელი მსახიობი (არისტოტელე, 147, 1979)  ამ შემთხვევაში ქორო როგორც კრებითი ფუნქციის მატარებელი ელემენტი შეგვიძლია არ ჩავთვალოთ ამ სამეულში.  ამავდროულად  არისტოტელეს მიხედვით, ტრაგედია განისაზღვრება როგორც მოქმედება და არა თხრობა (არისტოტელე 153, 1979) სწორედ ამ განსაზღვრების გამო, კონვენციური და ეპიკური ელემენტების შერწყმა ერთ პიესაში, საყურადღებო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.  დრამატული თეატრისათვის დამახასიათებელია პერსონაჟების სწორხაზოვანი განვითარება, რაც იმას ნიშნავს, რომ პერსონაჟი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. (არისტოტელე, 148. 1979) მათ აქვთ ცალსახა ამოცანები და მათი გადაჭრის კონკრეტული გზები, რაც უკვე შემდგომ დრამის განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა კარგავს ძალას და პერსონაჟებს უფრო მრავალმხრივად წარმოგვიჩენს.

            ბერძნულ დრამაში, რომელსაც ჩვენ კონვენციურს ვუწოდებთ ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სასცენო მხატვრობას, რომლის შემოღებაც ასევე ესქილეს მიეწერება და რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სცენაზე მდგომი მსახიობი (არისტოტელე, 148, 1979)  ყველა ამ ელემენტთან ერთად, საინტერესოა პერსონაჟების მეტყველების ტიპებიც, რომლებიც დღევანდელისგან, ანტიკურ საბერძნეთში სრულად განსხვავდებოდა.  ანტიკური დრამისათვის შიდა და გარე საკომუნიკაციო შრეები განცალკევებული გახლდათ, რადგან გარე საკომუნიკაციო შრეში, რომელიც პერსონაჟსა და მაყურებელს შორის არსებულ შრეს გულისხმობს მეტყველება პოეზიის საშუალებით წარმოებდა, ხოლო  შიდა საკომუნიკაციო შრეში ჩვეულებრივად. ეს იმას ნიშნავს, რომ ის რაც მაყურებლებს პოეზიის სახით მიეწოდებოდა,  პერსონაჟისთვის პოეტურ დატვირთვას არ ატარებდა. (არისტოტელე, 150. 1979)

            კონვენციური დრამისათვის ყველაზე დამახასიათებელი ერთ-ერთი ელემენტი კი კათარზისია  რასაც განმარტავენ როგორც ემოციურ განწმენდას, რომელსაც განიცდის პერსონაჟი (და არა მაყურებელი) პიესის დასკვნით ნაწილში. (არისტოტელე, 153. 1979) არისტოტელე კიდევ ერთ საინტერესო მიგნებას გვთავაზობს, რომ ტრაგედია ცდილობს დაახლოებით ერთი წლის ფარგლებში ჩაატიოს  პიესის მოქმედება, ხოლო ეპოსს ეს შეზღუდვა არ გააჩნია. (არისტოტელე 153.1979)

ბრეხტის ეპიკური თეატრი

            „ისმის შეკითხვა, რეალურად რა განასხვავებს ეპიკურ და კლასიკურ დრამას ერთმანეთისგან?  თავად ბრეხტი ამას სამი  ზედსართავით გამოყოფდა:  ეპიკური, დიალექტიკური, არაარისტოტელური.“ (ა.ჯ. შტეერი1968)  შტეერი თავის სტატიაში ძირითადად ჰეგელის თეორიებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც,  ეპიკურ დრამას   კლასიკურისგან პირველ რიგში ის გამოარჩევს, რომ კლასიკურ დრამაში თითოეული პერსონაჟი განზოგადებულია და რომელიმე ცნებას აღნიშნავს  მაგ: სამართლიანობას, ღირსებას და ასე შემდეგ, ხოლო ეპიკური  პერსონაჟი თავის თავზეა მიმართული. ამ შემთხვევაში მისი პიროვნება და განცდები პირველ ადგილზე ინაცვლებს.  სტატიაში საუბარია ასევე იმაზეც, რომ ეპიკური დრამის პერსონაჟი იმ რეალობას უნდა მიემართებოდეს, რომელის თანამედროვეც არის. მისი ერთიმხრივ სუბიექტური რეალობა ასევე ვრცელდება საზოგადოდ არსებულ რეალობაზეც, თუმცა ჰეგელის თეორიებზე დაყრდნობით, სტატიის ავტორი ამბობს, რომ ბრეხტი თავის პიესებში ისეთ პერსონაჟებს იყენებს როგორებსაც ჩვენ common men-საზოგადო კაცს ვეძახით, ის ერთი მხრივ საკუთარ ტრაგედიას განიცდის, მეორე მხრივ კი თავად არის დრამატული მოქმედების აღმძვრელი, საზოგადო მსხვერპლი.  (ა.ჯ. შტეერი 1968)

ასევე საყურადღებოა, რომ ავტორი თავის სტატიაში იყენებს სიტყვას „გაუცხოება“ რომლითაც აღნიშნავს ბრეხტის პერსონაჟებს, რომლებიც თავად ამბობენ უარს მიიღონ რეალობა ისეთი, როგორიც არის.  ამით ავტორი  ხაზს უსვამს ბრეხტის კლასიკური თეატრისაგან განდგომის ფიქციურობას. ამ მაგალითის გასამყარებლად შეგვიძლია გავიხსენოთ „ანტიგონე“, მაგალითად, რადგან ჩვენ არ ვიცით რა მოხდებოდა, რომ არა მისი დაუცხრომელი სურვილი აუცილებლად დაემარხა ძმა.

„ანტიმედეა“

პიესაში ვითარდება ამბავი, რომლის მიხედვითაც  გაერთიანებული ევროპის საზღვარზე კედელია აღმართული.  რეფერენდუმის შედეგად დადგენილია, რომ ქვეყანაში დარჩენის უფლება მხოლოდ „ძირძველ“ ევროპელებს აქვთ ამიტომ მთავარი პერსონაჟი მედეა საბჭოს წინაშე წარდგება, რომელიც მას სთხოვს  დატოვოს ქვეყნის ტერიტორია არაუგვიანეს 24 საათისა. 

პიესის სხვა მოქმედი პირები არიან: იასონი (ყოფილი ქმარი) გლაკვე (იასონის საცოლე ) და კრეონი (საცოლის მამა) ასევე მდუმარე ქორო, საბჭოს თავმჯდომარე და ძიძა.

            პიესა იწყება  მცირე შესავლით, რომელიც ნარატიული თხრობის საშუალებით გვაცნობს არსებულ სიტუაციას. ჯერ კიდევ ორი თვით ადრე არავის სჯეროდა, რომ ისინი, ვინც „საიდანღაც ჩამოსულებზე” და „ეთნიკურად თუ ნაციონალურად არატრადიციულ ევროპელებზე” ლაპარაკობდნენ, დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებდნენ ბოლო არჩევნებზე, ხოლო გამარჯვებიდან სამ კვირაში რეფერენდუმს ჩაატარებდნენ საკითხზე: უნდა გაჩნდეს თუ არა ნაციონალური ცნება „ევროპელი“ და უნდა გათავისუფლდნენ თუ არა ევროპელები აგრესიულად განწყობილი ემიგრანტებისგან? მართალია, ორივე შეკითხვა საკმაოდ ზოგადი და გაუგებარი იყო, მაგრამ მას სავსებით კონკრეტული და, როგორც რეფერენდუმამდე იტყოდნენ, დისკიმინაციული შედეგები მოჰყვა უამრავი ადამიანისთვის.“ (ბუღაძე, 2017) პირველ რიგში სწორედ ეს იქცევს ყურადღებას, რადგან ბრეხტისგან განსხვავებით, რომლის „კავკასიურ ცარცის წრეშიც“ მთხრობელი მოხსენიებულია პერსონაჟთა ნუსხაში. აქ მსგავსი რამ არ გვხვდება, მაგრამ ნარატორის ხმა მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

            რაც შეეხება სასცენო მითითებებს, ისინი იმდენად მწირია, რომ  მათი დაკონკრეტება შეუძლებელია
ს. დ. ზ. ანუ სპეციალური დახურული ზონა.(ბუღაძე 2017)

თუნდაც ეს მაგალითი მოწმობს, რომ დრამატურგი განგებ  არიდებს თავს ისეთ მითითებებს, როგორიც სასცენო მხატვრობას შეეხება. მკითხველს არანაირ ინფორმაციას არ აძლევს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება ეს ადგილი.  

            პიესაში  ქორო თითქმის უფუნქციო და აბსტრაქტულია, სავარაუდოა, რომ სასცენო პირობებში მის ფუნქციას მაყურებელი ითავსებს, რომელიც მუდამ დუმს.

სპეციალურ ზონაში ყოფნის მიუხედავად, ცოლი {მედეა} მუდმივ ცოცხალ კავშირშია ქოროსთან – საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ნაწილთან, რომელსაც თითქმის ყოველწამიერად აბარებს ანგარიშს. ეს, ცხადია, სიტყვიერი (მედია) კომუნიკაციაა, რომელიც ქმედით იარაღად ქცეულა ცოლის {მედეას} ხელში.“  (ბუღაძე 2017) ეს ციტატა მკითხველს მიანიშნებს, რომ ქოროსთან კომუნიკაცია პერსონაჟს ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია, შესაბამისად ქორო არ შეიძლება იყოს ცალკეული სასცენო ელემენტი, რომელიც სცენის ფარგლებს გარკვეულ მომენტებში ტოვებს.

ასევე ყურადღებას იქცევს სცენათა თანმიმდევრობის დანომვრა, რომელიც მოცემულ წყაროში პლუსითა და მინუსით აღინიშნება, რაც ასევე კონვენციური კლასიკური დრამისათვის დამახასიათებელ სტროფსა და ანტისტროფს შეგვიძლია შევადაროთ.

            „ანტიმედეაში“ ჭარბობს პერსონაჟთა შინაგანი განცდები, რომლებსაც ზოგიერთ შემთხვევაში  დიალოგის, ზოგჯერ კი მონოლოგის სახით ვხვდებით. ამ მხრივ  ძალიან საინტერესოა კრეონის მონოლოგი, ქოროსმიმართ, რომელშიც იგი პირდაპირ და შელამაზების გარეშე გადმოსცემს თავის სათქმელს. იგი დაუფარავად ამბობს ყველაფერს რასაც ფიქრობს.“ შიშით არ უნდა ვუყურო ვიღაც ჭკუისკოლოფ ლაწირაკებს, ვიღაც მატრაკვეცა ბიჭ-ბუჭებს, რომ შენიშვნა არ მომცენ: აბა, ასე ნუ ამბობ, ასე ლაპარაკი არ შეიძლება! ნუ ხარ უზრდელი! ვინ ხარ შენ, მე რომ ჭკუას მასწავლი?! რა გიცხოვრია? რა გინახავს? როგორც მინდა, ისე ვილაპარაკებ, მორჩა!.. აი, კაცი… იქით – ტროტუარზე… გამარჯობა! ხელს ვუქნევ… მიღიმის… რა ფერია? თქვენ გეკითხებით… აი, მაღაზიასთან რომ დგას… შავი კანი აქვს, არა? შავია, ფაქტია… დალტონიზმით კი არ ვარ დაავადებული… მაგრამ ზანგია, მეგობრებო! ზანგო, გამარჯობა! აი, ვუძახი… მესალმება, ხედავთ? სალამი, ზანგო, ხომ?! ჩვენ მტრები არ ვართ… შესაბამისად, არ წყინს ეს ზანგი… „(ბუღაძე, 2017). იმდენად რამდენადაც ქორო მეტწილად ამორფულ მასად აღიქმება, რომელიც პერსონაჟთან უშუალო კონტაქტში არ შედის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მონოლოგი, შინაგანი მონოლოგის ნიშნებს ატარებს.

            ამის საპირისპიროდ, კლასიკური დრამიდან ბუღაძე სესხულობს პრინციპს, რომლის დროსაც სცენაზე მოქმედი პერსონაჟების რაოდენობა არასოდეს აღემატება სამს.

            ბრეხტის თეატრზე საუბრისას  შტეერის სტატიაში გაჟღერებული აზრი, რომ გარდა შინაგანი განცდებისა ეპიკურ თეატრში პერსონაჟი საზოგადოების მსხვერპლიცაა და ამავდროულად თავისივე არჩევანით უპირისპირდება გარემოს, ფაქტობრივად განსხეულებულია  „ანტიმედეაში“ ფრაზით, როდესაც პერსონაჟი ამბობს: „მე-contra სახელმწიფო“ (ბუღაძე, 2017)   ეს მომენტი თავიდან ბოლომდე უსვამს ხაზს   შტეერის  სტატიაში მოხმობილ აზრს, რომ ბრეხტი ერთისმხრივ ემიჯნება  არისტოტელეს და ამავდროულად კლასიკური თეატრისაგან  საზოგადოების წინააღმდეგ მოძრავ მსხვერპლს იყენებს. (შტეერი 1968)

            იმდენად რამდენადაც, პიესა ექვემდებარება ინტერპრეტაციას, რთული სათქმელია ვინ განიცდის კათარზისს, მაგრამ  „ანტიმედეაში“ კლასიკური დრამის საკმაოდ ბევრი ელემენტია გამოყენებული, ისევე როგორც  ეპიკურობისა.

            პიესის ძირითადი ნაწილი აგებულია იმგვარ მონოლოგებსა თუ დიალოგებზე, რომლებიც ერთი მხრივ დიალოგის მეორე მხარეს (პერსონაჟი ან/და ქორო) მიემართება, მეორე მხრივ კი  თავად პერსონაჟს.   ასევე შევხვდებით იმგვარ მეორად ტექსტს, სადაც საუბარია უშუალოდ პერსონაჟის განწყობა-მდგომარეობაზე.“ მამასთან {კრეონთან) ლაპარაკის შემდეგ ქალიშვილი (გლაუკე) იმ სახლში მიდის, სადაც შეყვარებულთან ერთად ცხოვრობს ბოლო ექვსი თვეა, მაგრამ შეყვარებული თუ საქმრო {იასონი} იქ არ უხვდება. ქალიშვილმა {გლაუკემ} ზუსტად იცის, რომ სანერვიულო არაფერი აქვს, თუმცა აქაური სიცარიელე მაინც აფორიაქებს. მამასთან {კრეონთან} ჩხუბის გამო სინდისის ქენჯნა მას შემდეგ დაეწყება, როცა საქმრო {იასონი} დაბრუნდება – მანამდე მასზე იფიქრებს.“ (ბუღაძე, 2017)

ამგვარი მეორადი ტექსტი კლასიკური ბერძნული დრამისთვის დამახასიათებელი არ არის.   პიესის სტრუქტურის ამგვარი სახე სწორედ ისაა, რაც  კონკრეტულ პიესას დრამატურგიული თვალსაზრისით საინტერესოს ხდის.  პიესის მეორადი ტექსტი იმითაც გამოირჩევა, რომ მასში არ არის დროისა და სივრცის დამაზუსტებელი გარემოებები, რაც პიესას სრულად განაზოგადებს.

                                   

„ანტიმედეა“  როგორც ნებისმიერი სხვა პიესა არის არამხოლოდ შინაარსი, არამედ დრამატურგიული სტრუქტურაც. თუ ბრეხტი ცალსახად ემიჯნებოდა არისტოტელეს, ლაშა ბუღაძე გამიზნულად  განალაგებს სტრუქტურას ისე, რომ მასში თანაბარი ძალით არის ერთი მხრივ  კლასიკური, მეორე მხრივ კი ეპიკური ჟანრის მახასიათებლები.  ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ავტორი ცდილობს გააკეთოს ის, რაზეც ჰეგელი და შემდგომ უკვე შტეერი საუბრობდნენ ეპიკური და კლასიკური დრამა შეურწყას ერთმანეთს, ოღონდ არა ისე როგორც ამას ბრეხტი აკეთებდა, არამედ გაცხადებულად.   შინაარსობრივი თვალსაზრისითაც და  ფორმითაც ეს პიესა ერთის მხრივ კლასიკურია, რადგან მასში არსებული პრობლემები საზოგადოებისათვის მუდმივად აქტუალურია და მეორე მხრივ ეპიკურიც, რადგან ადამიანები აღარ განიხილებიან ცნებებად და მათი პიროვნება მნიშვნელოვანია. ბუღაძემ შეიძლება ითქვას ბრეხტის კარტი გახსნა და ღიად შეურწყა ერთმანეთს ეპიკური ჟანრი და კონვენციური დრამა.

           

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: