ამის იქით..

ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას აქვს მომენტი, როცა ჰგონია რომ ამის იქით აღარაფერია. ცოტათი ირონიულია, რომ გამოცდაზე ბორხესის “ალეფი” შემხვდა იმიტომ რომ ალეფის იქითაც არაფერია. სულ მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ რაღაცნაირად მაინც ბედნიერი და იღბლიანი ადამიანი ვარ და მერე უცებ ისეთი რამ მოხდება ხოლმე ან ისეთი ბევრი რამ, რომ მგონია ამის იქით აღარაფერია და ბორხესის არ იყოს მეც აღარაფერი გამაკვირვებს.
იმ კატეგორიის ადამიანებს განვეკუთვნები, ვინც რაც უფრო რთული პერიოდი აქვს უფრო მეტად შემოქმედებითად აზროვნებს, მაგრამ ამჯერად შემოქმედებითობამაც მიმატოვა და დიდი სიცარიელე დამრჩა. ამ წამს თითქოს მარცხენა თვალზე გირები მკიდია, გუშინ, სულ ორ წუთში შეიძლებოდა ყველაფერი დამთავრებულიყო და ამ ამბებსაც ვერ მოგიყვებოდით. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ჩემმა სხეულმა მოკლე ჩართვა მოაწყო, უარი თქვა მუშაობაზე. დაახლოებით სამი თვე გაუჩერებელი უზღვავი სტრესის ფონზე უბრალოდ გაჩერდა.
ამ სამ თვეში მგონი ყველაფერს შევეჩვიე, ადამიანის ყველა ჰიპოსტასთან ურთიერთობას, ბავშვებთან, დიდებთან, მკვდრებთან…… რომ ამბობენ ხოლმე ადამიანი რამდენს უძლებსო, ყველაზე მეტად ახლა დავფიქრდი რამდენის გაძლება ატანა და გადატანა გიწევს ადამიანს, და ბოლოს ისევ ადამიანად უნდა დარჩე.
აი მე არ ვიცი, დავრჩი ადამიანად? ამ ქაოსიდან თავი დავაღწიე თუ ეს შეუძლებელია? რამე არსებობს რაც ჯერ არ შემმთხვევია? იქნებ ადამიანობას სწორედ მაშინ კარგავ როცა აღარაფერი გიკვირს? ხშირად მიფიქრია ფსიქოთერაპევტთან სიარულზე და მერე მუდამ გადამაქვს ხოლმე გონების რომელიღაც კუთხეში, მაგრამ ამ ზაფხულმა და გუშინდელმა დღემ დამარწმუნა, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება.
ერთადერთი რაც აბსოლუტურად გამართულად მიმუშავებს გონებაა. გუშინ იმ რაღაც წამებით, როცა ვიფიქრე რომ გარანტირებულად ინსულტი მემართებოდა მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ თუ ტვინის ფუნქციაც დაირღვევა აღარ დავრჩები და ამიტომ სიკვდილი ჯობია. სიგარეტისთვისაც თავის დანებება მომიწია, იმიტომ რომ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ სტრესით, გადაღლილობით და უჟანგბადობით გამოწვეული თავის ტკივილისგან გონებას ვკარგავ.. ერთხელაც შეიძლება გონს აღარ მოვიდე და განა ამით სამყაროში რამე შეიცვლება, მაგრამ ბოლო სამ თვეში იმდენი რამე და ვინმე დავკარგე, პირადად ჩემთვის რა ჯობია არ ვიცი, შეიძლება უკეთესიც იყოს რომ აღარ გავიღვიძო..