შიგთავსზე გადასვლა

მილან კუნდერა-ყოფის აუტანელი სიმსუბუქე


დილამშვიდობის…  მილან კუნდერას ეს წიგნი ორჯერ წაკითხვის შემდეგაც ისეთივე არაორდინარულია ჩემთვის, როგორც პირველად.  მოდით ცოტახნით  პოლიტიკა გვერდით გადავდოთ და ადამიანებს დავაკვირდეთ. ტომაშს, ტერეზას, საბინას…

მათი ცხოვრება თავიდან ბოლომდე შემთხვევითობების წყებაა. მაგალითად, ტომაშისა და ტერეზას შეხვედრას  კუნდერა ექვს შემთხვევითობას უკავშირებს. მე თუ მკითხავთ მთლიანად ცხოვრება შედგება შემთხვევითობებისგან, უბრალოდ ზოგიერთი მათგანი ჩვენზე ზემოქმედებს ზოგი კი არა. მე შემეძლო მეთქვა, რომ  ეს შემთხვევითობები რაღაცას ცვლის ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ  კუნდერა თავის წიგნში ნიცშესეულ მარადიული გამეორების, მარადიული დაბრუნების მითს უტრიალებს და სწორედ აქ დგება ეგზისტენციალური საკითხი. მაშ ვინ იღებს გადაწყვეტილებას? ის რასაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვეძახით რაციონალური არგუმენტირებული ქმედებაა თუ რაღაც ძალით მართული შემთხვევითობა?

როგორც ყოველთვის აქაც ბინალურ ოპოზიციებამდე მივდივართ.  რაც უფრო დიდია ყოფის სიმძიმე, მით უფრო ახლოა  ადამიანის ცხოვრება მიწიერთან.   ჩვენში, პოეტურად უყვართ ხოლმე იმის თქმა, რომ   სიყვარული ადამიანს ამსუბუქებს თუ რაღაც ასეთი. კუნდერა გულწრფელი კაცია და ზუსტად იცის რომ სიყვარულიც, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი ტვირთია ადამიანისთვის. საქმე ის არის, ეს ტვირთი ნეგატიურია თუ პოზიტიური.  ტერეზას სიყვარული ტომაშის მიმართ ტვირთია ტერეზასთვის და ტვირთია ტომაშისთვისაც. უფრო გასამარტივებლად, უნდა ითქვას რომ სიყვარული ორმაგი ცნებაა. კუნდერა ამბობს რომ მე რომ შენ მიყვარხარ ჩემი ტვირთია და შენ რომ ვიღაცას ამ (შემთხვევაში მე) უყვარხარ შენი ტვირთია.

რასაკვირველია, ტომაშს უყვარს ტერეზა მაგრამ მას ასევე უყვარს თავისი ცხოვრება ტერეზას გარეშე, საბინასთან და სხვებთან… სრული ბედნიერებისთვის, მას ორივე სჭირდება.  საბინა და ტერეზა ორი აბსოლუტურად განსხვავებული ქალია.  საბინა ისაა, როგორ ქალებსაც ჩვენ ძლიერებს ვუწოდებთ, თავისუფლებს… ტერეზას მიმართ კი ტომაშს ისეთივე დამოკიდებულება აქვს როგორც პატარა ბავშვის მიმართ, რომელიც მუდმივ ზრუნვას საჭიროებს.  თავდაპირველად მეც, როგორც მკითხველს დაახლოებით ეს შთაბეჭდილება მქონდა, მაგრამ სადღაც წიგნის შუაში ხვდები, რომ ერთმნიშვნელოვნად სუსტი ტერეზა ვერანაირად ვერ იქნება.  მოთმინებას რომ თავი დავანებოთ, სწორედ მას ეყო ძალა საჭირო დროს წასულიყო ტომაშის ცხოვრებიდან. ეს ასე ხდება ხოლმე…  ზოგჯერ ადამიანი მარტო უნდა დატოვო. იქიდან გამომდინარე, რომ  ტერეზასთან დაბრუნება ტომაშის გადაწყვეტილება იყო შემიძლია ვივარაუდო, რომ მას სჭირდება ტერეზა, როგორც საკუთარი სტაბილური მე და ის ვერასოდეს შეძლებდა ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, რაც ტერეზამ გააკეთა.

კუნდერა იმასაც კარგად გვაჩვენებს, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში სტაბილურობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ტერეზას ტომაშისგან სწორედ ეს სტაბილურობის განცდა აკლია. ტომაშისთვის კი პირიქით სწორედ ტერეზასთან ძილი (და არა სექსი) ასოცირდება სტაბილურობასთანაც და სიყვარულთანაც.

ამ რომანში, ადამიანები თითქოს  გააშიშვლა კუნდერამ. აღმოჩნდა, რომ ჩვენ მუდამ რაღაცაზე ვართ მიბმული, რაც რადიკალური ცვლილების საშუალებას არ გვაძლევს. რასაც გავურბივართ იმასვე ვუბრუნდებით. სამშობლოს, სიყვარულს, დედას… ალბათ რომანის დასასრული ტრივიალური იქნებოდა, “და გარდაიცვალნენ ისინი ერთ დღეს”  რომ არა ის ფაქტი, რომ  მათი ცხოვრება ასეთი მიჯაჭვული იყო ერთმანეთზე, ისეთი მიჯაჭვული, რომ ცალ-ცალკე სიკვდილიც არ შეეძლოთ.

ისინი მუდამ რაღაცას წყვეტდნენ… დარჩენას, წასვლას, ხმის ამოღებას, გაჩუმებას…..რეალურად კი “ჩვენ არასოდეს ვიცით ჩვენი გადაწყვეტილება სწორია თუ არა, რადგან  ერთხელ ვცხოვრობთ და არ გაგვაჩნია წინარე გამოცდილება, რომელსაც ახლანდელთან შევადარებთ და დასკვნას გამოვიტანთ.”

ეს ჩემი სიტყვები არ არის, კუნდერას სიტყვებია. უბრალოდ, ალბათ ვერასოდეს შევძლებდი უკეთესად მეთქვა ის, როგორი ჩაკეტილია სინამდვილეში ადამიანის ცხოვრება, მუდმივ ოპოზიციებს შორის მარტო დარჩენილი…  მაღალ ხელოვნებასა და კიჩს, უპირობო მიღებასა და  დინების საპირისპიროდ ცურვას, წასვლასა და დაბრუნებას შორის…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: