სადაც ადამიანია, იქ მუსიკაა
პირველად იყო ბგერა…
რატომ გავიღვიძე ასე შემოქმედებითად არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ადამიანი ძალიან უბედური იქნებოდა, ხელოვნება რომ არ არსებობდეს. მე თუ მკითხავთ ლიტერატურის ანუ სიტყვის თანაფარდი რა არის ამ სამყაროში გეტყვით რომ მუსიკა. არ მახსოვს სად გავიგონე, რომ მუსიკა ბადებს გრძნობებს, რომლებიც სამყაროში არ არსებობს…..
ჩემი მოკრძალებული აზრით, თუ ადამიანს ღმერთის არა სწამს ბახის air უნდა მოასმენინო. ნიჭი, რაც უნდა რაციონალურად გამოიყურებოდეს, თუ ის ნამდვილია, ყოველთვის გარწმუნებს, რომ არსებობს რაღაც, რასაც ადამიანის გონება ვერ ახსნის. ნოტების კომბინაცია როგორც არ უნდა დააწყო, საბოლოოდ ყოველთვის რაღაც მეტაფიზიკური ერთეული განსაზღვრავს იმას, რა გამოვა.
მუსიკა ალბათ ერთადერთი რამაა რაც პირდაპირ გადის ემოციაზე. ტყუილი არ არის, როცა ამბობენ, რომ მუსიკოსი მხოლოდ ინსტრუმენტთან შეხებისას ცოცხლდებაო. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ძალიან ბევრჯერ.. მახსოვს ერთი ძალიან ცნობილი ქართველი მუსიკოსი შეუძლოდ გახდა და უკვე ვფიქრობდით რომ საღამო ჩაიშლებოდა, მაგრამ დაიწყო თუ არა დაკვრა ჩვენს თვალწინ პირდაპირი გაგებით ახალი სუნთქვა გაეხსნა.
ბგერას ადამიანის გაცოცხლება შეუძლია, დედას გეფიცებით ასე მწამს. მიუხედავად ჩემი ასაკისა უკვე წლებია ჯაზსა და კლასიკურ მუსიკას ვუსმენ და მეუბნებიან ჯერ შენთვის ადრეაო, მაგრამ თუ ადამიანი ბახის, ჰენდელის ან შუბერტის მოსმენისას სამყაროს ვერ გრძნობ, მაშინ არ ვიცი…
ამბობენ ოცდამეერთე საუკუნის ადამიანს, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის ეშინიაო. მუსიკა კი ზუსტადაც საკუთარ თავთან გვაბრუნებს ამიტომ არის, რომ ვცდილობთ მინიმალიზმამდე ჩამოვიყვანოთ, უსარგებლო ჟღერადობებით დავტვირთოთ რომ ბევრი ჩაღრმავების საშუალება არ მოგვცეს. სინამდვილეში მუსიკა ერთადერთი ხელოვნების დარგია, რომელიც რაც უნდა ფართო გავრცელებისა იყოს, მაინც მხოლოდ შენია. ერთსა და იმავე მუსიკას ადამიანები სხვადასხვანაირად უსმენენ. ის რაც მე მესმის, შენ არ გესმის და პირიქით. ეს იმიტომ, რომ მუსიკას შეუძლია საკუთარ თავში დაგაბრუნოს და გამოგზაუროს. არა სხვაში, არამედ საკუთარ თავში. გახსოვთ რა ეწერა აპოლონის ტაძრის კედელზე? “შეიცან თავი შენი” იმიტომ, რომ სამყაროს შეცნობა თუ გინდა, საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო…..