შიგთავსზე გადასვლა

შავი ჭირი- მე და კამიუ ვფიქრობთ

literbloging-la peste- albert camus

დილა მშვიდობისა.  არ გაგიკვირდებათ და ძალიან დიდი ხანია კამიუს შავ ჭირზე მინდა დავწერო და ხელები უკან მრჩება 😀 მართალია  შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით ძალიანაც აქტუალურია და ძალიან ხშირადაც იძებნება ინტერნეტში, მაგრამ რატომღაც არ მინდოდა უარესად დამეძაბეთ.

რომანი მთლიანად ალეგორიულია. ერთნი ამბობენ მასში ფაშიზმი იგულისხმებაო, მეორენი სხვა რამეებს ამბობენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამტკიცებ, რომ ალეგორია იმითაა ზუსტად განსაკუთრებული, რომ შეგიძლია მასში ყველაფერი ერთად იგულისხმო. მე და თქვენ რომ კამიუს დროს გვეცხოვრა ალბათ ჩვენც ფაშიზმს ვიგულისხმებდით, მაგრამ  დღეს ეს წიგნი იმიტომაც იბრუნებს აქტუალობას, რომ მასში ნებისმიერი გლობალური საფრთხე შეიძლება მოიაზრო, თავად შავი წირიდან დაწყებული ომით გაგრძელებული და დღევანდელი  კორონა ვირუსით დამთავრებული. ნებისმიერ შემთხვევაში საქმე გლობალურ საფრთხესთან გვაქვს და მნიშვნელობა არ აქვს ეს ამბავი ჩრდილოეთ ალჟირის ქალაქ ორანის მაგალითზე ხდება, თუ სადმე სხვაგან.

რომანის და ჩემს მთელ ყურადღებას ის იქცევს, როგორ იცვლება ადამიანების ცნობიერება გლობალურ საფრთხესთან შეხებისას. ირონიული იქნება ვირთხებისა და ღამურების პარალელი რომ გავავლო. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები  სიკვდილის საფრთხის წინაშე, მაშინ როდესაც  იცვლიან ყოველდღიურ ქცევის წესს და გარემოსგან ზეწოლას განიცდიან, თითქოს შიშვლდებიან და  ნამდვილ სახეს გამოაჩენენ ხოლმე.

როგორც ამბობენ ადამიანი ჭირში გამოიცდება. ზოგი ამ ჭირით ხელის მოთბობას ცდილობს, ზოგი ბრძოლის წინა ხაზზეა, ზოგი კი საერთოდ ინდიფერენტულია მანამ, სანამ საფრთხე კარზე არ მიუკაკუნებს.  კამიუ აბსურდისტია, ამიტომ ყოველ მის ნაწარმოებს, მცირე იქნება თუ შედარებით დიდი ზომის ძალიან ხაზგასმით ეტყობა განცდა, რომ სინამდვილეში ნებისმიერი  ბრძოლა მოცემულობასთან უსუსური მცდელობაა. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც თავს ვიკავებდი ამ რომანზე საუბრისგან, სწორედ ეს იყო. არანაირი სურვილი არ მაქვს  ადამიანებს იმედი დავაკარგვინო.

ის რაც ორანში ხდება, დღეს ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის. მშვიდობიანობის დროს, როცა ისტორიული კატასტროფისგან მაგალითად ომისგან  ან ეპიდემიისგან საუკუნეები გაშორებს,  ძალიან ადვილია საუბარი. დღეს კი ასე ადვილი აღარ არის. როცა რიე ფიქრობდა რომ სინამვილეში ეპიდემიის დამარცხებაში სასიხარულო არაფერია, იმიტომ რომ ის მხოლოდ დროებით იხევს უკან, ალბათ ერთადერთი არ ვიყავი, ვისაც  გაახსენდა გამოთქმა, ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო.

დღეს ჩვენი ექიმები ამბობენ, რომ ნელ-ნელა პაიკით ლაზიერში გასვლისკენ მივიწევთ. კამიუს თუ დავუჯერებთ, ფართო გაგებით ბრძოლას აზრი არ აქვს, მაგრამ ბრძოლას აზრი აქვს იმისთვის, რომ კიდევ ცოტა ხანს,  გადარჩე, ახალ გამოწვევამდე მერე იქაც თუ იბრძოლებ, შეიძლება იქაც გადარჩე, მაგრამ  ცხოვრება ფილმია, რომლის დასაწყისი და ფინალიც არასოდეს იცვლება, მთავარი ყოველთვის მიმდინარეობაა, სანამ ფინალი დადგება, ოღონდ ფინალი აუცილებლად ისეთივე იქნება, როგორც სხვებისა.

წეღან ჭადრაკი ვახსენე და ახლა, ამას რომ ვწერ თან რომა რცხილაძის სიმღერა, “ჭადრაკის დაფა” გამახსენდა, სადაც ადრე თუ გვიან მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან, მთავარია პარტია გაიყვანო ბოლომდე. არც ძალიან სწრაფად და არც უსაშველოდ ნელა.

წიგნში კიდევ ერთი რამაა, რასაც ყურადღება თუ არ დავუთმე, ისე ამ ნაწარმოებზე საუბარს ვერ დავასრულებ.  როდესაც ტრაგედია დიდხანს გრძელდება,  ადამიანი ამ ტრაგედიას ეჩვევა და შეიძლება ერთ დღეს აღმოაჩინოს, რომ  სიკვდილის მიმართ ინდიფერენტულია. ყველაზე საშიში მასობრივ საფრთხეებში სწორედ ეს არის. როდესაც ექიმი რიე ხარ და სიკვდილს ყოველ დღე ხელით ეხები, მერე შეიძლება შენივე პირადი ტრაგედია ვეღარ განიცადო, ემოციური მოყირჭების გამო. იმის გამო, რომ  შენთვის ეს ყოველდღიურობად იქცა.

მთლად პესიმისტურად რომ არ დავასრულო, ერთ რამეს დავამატებ.  გულწრფელად მჯერა, რომ რა წამსაც ეს ყველაფერი დამთავრდება, მეორე დღიდან  რაღაც ახალი დაიწყება. რა თქმა უნდა, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, მაგრამ მჯერა რომ მიუხედავად იმისა, რომ ფინალს ვერ ავცდებით, იქ, სადღაც შორეულ მომავალში, მაინც ღირს რომ რაც შეიძლება ლამაზი პარტია ვითამაშოთ ჩვენს წილ საჭადრაკო დაფაზე, კამიუს დიდი ბოდიში, მაგრამ თუ დავიბადეთ, ესე იგი აქვს აზრი. რადგან დავიწყეთ, ესე იგი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ,  სანამ შეგვიძლია.

ტრამვაი ფეისბუქზე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: