შიგთავსზე გადასვლა

მეფის პასუხი

ირაკლი ჩარკვიანი

გუშინ ინტერნეტში ქექვისას ირაკლი ჩარკვიანის  ძველისძველ ინტერვიუს წავაწყდი. სიმართლე გითხრათ, ირაკლის მოსმენა მისი სიკვდილის შემდეგ დავიწყე, მაგრამ ასაკი ისეთი მაქვს, რომ ვერც გამამტყუნებთ. ინტერვიუში ამბობდა, რომ  როცა ხელოვანი ხარ შენთვის საზღვრები ყველა გაგებით პირობითია, ამიტომ არ არსებობს რაღაც რის თქმასაც ვერ შეძლებ, ოღონდ  ეს რაღაც პირველ რიგში შენ უნდა გაწუხებდეს.

პრინციპში ამაში ახალი არაფერია. რეაქტიული კლუბის ჩამოყალიბებაც, თუ ირაკლის დავუჯერებთ, სწორედ რეაქცია იყო იმაზე, რაც მაშინ ხდებოდა  საქართველოში. ახლა შეიძლება ძალიან ტრივიალურად ჟღერს რასაც ვამბობ, მაგრამ მას შემდეგ, რაც უშუქობაში, უგაზობასა და საყოველთაო არეულობაში კუსტარულ სტუდიებსა თუ ყოველგვარი კომფორტისაგან დაცლილ სარეპეტიციოებში შექმნილი მუსიკის დრო წარსულს ჩაბარდა, უკვე ლეგიტიმური კითხვა ჩნდება, რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ მათ ვინც მუსიკას ან პოეზიას ემსახურება რეალური სათქმელი გამოელიათ? კრიზისი ასტიმულირებს შემოქმედებას?

ძალიან უხეშად რომ ვთქვა, ეს დაახლოებით იმას გავს, როცა საჭმელი არ გაქვს და ძალიან გშია, მაგრამ საკმარისია მაცივარი გაივსო, შიმშილის გრძნობა გიქრება…  მე არ მჯერა, რომ მაშინ უფრო ნიჭიერი ხალხი იყო ვიდრე ახლა, შეიძლება უფრო გამბედავები იყვნენ, მაგრამ  ნიჭიერება როგორც ფენომენი ვერ გაქრებოდა.  ამის თქმის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ მე როგორც იღბლიანი ადამიანი ისეთ ნიჭიერ ადამიანებთან მოვხვდი, რომ ხშირად მიფიქრია, ალბათ ერთი ცხოვრება ღირს მათი მუსიკის, პოეზიისა და ზოგადად შემოქმედების სიახლოვეს რომ მოგიწიოს ჩავლა-მეთქი.

ისინი დღესაც არიან ჩვენ შორის, მაგრამ  არიან ძალიან ჩუმად, თავისთვის, და მხოლოდ ძალიან გულით თუ გინდა მაშინ შეიძლება იპოვო, იმიტომ რომ  ჩვენს საზოგადოებაში დიდი ხელოვნების ადგილი არ არის.  ამაზე პირველად არ ვწუწუნებ და ხშირად მომისმენია, რომ ხალხს ფული არა აქვს.  მაშინ მე მაინტერესებს, ვის ჰქონდა 80-90-იანებში ფული? და ვისაც ფული ჰქონდა ისინი დადიოდნენ ირაკლის და მისი მეგობრების კონცერტებზე? მიჭირს  დაჯერება.   ირაკლი 2004 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შემოქმედება დატოვა, არა როგორც პოეტმა,  კლასიკური გაგებით, არამედ  სიტყვის მთქმელმა.  შეგვიძლია ბევრ რამეზე ბევრი ვიკამათოთ, მაგრამ ის რომ ირაკლიმ რაღაც ისეთი შექმნა, რამაც წლების შემდეგ უფრო დიდი ფასი დაიდო ფაქტია.

ძალიან ცოტა ხნის წინ კოტე ყუბანეიშვილის ინტერვიუც ვნახე, სადაც ირაკლიზე მეტად არასასიამოვნო კონტექსტში ისაუბრა და სიმართლე ვთქვა, ცოტა გაკვირვებულთან ერთად ნაწყენიც დავრჩი. ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, ნიჭიერი რომ არ იყოს საშინელი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.  არ აქვს მნიშვნელობა ირაკლი იქნება თუ სხვა, ბოღმა რომ გახრჩობს კაცს პირში უნდა უთხრა და არა მაშინ, როცა მას პასუხის გაცემა აღარ შეუძლია.

და, აი აქ არის დიდი მაგრამ,  როდესაც პროექტ “ჩემი წიგნის” გამარჯვებულად ირაკლი ჩარკვიანის “მშვიდი ცურვა” დასახელდა სიმართლე რომ ვთქვა ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მერე უცებ მივხვდი. ეს იყო თაობის პოზიცია, რომ ის იდეა, რომელიც ირაკლიმ დატოვა, თაობისთვის, რომელსაც ის სცენაზე შეიძლება არც უნდახავს ცოცხალია. და გავა დრო და არავის ემახსოვრება  ს.ნ. რომელმაც იქ სადღაც რომელიღაც სცენაზე საოპერო ვარსკვლავთან ერთად იმღერა. ემახსოვრებათ მხოლოდ ის, რომ ვიღაცამ სადღაც პატარა ქალაქ თბილისში  რომელიღაც ჩაბნელებული, გაყინული დარბაზის სცენაზე თქვა:

ჩვენ განშორებას,როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს,
და ტელეანძა როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს.
დრო იტყვის ყველაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა,
თქვენ იზამთ ყელაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ,რომ ვქნა!
და ჩემგან დარჩენილ,დაფლეთილ ათას ტომს,
ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ ომს,
ჩვენ მოვიგებთ ომს!
 * *  *
ინანებთ მერე, ასი წლის შემდეგ,
თუ არ იქნება უკვე გვიანი რომ,
თქვენ უყვარდით და პატივს გცემდათ
ნაცნობი თქვენი, ი. ჩარკვიანი...


ტრამვაი ფეისბუქზე
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: