შიგთავსზე გადასვლა

გუშინდელი ამბის გაგრძელება

027d1a147f79f4bd386125d505e77a34გუშინ დავწერე ამბავი იმაზე, როგორ მომიწია მოთხრობის დაწერა დავალებით და იმასაც შეგპირდით გამოვაქვეყნებ-მეთქი.    წინა პოსტში  ისიც ვთქვი რომ დედაჩემი ძალიან განერვიულდა ამის წაკითხვისას და  მოთხრობა ჩემი ფსიქოტრამვების ბუდედ წარმოიდგინა.

რეალურად სიტუაცია ასეთი იყო: ლექტორმა მოგვცა აუგუსტო მონტეროსოს ერთწინადადებიანი მოთხრობა “როდესაც მან გაიღვიძა, დინოზავრი ისევ იქ იყო” და ამაზე უნდა აგვეგო მთელი მოთხრობა. ძალიან დიდხანს რომ ვიფიქრე ესეც იცით. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ხასიათები პერსონაჟები და განვითარება გამართული და დამაჯერებელი ყოფილიყო, მათ შორის ეს დინოზავრიც და ვორდის ფაილი რომ გავხსენი, დედას გეფიცებით, არ ვიცოდი რა გამომივიდოდა. აგერ ბატონო მოთხრობა და თქვენ თვითონ მითხარით ჰგავს თუ არა  ფსიქოთერაპევტის პაციენტის ნაწერს. პ.ს. გასაგებია, რომ ოდნავ გულუბრყვილოდ შეიძლება მოგეჩვენოთ, ისე უმაღლესი შეფასება მივიღე.

 

f31df7b4759679f4a5b78699bfa179ff

ამბობენ, დინოზავრები ადამის მოდგმამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდნენო. იმასაც დააყოლებენ ხოლმე, ეს უზარმაზარი ცხოველები ხომ დიდი ხნის წინ გადაშენდნენო.

თქვენ გინახავთ დინოზავრი? აი, პატარა ნიკო კი მას ყოველდღე ხედავს.

ნიკო ძალიან პატარაა. ისეთი პატარაა, რომ  ოთახში მდგარ მაგიდას მხოლოდ ნიკაპამდე წვდება.  ნიკო ობოლია.  იმ  სახლში, სადაც ნიკო იზრდება, ბევრი მისნაირი ბავშვია. ზოგს დედა არ ყავს, ზოგს მამა, ზოგი კი საერთოდაც მარტოა, სულ მარტო.

ნიკომ  იცის, რომ  ზოგიერთი ბავშვი შაბათ-კვირას, ზოგი კი სხვა დღეებშიც, სასეირნოდ დადის, ცირკში, ზოოპარკში… აი ისეთში, სათამაშო ოთახის კედელზე რომ ხატია.

იმ კედელზე ვეფხვი, ლომი და მაიმუნია გამოსახული. იქ კიდევ არის სხვა კედელი, რომელზეც დიდი, დიდზე დიდი ცხოველია გამოსახული. რაღაცით ხვლიკს ჰგავს ოღონდ ნიკოს რომ ჰკითხოთ ასჯერ უფრო დიდია. აღმზრდელი ამბობს, მაგას დინოზავრი ჰქვიაო.

ნიკოს ისიც აქვს გაგონილი, რომ დინოზავრები მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ და მერე გადაშენდნენ.

_გადაშენდნენ რა არი?_ჰკითხა ერთხელ  თავისზე რამდენიმე წლით უფროს გიორგის.

_ რა არი  და, აი სხვა პლანეტაზე გადავიდნენ საცხოვრებლად.

_სხვა პლანეტაზე…. ეგ როგორ?

_აი ჩვენ ხო აქ ვცხოვრობთ, ისინი კიდე სხვაგან, სხვა პლანეტაზე, გაიგე?

_ოო, ცოტათი…_უკმაყოფილოდ გაიქნია თავი ნიკომ.

_ რა ვერ გაიგე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ,  აქ ესენი არ არიან..  მთელი ქვეყანა რომ მოიარო ვერსად ვერ შეხვდები. არ არიან-მეთქი!-გაწიწმატდა გიორგი.

_ოოოფ… მატყუებ..

_კიი აბა…!  გაიცინა გიორგიმ.

_მე ვნახე…

_ნახე არა ისა…

_ვნახე, ვნახე!_დაიჟინა ნიკომ.

_ დინოზავრები აქ არ ცხოვრობენ!

_ ალბათ მოდიან….

_არაფერიც!  იცოდე ნინო დეიდას ვეტყვი რომ ტყუილებს ამბობ!  _ ნიკოს ტირილი მოუნდა. „მართლა ვნახე“_ ჩაილაპარაკა და კუთხისკენ შეტრიალდა.

 

 

ნიკოს არ ახსოვდა პირველად როდის დაინახა დინოზავრი, მაგრამ იცოდა, რომ ის სწორედ მაშინ მოდის, როდესაც ნიკო  ძალიან მოწყენილია. მოწყენილი კი იმიტომ არის, რომ  იცის, სხვა თანატოლები შაბათ-კვირას სახლში მიდიან. ყველა არა, მხოლოდ ზოგი. იქ მათ დედა ყავთ, ზოგს მამა ან ბებია. პატარა ნიკო ყველა დედას, მამას და ბებიას სახეზე ცნობს. ზუსტად იცის, რომელი დედა რომელ მის მეგობარს მოაკითხავს. ამიტომ, როცა  უცხო სახეს დაინახავს მან ზუსტად იცის, რომ  ეს აუცილებლად მისი დედა იქნება.

ხშირად წარმოიდგენს ხოლმე რა ხდება, როცა მისი მეგობრები  თავიანთ სახლებში არიან.  ყველა არა, მხოლოდ ზოგი.  გარეთ რომ გადიან.   მაღაზიაში, ან ეზოში ან საქანელების პარკში. ის კი აინტერესებს, ეს საქანელები გარეთაც ისეთია, როგორიც ბავშვთასახლის ეზოში თუ სხვანაირი.

სიმართლე ითქვას, ნიკოს აქ დიდად არ უჭირდა. როცა სხვები თამაშობდნენ ის დეიდა ნინოს ჩამოუჯდებოდა და  ამბებს ისმენდა.  დეიდა ნინომ ისეთი ამბები იცოდა, რაც სხვამ არავინ. ნიკოც არასოდეს იღლებოდა მათი მოსმენით.  ზოგჯერ იმასაც ფიქრობდა, დედასთან რომ ეცხოვრა როგორი იქნებოდა და ამ ფიქრებში ყოველთვის დეიდა ნინოს წარმოიდგენდა ხოლმე.

ერთ-ერთი ასეთი ამბის მოსმენისას ნიკომ დეიდა ნინოს უთხრა:

_მე დინოზავრი ვნახე და გიორგის არ ჯერა. _დეიდა ნინო ნიკოს ნათქვამს ყოველთვის ყურადღებით  ეკიდებოდა.
_დინოზავრი სად ნახე?

_იქ._ საძინებლისკენ გაიშვირა ნიკომ პატარა ხელი.

_სხვებმაც ნახეს?_ჰკითხა ქალმა და თამაშით გართულ ბავშვებს მოავლო თვალი.

_ნწ… მაგათ სძინავთ ხოლმე.

_ხოლმე?  შენ რა დინოზავრს ხშირად ხედავ?

_ღამე, როცა გამეღვიძება და მარტო ვარ.

_ მაშ ბავშვები სად არიან როცა შენ დინოზავრს ხედავ?

_ სძიიინააავთ!_ გამღერებით გაიმეორა ნიკომ.

_ნიკო, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ, ხომ იცი დინოზავრები….

_ხო, სხვა პლანეტაზე გადავიდნენ საცხოვრებლად.

_ეგ ვინ გითხრა?

_გიორგიმ…

_ნუ გეშინია, დინოზავრები აქ არ არიან…

_მოდიან ხოლმე,  ჩემთან მოდიან… როცა მარტო ვარ და მერე მიდიან.

_გეშინია?

_…

_ნუ გეშინია, მე ხომ აქ ვარ, დინოზავრები შენ ვერ მოგეკარებიან. მიდი, ბავშვებთან ითამაშე _უთხრა დეიდა ნინომ და სირცხვილისგან აღუებულ ლოყაზე თბილი ხელი მოუსვა.

 

იმ დღის შემდეგ დინოზავრი აღარ გამოჩენილა. ნიკოს თითქმის გადაავიწყდა ეს ამბავი. ხანდახან კი გაახსენდებოდა ხოლმე, მაგრამ ისიც ახსოვდა, რომ დეიდა ნინო აქ იყო და დინოზავრები ნიკოს ვერ მიეკარებოდნენ. არადა მანამდე, სულ იმის შიში ჰქონდა თავიანთ პლანეტაზე არ წამიყვანონო. ახლა უკვე იცოდა, რომ დეიდა ნინო არსადაც არ გაუშვებდა და თუ საჭირო გახდებოდა, აქეთ შეაშინებდა დინოზავრებს.

ერთი ჩვეულებრივ დღეს, როცა ნიკო ეზოში თამაშობდა უცებ მასთან ანანომ მიირბინა.

„წამო, წამო, შიგნით შევიდეთ“_უთხრა ანანომ და მაჯაზე ჩაებღაუჭა.

„ოოო, გამიშვი რააა!“- შეუბღვირა ნიკომ

„წაამოო, გვეძახიან“-გაჯიუტდა ანანო. ნიკოც იძულებით დაემორჩილა.  ბავშვები  ყველა მხრიდან გამორბოდნენ და   შესასვლელ კართან იყრიდნენ თავს, სადაც დეიდა ნინო იდგა და  საქმიანად ითვლიდა: „ოცდათოთხმეტი… ოცდათხუთმეტი… ოცდათექვსმეტი“ ბოლოს ნიკო და ანანოც მიათვალა და შიგნით შევიდნენ.  დეიდა ნინომ ბავშვებს სთხოვა სკამებზე დამსხდარიყვნენ და თვითონ ოთახიდან გავიდა.  ნიკოც თავის ადგილას მოკალათდა და ანანოს გაბრაზებულმა დაუწყო ყურება, აქაოდა, თამაში როგორ შემაწყვეტინეო.

უცებ ოთახის ბოლოში ჩხუბი ატყდა,  ბავშვები ადგილებიდან წამოიშალნენ გიორგი შოთიკოს პირდაპირ საყელოში ჩააფრინდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ქაჩავდა. ამასობაში დეიდა ნინოც დაბრუნდა და გაოცებულმა ხმამაღლა დაიძახა:

_რა ხდება?!_ უცებ ხმაური შეწყდა და ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა. ისე გაისუსნენ ვერც იფიქრებდით რომ წუთის წინ ოთახში ალიაქოთი იყო. დეიდა ნინოს უკან უფროსი აღმზრდელი მოჰყვა და კიდევ ვიღაც ქალი. ბავშვები კიდევ უფრო დაიძაბნენ.

_ბავშვებო, ერთმანეთს ნუ ურტყამთ, ეს უმსგავსო საქციელია._თქვა ნინო დეიდამ.

_უმსგავსო რა არი?_ იკითხა ვიღაცამ შუა რიგიდან.

_როცა ადამიანი ისე იქცევა, რომ თანატოლებს და უფროსებს გულს ტკენს._მშვიდად უპასუხა დეიდა ნინომ._ მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და როცა რომელიმე თქვენგანი ცუდად იქცევა გული მტკივა. იცოდეთ, რომ გავიგო, რომ ერთმანეთს ცუდად ექცევით, გული ძალიან მეტკინება. ხვალიდან  დეიდა თინა იზრუნებს თქვენზე და იცოდეთ მე ყველაფერს გავიგებ, როგორ იქცევით, როგორ  ესაუბრებით ერთმანეთს და უფროსებს.

_აღარ მოხვალთ?_თვალები გაუფართოვდა შოთიკოს.

_მოვალ ხოლმე, ხშირად, გპირდებით!_ გაიღიმა დეიდა ნინომ. ოთახის მეორე ბოლოში ვიღაცამ ტირილი მორთო. შოთიკო და გიორგი ადგიებიდან წამოხტნენ დეიდა ნინოსთან მიირბინეს და თან იფიცებოდნენ გვაპატიეთ, ოღონდ არ წახვიდეთ და პირობას ვდებთ სიცოცხლეში აღარ ვიჩხუბებთო. ოთახი არეულობამ მოიცვა ბავშვები ახმაურდნენ ზოგი ტიროდა, ზოგი დეიდა ნინოს კაბაზე ეჭიდებოდა ნიკო არ განძრეულა. ხმაგაკმენდილი იჯდა და ყელში მოწოლილ ბურთს ებრძოდა. უფროსი აღმზრდელი მკაცრი, საქმიანი გამომეტყველებით ათვალიერებდა მთელ ამ აურზაურს, ახალ აღმზრდელს სახე აწითლებოდა და რაღაცას ებუტბუტებოდა კოლეგას.

როცა ყველაფერი მიწყნარდა ნიკო სკამიდან წამოიზლაზნა და საძინებლისკენ ნელი, დაბნეული ნაბიჯით წავიდა.

_ნიკო!_დაუძახა დეიდა ნინომ._მოდი ჩემთან._ნიკო უსიტყვოდ დაემორჩილა.

_შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ? არ მოიწყინო, გპირდები აუცილებლად მოვალ ხოლმე.

ნიკო, ჭკვიანად მოიქეცი, დეიდა თინიკოს ყველაფერი გაუგონე და გპირდები, როცა მოვალ საჩუქრებს მოგიტან კარგი?_ დეიდა ნინომ ბავშვს ორივე ლოყაზე აკოცა. ნიკომ თავი გაითავისუფლა თუ არა მაშინვე ოთახისკენ გაიქცა და იქ დაიმალა.

მთელი დღე ასე იჯდა. საჭმლისთვის პირი არ დაუკარებია. ხან რბილად სთხოვეს, ხან მკაცრად, მაგრამ ყურს არ იბერტყავდა. ბოლოს ოთახიდან გამოსვლა აუკრძალეს და მაშინ ნიკოს ტირილი აუვარდა ჩუმად ტიროდა გაბმით. როცა დაძინების დრო მოვიდა, აღმზრდელმა კიდევ ერთხელ შემოიხედა ოთახში უკვე ყველა თავის საწოლში იწვა.

ნიკოს საბანი ჰქონდა თავზე გადაფარებული და კედლისკენ მიყუჟულიყო. გვიანობამდე ასე იწვა.  ტიროდა. ჩაეძინა.

შუაღამისას სიცხემ აუწია, გამოეღვიძა, და როცა გამოეღვიძა, დინოზავრი ისევ იქ იყო. დიდი, ძალიან დიდი დინოზავრი პირდაპირ სახეში შესცქეროდა. ნიკო სიცხისგან იწვოდა. მერე გაახსენდა, რომ დინოზავრები სწორედ მაშინ მოდიოდნენ, როდესაც ნიკო სრულიად მარტო იყო. საბანში ჩამალული ოთხად მოიკეცა და გაბმული ტირილი ამოუშვა…

ტრამვაი ფეისბუქზე

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: