შიგთავსზე გადასვლა

ხელოვნება ზუსტი მეცნიერება არ არის

92f041911d1ed7581e49d3859c60ae8a

ერთმა ჩემმა მეგობარმა რეჟისორმა პირადი საუბრის დროს მითხრა, ბევრი შენნაირი მაყურებელი რომ მყავდეს ავშენდებოდიო. მაშინ  ცხრამეტი წლის ყვინჩილა ბავშვი ვიყავი და  ძალიან გაოცებულმა შევხედე, მეც და ისინიც ხომ ერთ და იმავე სპეკტაკლს ვუყურებთ და რას ვერ ხედავენ-მეთქი. ძალიან გრძელი საუბარი გამოგვივიდა და დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები, იმას კი ვიტყვი, რომ საბოლოოდ დავასკვენი, რომ ხელოვნება,  მათემატიკასავით, ზუსტი მეცნიერება არ არის.   რამდენი მკითხველიცაა იმდენი აზრიაო ხომ გაგიგონიათ. ჰოდა ეს მხოლოდ ლიტერატურას არ ეხება. ასეა კინოშიც, თეატრშიც და მხატვრობაშიც.

რამდენიც არ უნდა ვწერო გნებავთ წიგნებზე, გნებავთ ფილმებზე, საერთო შეთანხმებამდე, რა როგორ უნდა გავიგოთ, ვერ მივალთ ვერასოდეს.  მე შემეძლო დავმჯდარიყავი და მეცნიერული ტერმინებით გამეტენა აქაურობა და რაღაც თეორიები მემტკიცებინა. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად ბლოგის შექმნის იდეა სწორედ ის იყო, რომ სამოყვარულო დონეს გავცილებოდი და თუ რამე მისწავლია ყველაფერი გამეზიარებინა ადამიანებისთვის, მაგრამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ  ამას აზრი არ აქვს. ქვეყანაზე კაცი არ არის ობიექტური და საბოლოოდ რაც უნდა დავწერო, რომელი თეორიითაც არ უნდა გავამყარო, მაინც საკუთარი სუბიექტური ხედვიდან გამოვმდინარეობ მსჯელობაში და ამიტომ ის, რომ ვიღაც არ მეთანხმება არ არის გასაკვირი. მე სხვა რამ მაკვირვებს, ხშირად მსმენია რომ თურმე მე აბსოლუტური ჭეშმარიტებები უნდა ვგაგილაპარაკო ბლოგზე და თან ამას მიმტკიცებენ ისინი, ვისაც კონკრეტულ სფეროში ისეთივე სუბიექტური მოსაზრებები აქვთ როგორც მე. ეს დაახლოებით იმას გავს, რომ დავსხდეთ და ვიდაოთ რომელიმე დონ კიხოტეს სახეში სერვანტესმა ქრისტე “იგულისხმა” თუ არა.  რადგან სერვანტესი რუსთაველისა არ იყოს მკვდარია და ვერ ვკითხავთ და ვერ შევჩივლებთ, არამგონია ეს დავის საკითხი იყოს.  რამდენი მკითხველიც არსებობს იმდენივეა რეცეფციაც.

ჰოდა ამ ჩემმა რეჟისორმა მეგობარმაც  ეს მითხრა მაშინ. როცა ჩემი მაყურებელი მხატვარია, ის ამ სპეკტაკლს  ფერებად და ფორმებად აღიქვამს, როცა  დრამატურგი მიყურებს გადაწყვეტები და მოქმედების გადანაწილება ადარდებს, როცა შენ მიყურებ მუსიკას ამბავს და მოძრაობას ხედავ და რა გასაკვირია რომ ყველას თქვენ თქვენი აზრი გაქვთო.

ვისაც თავის დღეში ერთი სერიოზული რეცენზია მაინც დაუწერია, მე მაგალითად სამ სხვადასხვა სფეროში მომიწია ამის გაკეთება იმიტომ რომ ცალკე კურსზე ვსწავლობდით ამის ხელობას, დამეთანხმება რომ ნებისმიერი რეცენზენტი საკუთარი ხედვის წერტილიდან გამომდინარე და კონტექსტის გათვალისწინებით წერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ ნაწარმოებზე (არ აქვს მნიშვნელობა ეს ლიტერატურა იქნება კინო თუ სხვა) ერთი რეცენზიაც საკმარისი იქნებოდა და  კრიტიკოსები არ დახოცავდნენ ერთმანეთს კამათში.

მახსოვს ერთხელ საშინლად უარყოფითი რეცენზია დაიწერა ჩემი ერთ-ერთი ლექტორის თარგმანზე. რასაკვირველია ეს ჩემი არჩევანი იყო ავტორს დავეთანხმებოდი თუ არა, მაგრამ უნდა გენახათ როგორ კბილებით იცავდნენ თავისი სტუდენტ-კოლეგები. ისინი ვინც იმავე ვიწრო სპეციალობას წარმოადგენდნენ, რასაც თვითონ მთარგმნელი.  ის კი ყველას დაავიწყდა, რომ ადამიანს აქვს გემოვნება, რომელიც მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში ყალიბდება და როგორც მარკ ტვენი ამბობს, გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო სცემენ და ურტყამენ ერთმანეთს.

მაგალითად მე, ვფიქრობ რომ ენა განვითარებადია და არ შეიძლება კონსტანტინე გამსახურდიასა და ვინმე  ოცდამეერთე საუკუნის ა. ჭ. -ის თარგმანი ერთმანეთს ჰგავდეს. ბევრი ამ საქმეშიც, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეში კონსერვატორია და იმ “წმინდა ქართული” ენის დამცველია რომლითაც უწინ ლაპარაკობდნენ. იდექი ახლა შენ და ედავე.

ჩემი ერთი უფროსი კოლეგა-მეგობარი ამბობს, ჰუმანიტარებს ყველაზე მეტად იმაში გვიჭირს, რომ ჩვენი არგუმენტაცია ცდის მეშვეობით არ მტკიცდება და რწმუნებაზე დგასო. ამის მაგალითად ის მოიყვანა, რომ  პოსტმოდერნიზმმა პოეზია ფორმის ამარა დატოვა, ოღონდ ფორმის არა ბგერწერის, არამედ  სტრიქონების გადანაწილების ხარჯზეო. ჰოდა აღმოჩნდა, რომ ერთმა ღვთისნიერმა კაცმა, რომლის სახელსაც ახლა ვერაფრით ვიხსენებ, აიღო და ლექსის ფორმით მოთხრობა დაწერა და მაგ თეორიას გადაუარაო.  გამოდის რომ ვსხედვართ და ბამბას ვარჩევთ.

კონკრეტულ ნაწარმოებში იმისდა მიხედვით, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ინტერესის საგანი, შეიძლება დავაკვირდე ფორმას ან შინაარსს და თქვენ სრული უფლება გაქვთ მომედაოთ, უბრალოდ ეს მაინც ჩემი არჩევანი იქნება და არა ობიექტური ჭეშმარიტება. წყალგამყოფი იმაშია, რა ინსტრუმენტებით მიმოვიხილავ მე ან ერთს ან მეორეს. ინტერპრეტაციის ელემენტი ერთ-რთია,  იმ სხვა მნიშვნელოვან ელემენტებს შორის რაც  ხელოვნებას აქცევს ხელოვნებად აბა როცა ყველაფერი ნათელი და თვალსაჩინოა იქ რაზე შეიძლება ილაპარაკო, არ მესმის….

ამიტომაც ადამიანები და მათშორის მეც, ვწერთ და ვსაუბრობთ იმას რასაც ვფიქრობთ. როგორც კი ხელოვნება საჯარო ხდება ის თითოეულ რეციფიენტზეა დამოკიდებული და არა ავტორზე. ყველაფერს ჩარჩოში ვერ მოაქცევ ადამიანი. სხვათა შორის,  ნებისმიერ ჩემს კოლეგას რომელიც ჩემზე უფრო გამოცდილი და კომპეტენტურია, რომ ჰკითხოთ ვინ ხარ მეცნიერი თუ მკვლევარიო, გიპასუხებენ რომ მკვლევარი, რადგან ჩვენ საკითხს ვიკვლევთ, მეცნიერები კიდევ ცდებს ატარებენ და ცდას ინტერპრეტაციული ნაწილი არ გააჩნია. ლიტერატურული ტრამვაი ფეისბუქზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: