შიგთავსზე გადასვლა

ნათლიმამა

The_Godfather

საერთოდ ფილმებს ორ ნაწილად ვყოფ. არსებობს ფილმები, რომლებსაც უნდა უყურო და არსებობს ფილმები, რომლებსაც არა მხოლოდ უნდა უყურო, არამედ უნდა უსმინო კიდეც. ფრენსის ფორდ კოპოლას “ნათლია” ამ მხრივ, მეორე კატეგორიას განეკუთვნება. საერთოდ დიალოგებზე ორიენტირება ეგრეთწოდებულ ინტერიერის კინოს ახასიათებს. ინტერიერის კინო, არის ის, როდესაც ფილმის ძირითადი მოქმედება ხდება არა გარეთ, სადაც უფრო მეტი მანევრირების საშუალებაა, არამედ დახურულ სივრცეში. ეს შეიძლება იყოს სახლი, ლიფტი, მანქანა, ან სხვა. ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, რომ “ნათლიას” ძირითადი მოქმედება, სწორედ დახურულ სივრცეში მიმდინარეობს ხოლმე, განსაკუთრებით, პირველ ნაწილში, რომელზეც ახლა ვსაუბრობ.

ფილმი იწყება დონ ვიტო კორლეონეს კაბინეტის სცენით მისი ქალიშვილის ქორწილის დღეს. მასთან მოდიან ადამიანები სხვადასხვა თხოვნით და ისიც, როგორც ნამდვილი სიცილიელი, საკუთარი ქალიშვილის ქორწილის დღეს თხოვნაზე უარს ვერავის ეტყვის. ეს მენტალური მახასიათებელი თავიდანვე ხაზგასმულია ფილმში. ერთ-ერთი პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, განგებ შერჩეული სამხრეთ იტალიური ჰაბიტუსია, რომლითაც გამოირჩევიან ამ ფილმის პერსონაჟები, გარდა მაიკლისა, სონისა და ტომ ჰაიგენისა, რომელიც ისედაც გერმანელ-ირლანდიელია.

პირველ სცენაში ირკვევა, რომ დონ ვიტო დამკრძალავი ბიუროს მეპატრონე ბონასერას უნდა დაეხმაროს მის შვილზე თავდასხმაში მონაწილე არამზადების დასჯაში. ისიც ირკვევა, რომ ბონასერამ უკვე მიმართა სასამართლოს, როგორც ჭეშმარიტმა ამერიკის მოქალაქემ მაგრამ სასჯელი თანაზომიერი არ აღმოჩნდა და სწორედ აქ შემოდის პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება კანონსა და სამართლიანობას შორის, საიდანაც ჩვენ ვიგებთ, რომ რეჟისორს გადაწყვეტილი აქვს მთელი ფილმი ამ დიქოტომიაზე ააგოს. ჩვენ ვიგებთ, რომ დონ ვიტო თავის ქმედებებში ძალიან გაწონასწორებულია, როდესაც ბონასერა დამნაშავეების სიკვდილს ითხოვს, დონ ვიტოს პოზიცია ასეთია, რომ თუ ბონასერას შვილი ცოცხალია, მაშინ დამნაშავეების მკვლელობა უსამართლობა იქნება. აქვე ჩანს მეგობრობის დონ ვიტოსეული გაგება. ის ბონასერას ზომიერად ამუნათებს რადგან ეს უკანასკნელი თავიდანვე არ მივიდა კორლეონეებთან, ასეთ შემთხვევაში მისი მტრები კორლეონეების მტრებიც გახდებოდნენ. დონ ვიტოსთვის მეგობრობა ორმხრივი ცნებაა. ის მუდამ ითხოვს გაცემულის უკან დაბრუნებას და არასოდესაა მისი გაკეთებული სიკეთე ალტრუისტული ნაბიჯი. მაგრამ ოდნავ მოგვიანებით იმასაც შევიტყობთ, რომ დონ ვიტო საპასუხოდ მხოლოდ იმას ითხოვს, რაც ადამიანს შეუძლია.

მოდით აქ უცებ იმასაც გეტყვით, რომ ეს არ გახლავთ რომანის კლასიკური ეკრანიზაცია, როგორებსაც ჩვენ აქამდე ვიცნობდით. თავდაპირველად პარამაუნთმა მარიო კლერის (პიუზოს) სცენარი დაუკვეთა ამ ფილმისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწერა წიგნი. ამიტომ მისი მხატვრული ღირებულება დაბალია. მიუხედავად იმ სიამოვნებისა, რა სიამოვნებასაც ეს წიგნი გვანიჭებს, ეს გახლავთ კინო დაწერილი წიგნად და არა პირიქით. რაც იმას გულისხმობს, რომ უშუალოდ მოქმედებასთან კავშირში არმყოფი დეტალები მთლიანად გამოტოვებულია. ვისაც რეჟისურასთან ან სცენარის წერასთან უშუალო კავშირი ჰქონია, უცბად მიხვდება რას ვამბობ. მოდით ვისაც სახლში გაქვთ ეს წიგნი, ჩახედეთ და ნახავთ, რომ თავისუფლად შეიძლება ამ წიგნის სცენებად დაშლას, მოთხრობილი და სათხრობი დრო თითქმის მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. ამას სინქრონულ თხრობას ვუწოდებთ ხოლმე. ანუ მოქმედება მიმდინარეობს ზუსტად იმ დროის შუალედში, რა დროშიც ჩვენ ამ წიგნს ვკითხულობთ. ასეთობა ახასიათებთ სცენარებსაც. ამ ყველაფრის ფონზე, წიგნში თითქმის არ არის მხატვრული ხერხები გარდა იმისა, რაც უშუალოდ პორტრეტულ აღწერას უკავშირდება.

ფილმს რომ მივუბრუნდეთ, ჩვენ ვნახავთ, რომ დონ კორლეონე სამართლიანობის პრინციპით ყველგან ხელმძღვანელობს, მაგრამ რეჟისორის მიზანს, რომ კორლეონეების მიმართ მაყურებლის სიმპათია გამოიწვიოს, ისიც ამყარებს, რომ დონ კორლეონე არ არის ისეთი ბიზნესით დაკავებული რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. სწორედ ამ მოტივით ამბობს ის უარს სოლოცოსთან და შესაბამისად ტატალიას ოჯახთან გარიგებაზე. აქ ისიც კარგად ჩანს, რომ თავისთავად მაფიის სამყარო დაუნდობელია და მონსტრებით არის სავსე, მაგრამ კორლეონეს ოჯახის მიმართ ჩვენი სიმოათიები იმით ნარჩუნდება, რომ დონ ვიტო როგორც ბრძენი მოხუცი მუდამ ახერხებს მეტი და ნაკლები ბოროტების პირობებში ნაკლების არჩევას.

მაიკლი დასაწყისში ოჯახის ნაწილი არ არის. ამიტომ მას სერიოზულადაც არავინ აღიქვამს, მაგრამ სათითაოდ ყველა დეტალზე რომ არ შევჩერდე, თუნდაც იმაში, რომ სანტინოს სულსწრაფობა, რომელმაც სოლოცოს მიანიშნა, რომ მოხუცი რომ არა, სონი თანახმა იქნებოდა გარიგებაზე, ტრიგერი იყო ომის დაწყებისთვის კარგად ჩანს, რომ ასეთ საქმეებში აჩქარება სიკვდილის ტოლფასია, რაც მაიკლს და სონის მკვეთრად განასხვავებს ერთმანეთისგან.

მე თუ მკითხავთ, მაიკლის როგორც პერსონაჟის აღმასვლა მაშინ იწყება, როცა ის საავადმყოფოში მამამისს პალატას უცვლის და ამით მის სიცოცხლეს იხსნის. შესაბამისად ჩანს, მისი სწრაფი რეაგირების უნარი და მოხერხებულობა. სონი კი სწრაფად მაგრამ დაუფიქრებლად მოქმედებს. რაც შეეხება კარლოს, რომელიც კონის ქმარია, მაგრამ ოჯახის ბიზნესში არ ახედებენ თავისთავად როგორც პერსონაჟს, მნიშვნელობა არ აქვს, ის უბრალო პაიკია, მაგრამ მასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ჩანს სანტინოსა და მაიკლს შორის განსხვავება. როცა სანტინო კარლოს სახალხოდ სცემს ეს ბრაზის გამოვლინებაა მაგრამ ამით, ის დროს აძლევს კარლოს საპასუხო დარტყმისთვის, მაიკლს კი შეუძლია შესაფერის მომენტს დაელოდოს და უბრალოდ, უსისხლოდ მოიშოროს თავიდან მოწინააღმდეგე. ნათლობის სცენა ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ ფილმში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მაიკლი ამით ალიბის იქმნის და კარლოს სიმშვიდისკენ უბიძგებს, მაგრამ მეორე მხრივ სწრაფი მონტაჟის მეშვეობით ამის გადმოცემა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ერთის მხრივ კონის და კარლოს ბავშვის და მეორეს მხრივ მაიკლის როგორც დონის ნათლობაა.

ოდნავ უკან თუ გადავახვევთ ორი მნიშვნელოვანი სცენის გახსენება შეგვიძლია, ერთი როდესაც დონ კორლეონე შეხვდება ხუთი ოჯახის დონებს და იქ კიდევ ერთხელ ჩანს როგორ ემიჯნება ის ისეთ ბიზნესებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება. აქ დონი პირობას დებს, რომ ის არ იქნება ის ადამიანი, ვინც პირველი დაარღვევს მშვიდობას. აქ ჩანს რომ ვიტო კორლეონე სიტყვას ყოველთვის ასრულებს, იმიტომ რომ მან იცის როგორ შეარჩიოს სიტყვა. მშვიდობა ხომ მას არ დაურღვევია, მაიკლმა დაარღვია, მაგრამ დონ კორლეონემ მაიკლს დრო მისცა. ამ სცენის შემდეგ მაყურებლის თვალში, კორლეონეების ოჯახის მიმართ ემპათია კიდევ უფრო იზრდება. მეორე სცენა არის ის, როდესაც მაიკლი და ქეი ხვდებიან სამი წლის შემდეგ პირველად ერთმანეთს. იქ საუბარია იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაიკლს არ უნდოდა მამამისის ბიზნესში მონაწილეობის მიღება, მაინც მოუწია. აქ ჩანს რადიკალური განსხვავება მაიკლის თავდაპირველ სახესა და საბოლოო სახეს შორის. მაიკლი რომელიც მამამისის მეთოდებს ძალადობად აღიქვამდა ახლა ამ ყველაფერს უბრალოდ ბიზნესის ნაწილად აღიქვამს. როცა ქეი ამბობს, რომ სენატორები და პრეზიდენტები ხალხს არ ხოცავენ მაიკლი მას გულუბრყვილოს უწოდებს. მაიკლისთვის ეს ყველაფერი უკვე არა ძალადობა არამედ ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია. ეს კორლეონეების ოჯახს უკვე როგორც არა მაფიოზებს, არამედ როგორც უბრალოდ ძალაუფლების მქონეებს ისე წარმოაჩენს.

ჩვეულებრივი ადამიანის თვალით, ალბათ ყველაზე საყვარელი პერსონაჟი მაინც ტომ ჰაიგენია, რომელსაც ძალიან უნდ, რომ კონსილიერი გახდეს, თუმცა მაიკლი მას საქმიდან იმიტომ ჩამოაცილებს, რომ ტომი ემოციური ადამიანია. მას არ შეუძლია ისეთი პრაგმატული იყოს, როგორც მაიკლი. სინამდვილეში მთელი ეს ფილმი სწორედ იმას უჩვენებს, რომ კორლეონეების ოჯახში ყველანი მონსტრები არიან, სამართლიანები, წინდახედულები, მაგრამ მონსტრები. აი ტომს კი ემოციების გამორთვა არ შეუძლია, ის ამ ოჯახში ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანია. ტესიოს მკვლელობის მომენტი ყველაზე კარგად აჩვენებს ამ ფილმში მაიკლის განვითარებას. ოჯახს, რომელსაც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა, ტესიომ მხოლოდ იმიტომ უღალატა, რომ მაიკლის შესაძლებლობისა არ სჯეროდა. მაიკლისთვის ტესიოს ღალატი და მისი მკვლელობა ბიზნესის ნაწილი იყო, ტომისთვის კი ადამიანური დანაკარგი. ტომი ტესიოს მარყუჟიდან ვერ ჩამოხსნის, არა იმიტომ რომ არ უნდა, უბრალოდ არ შეუძლია იმიტომ, რომ ერთგულია.

პ.ს. ვისაც ამაზე უკეთესი კინომუსიკა სადმე გეგულებათ, რავიცი აბა……….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: