შიგთავსზე გადასვლა

ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი

THE DISCREET CHARM OF THE BOURGEOISIE directed by LUIS BUÑUEL ...

რაც აქამდე კინოზე დამიწერია, ალბათ ლიტერატურასთან ყველაზე ახლოს სწორედ ეს ფილმია. ესპანელი რეჟისორის, ლუის ბუნუელის ფილმი “ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი” ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა გადაატანინო რეციპიენტს, ამ შემთხვევაში მაყურებელს ხოლო ლიტერატურის შემთხვევაში მკითხველს ყურადღება შინაარსიდან ფორმაზე. ფილმში მოთხრობილია მაღალი საზოგადოების ექვსი წარმომადგენლის ამბავი, რომლებიც ერთად იკრიბებიან და სადილობენ, თუმცა ეს სადილობა ჩვეულებრივი არასოდეს არის.

ამ ფილმში ვერ ნახავთ ისეთ სიუჟეტურ განვითარებას როგორიც აქამდე ჩვენთვის იყო ცნობილი, ჯერ კიდევ ძველი ბერძნული დრამიდან. დასაწყისი, კვანძის შეკვრა-განვითარება კატასტროფა, კვანძის გახსნა და კათარზისი. ისიც ცნობილია, რომ სიუჟეტს უნდა ჰქონდეს ყველა ეს მახასიათებელი, მაგრამ არა აუცილებლად ამ თანმიმდევრობით. ასეთ სიუჟეტებს ჩვენ ვიცნობთ. მაგალითად როდესაც ამბის თხრობა იწყება შუიდან რასაც in medias res უწოდებენ. ასეთია ვთქვათ დანტეს “ღვთაებრივი კომედია”, ან ჰომეროსის “ოდისეა” ან სულაც დოსტოევსკის “მოთამაშე” ეს რაც უცებ გამახსენდა, თორემ თანამედროვე ავტორებს რა ჩამოთვლის, ვინც ამ ტექნიკას მიმართავს. რაც შეეხება ფილმებს რომლებიც ამავე სქემით მიმდინარეობს, მაგალითისთვის გაგახსენებთ “მაკულატურას” ან “მულენ რუჟს”…. ბოლოდან დაწყებაში მაინც დეტექტივები ლიდერობენ. როდესაც ფაქტი უკვე მომხდარია და ანალეფსისების ანუ ფლეშბექების საშუალებით ხდება თხრობა ან მოვლენები ამ უკვე დამდგარ შედეგზეა ორიენტირებული. ძალიან რომ არ გავუტიო და არ დაგაბნიოთ “თხრობა” მხოლოდ ლიტერატურას არ მიემართება, ამაში ფილმებიც მოიაზრებიან.

ბუნუელის ამ ფილმში კი მოვლენები გარკვეულწილად წრეზე ბრუნავს. ამიტომ, მე რომ გთხოვოთ შინაარსი მომიყევით-მეთქი, დიდი ალბათობით ძალიან გაგიჭირდებათ. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბუნუელს სწორება შინაარსზე უფრო მეტად, ფორმაზე ჰქონდა. ის ხშირად იყენებს მოქმედების შეწყვეტის ტექნიკას და მოქმედების ალოგიკურ განვითარებას. მაგალითად მაშინ, როცა ეს ექვსი პერსონაჟი რესტორანში აპირებს სადილობას და აღმოაჩენენ, რომ გვერდით ოთახში გვამია და ვიღაც გლოვობს. აქ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბუნუელი ფორმისა და ანტიფორმის შეპირისპირებას ცდილობს, რითაც უნდა, რომ აჩვენოს მათი თანაარსებობის შესაძლებლობა.

ბურჟუაზიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ბუნუელი გვაჩვენებს, როგორი ზედაპირული დამოკიდებულებები აქვთ მათ პერსონაჟებს საგნების მიმართ. მაგალითად, როგორ შეიძლებოდა მოსამსახურეს ვერ ეცნო ხუთი წუთით ადრე ნანახი მღვდელი, რომელსაც მებაღის ფორმა აცვია? ამის თარგმნა შემდეგნაირად არის შესაძლებელი “თუ მღვდელია ანაფორა უნდა ეცვას” იგივე მეორდება, როდესაც ალისი უცხო ქალს, რომელიც მღვდელს ეძებს ეკლესიაში წასვლას ურჩევს და ავიწყდება, რომ მისი მებაღეც მღვდელია.

ფილმში კარგად ჩანს ამ საზოგადოების ნარცისიზმისკენ მიდრეკილებაც. პირველად მაშინ, როცა დონ რაფაელი და დანარჩენები არასწორ დროს მიდიან ალისისა და მონსინიორ სენშალთან ვახშამზე და აღმოჩნდება რომ ვახშამი მეორე დღესაა. მეორედ კი მაშინ როცა მძღოლი სვამს მათთან ერთად მარტინის და დონ რაფაელი ამბობს, რომ ვერანაირი აღზრდა ვერ უზრუნველყოფს ადამიანის მანერებს. დაახლოებით ისე გამოდის, რომ ისინი ასეთი “დახვეწილები” იმიტომ არიან, რომ ასეთებად დაიბადნენ და სხვა ადამიანმა რამდენიც არ უნდა ეცადოს ასეთი ვერ გახდება.

ბუნუელს ხშირად შემოაქვს ფილმში ფიქციური ელემენტები. არ დაგვავიწყდეს, რომ დონ რაფაელ აკოსტა სამხრეთ-ამერიკის კონტინენტზე არსებული გამოგონილი ქვეყნის, მირანდას ელჩია. აუცილებლად უნდა ვთქვა სიზმრებზეც. რომლებიც მთელ ფილმში ყველაზე მეტად საინტერესო იყო ჩემთვის, როგორც ლიტერატუათმცოდნისთვის. ამ სიზმრებში ბუნუელი იყენებს ეგრეთწოდებული ჩინური ყუთის ტექნიკას. ფრანგულად ამას მიზა ა ბიმი ჰქვია. წარმოიდგინეთ დიდი ყუთი რომელშიც თავისთავად კიდევ ერთი ყუთი დევს, უფრო პატარა, ამ პატარაში კიდევ უფრო პატარა და ა.შ. ეს დაახლოებით იმას გავს, ძველად რომ ორფრთიანი სარკეები გვქონდა და ამ სარკეს ოდნავ თუ მოუკეცავდი ფრთას შეგეძლო შენი თავის რამდენიმე ანარეკლი დაგენახა ერთმანეთში. ამ ფილმშიც ასეა, იმიტომ რომ რეალურად ეს სიზმრებიც ისეთივე ნაწილია რეალობისა, როგორც ძირითადი სიუჟეტი. სულ პატარა დეტალსაც მივაქციე ყურადღება, როცა ერთ-ერთ ასეთ სიზმარში სადილის შეწყვეტის მიზეზი ის გახდა, რომ პერსონაჟები სასადილო ოთახიდან სცენაზე აღმოჩნდნენ. ეს ანტიილუზიის კლასიკური მაგალითია, როცა ავტორს მოთხრობილი რეალობიდან გამოჰყავხარ და გახსენებს, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ფიქციაა. ამაზე ხშირად მისაუბრია, მაგალითად “დონ კიხოტეზე” ან გივი მარგველაშვილის მოთხრობებზე საუბრისას. ავტორს გადაყავხარ სხვა ონტოლოგიურ სივრცეში და ამით თავისივე მონათხრობის ილუზიას არღვევს.

დასაწყისში აღვნიშნე, რომ ბუნუელისთვის მნიშვნელოვანია ფორმისა და ანტიფორმის თანაარსებობის მომენტი-მეთქი. ზემოთ მოყვანილი მაგალითი, ჩემი აზრით სწორედ ამას ამტკიცებს. მოდით ისიც ვთქვათ, რომ ლუის ბუნუელი სიურეალისტურ მიმდინარეობას განეკუთვნება, ამიტომ მისი ფილმები დატვირთულია სიურიალიზმისთვის დამახასიათებელი ალოგიკური მიმართებებით. სწორედ ასეთი გახლავთ “ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლიც,” რომელიც თავისი კომიკური, სატირულ-ალოგიკური შინაარსის მიუხედავად, ხაზს უსვამს იმას, რომ ბურჟუაზია ისეთივე ნაწილია ჩვენი რეალობისა, როგორც დანარჩენი კლასები და რომ ფორმა და ანტი-ფორმა ამ სამყაროში ერთდროულად თანაცხოვრობს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: