შიგთავსზე გადასვლა

კრავთა დუმილი

silence_of_the_lambs

“კრავთა დუმილი” ჩემი პირველი ფსიქოლოგიური ტრილერია. მახსოვს, მაშინ ჯეოსელის კინოკლუბი იყო ასეთი ინტერაქტიული პროექტი და ადამიანები კვირის ბოლოს თავისსავე ხმათაუმრავლესობით შერჩეულ ფილმებს უყურებდნენ. ეს ჯერ კიდევ ის დრო იყო, როცა რუსთავი ორის საღამოს ეთერში ხარისხიან ფილმებს აჩვენებდნენ. მაშინ პატარა ვიყავი და შესაბამისად იმხელა ყურადღება ვერ მივაქციე, მაგრამ სულ მქონდა ჩარჩენილი გონებაში, რომ კარგი ფილმია. ეს ალბათ დედაჩემის დამსახურებაა, რომელიც ახლა ფილმებს ნაკლებად უყურებს, ეს საქმე მთლიანად მე გადავიბარე ოჯახში” მაგრამ ზოგადად დედაჩემი ერთ-ერთი პირველია, ვინც ნამდვილი კინემატოგრაფის გემო გამასინჯა. ამაზე ახლაც ხშირად ვხუმრობთ ხოლმე ოჯახში, რომ წესით პატარა ბავშვი ასეთი დასჯილი არ უნდა ვყოფილიყავი რომ მსგავსი და კიდევ უფრო რთული ფილმები იმ ასაკში მენახა, მაგრამ იმაზეც შეთანხმებული ვართ, რომ მიუხედავად ჩემი ბავშვური სახისა, სინამდვილეში წყალწაღებული ბენჟამენ ბატონი ვარ და დაბადებიდან მოხუცი, მრავალჭირნახული გონება დამყვა.

ფილმს რომ მივუბრუნდეთ, განმეორებით უკვე მაშინ ვნახე, როცა უკვე ყველაფერს მშვენივრად ვიაზრებდი და მახსოვს კადრები რომლებიც გონებაში მქონდა ჩარჩენილი, ერთი ეგ იყო, ჰანიბალს, რომელიც ჩვეულებრივი სახელია და მაგალითად სამხრეთამერიკულ ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებულია და კანიბალს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავდი. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. მეორედ ნახვის შემდეგ დავიწყე წიგნის მოძიება და ჩემი ინგლისურის პედაგოგი დალოცოს ღმერთმა ინტერნეტის მესვეურებთან ერთად, საჩქაროდ დავიწყე კითხვა. სხვათა შორის ეს წიგნი ბესტსელერი იყო, მაგრამ არ ვიცი იმის გამო რომ ფილმი უკვე ნანახი მქონდა თუ იმის გამო, რომ ჯონათან დიმმა უფრო კარგად მოახერხა, ან იმის გამო რომ როგორც ჩემი უფროსი კოლეგა ამბობს, თუ წიგნის მიხედვით კარგი ფილმის გადაღება შეიძლება ესე იგი წიგნი არ ვარგაო, მოკლედ მე და თომას ჰარისი ვერ მოვრიგდით ერთმანეთში.

სიმართლე კი ისაა, რომ როგორც პროფაილინგით დაინტერესებულ ადამიანს, ძალიან მომეწონა კლარისის პერსონაჟის წინ წამოწევა, რაც რეჟისორმა გააკეთა. ალბათ ვთანხმდებით იმაზე, რომ ნიჭი და გამბედაობა იარაღია, გააჩნია რომელ მხარეს ემსახურებიან ისინი. ფილმის მიხედვით შესაშურად უკეთ ჩანს, რომ სინამდვილეში ფსიქიატრი ჰანიბალ ლექტერი და პროფაილერი კლარის სტარლინგი ერთი მედლის ორი მხარეა. ბნელისა და ნათელის დიქოტომია. ამის დასაბუთება იმითაც შეიძლება, რომ მათი დიალოგები, ყოველთვის ორმაგი ეფექტისაა. იმდენად რამდენადაც კლერისს ჰყოფნის ძალა არ მისცეს ლექტერს მისი მართვის საშუალება, მას თავისთავად უჩნდება განსაკუთრებული დამოკიდებულება კლერისის მიმართ. ისევე როგორც კლერისის გონებაში ლექტერიც ახერხებს შეღწევას და გარკვეულ მანიპულირებას ოღონდ მხოლოდ ემოციურ დონეზე. ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთზე დამოკიდებული, მაგრამ საპირისპირო მიმართულების ძალებს წარმოადგენენ.

მერე, სადღაც წავიკითხე ჰანიბალ ლექტერი მეფისტოფელის ყველაზე მანიაკალური პორტრეტიაო. თუ გავითვალისწინებთ ენტონი ჰოპკინსის მიერ შექმნილი ლექტერის გარკვეულწილად მომხიბლავ თავაზიან სახეს, რომლითაც ის კლარისს ეცნობა და გავიხსენებთ იმას, რომ მეფისტოფელის არსი ისა, რომ მთლიანად ფაუსტზე იყოს მორგებული და მისთვის იყოს მიმზიდველი, ეს შარმი ჰანიბალ ლექტერშიც შეინიშნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰანიბალ კანიბალი, როგორც მას კლარისი უწოდებს, ამ შარმს მანიპულაციისთვის იყენებს, ისევე როგორც მეფისტოფელი.

იმის დასამტკიცებლად, რომ ეს სეანსები ორმაგი ეფექტისა იყო მოდით ცხვრების ბღავილის საკითხს შევხედოთ. ცხვარი ბიბლიური მსხვერპლია, რომელიც კლარისისთვის ბავშვობის ტრამვის ალეგორიას წარმოადგენს. ის ფიქრობს, რომ თუ ბაფოლო ბილის მორიგ მსხვერპლს იხსნის ცხვრები, რომლებიც მის სიზმარში ბღავიან,საბოლოოდ გაჩუმდებიან, რადგან შეძლებს იმის გამოსყიდვას, რომ მაშინ ვერ უშველა ცხვარს, რომელიც ბღაოდა. ცხვარი ბიბლიაშივე არის სამწყსოს ალეგორიით მოხსენიებული, ხოლო ქრისტე კი როგორც მწყემსი კეთილი, რომელიც მათ წინამძღოლობს. ასევე აქ ფროიდის ხსენებაც უპრიანი მგონია, რადგან ბავშვობის ტრამვებთან და ამ ტრამვების სიზმრისეულ პროექციებთან გვაქვს საქმე. უკვე მეორე დღეა ძია ზიგმუნდის ხსენება მიწევს, მაგრამ ფაქტია, რომ ფსიქოანალიზის გარეშე ამ ფილმში ვერ გადავრჩებით. ის რაც წიგნში უკეთ ჩანს ვიდრე ფილმში, და რასაც ძირითადად ამ ფილმს ედავებიან ხოლმე, სათაურია. სინამდვილეში კრავთა დუმილი სწორედ იმას ნიშნავს, რომ კლარისი გათავისუფლდა და მის სიზმრებში კრავები დადუმდნენ. ეს პირდაპირ შეგვიძლია ჰანიბალ ლექტერს მივაწეროთ, რადგან სწორედ ის იყო კლარისის მთავარი ინფორმატორი ბაფოლო ბილის საქმეში და მისი წყალობით კლარისმა ადამიანი გადაარჩინა. საპირისპიროდ ჰანიბალი, რომელიც ეფ ბი აის აგენტებთან საერთოდ არ საუბრობდა და მისგან ინფორმაციის მიღება არც ერთ აგენტს არ შეეძლო კლარისმა გატეხა. მართალია ეს მისგან დიდ ემოციურ მსხვერპლს მოითხოვდა, მაგრამ ფაქტია რომ კომუნიკაციამ შედეგი მოიტანა. ეს კომუნიკაცია დნმ-ის ორმაგ ჯაჭვს ჰგავს, მაგრამ ძალიან რომ არ დაგაბნიოთ, იმავე სიტყვებით აღვწერ, რა სიტყვებითაც თავად პერსონაჟები მოიხსენიებენ ამ პროცესს quid pro quo რაღაცა რაღაცის სანაცვლოდ.

მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ ყველა წიგნი წასაკითხია და მიუხედავად იმისა, რომ მეც ამ საქმეს ვემსახურები, ვფიქრობ ფილმმა სრულიად სხვა სიმაღლე მისცა ამ ფაბულას, რაც იშვიათად ხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დამეთანხმოს ან არ დამეთანხმოს, მაგრამ ისევე როგორც გუგულის ბუდის შემთხვევაში არსებობენ ადამიანები რომლებმაც კენ კიზის არსებობის შესახებ არაფერი იციან, მაგრამ ჯეკ ნიკოლსონის რენდალ პატრიკ მაკმერფის აღმერთებენ, კიდევ უფრო მეტი მგონია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თომას ჰარისისა არაფერი იცის, ჰოპკინსის შექმნილი ჰანიბალ ლექტერი კი მისი ფავორიტია. აქ ახლა სანამ ლანძღვა წამოვა იმის შესახებ ლიტერატორი ქალი მაგას როგორ იძახიო, აგიხსნით. მოდაშია იმის თქმა, რომ წიგნი ყოველთვის ჯობია ფილმს ოღონდ იმას აღარავინ უკვირდება, რომ სინამდვილეში რომელიმე წიგნის წაკითხვა ჯობია ნებისმიერი ფილმის ყურებას, ანუ ერთი ქმედება შინაარსით უფრო მაღლამდგომია ვიდრე მეორე და არა ის, რომ რომელიმე წიგნს ამ წიგნის ეკრანიზაციამ არ შეიძლება აჯობოს. ჩემი თუ არ გჯერათ ბერჯესის სიტყვები გაიხსენეთ კუბრიკის “მექანიკურ ფორთოხალთან” დაკავშირებით.

პ.ს. ისე, ხელი თუ მიგიწვდებათ, ისიც ქენით და ისიც, მაგას არაფერი ჯობია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: