შიგთავსზე გადასვლა

აპათიის განცდა- მიხაილ ჰანეკეს მეშვიდე კონტინენტი

Der siebente Kontinent (The Seventh Continent), 1989 by Michael Haneke

სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი ამაზე უფრო შესაფერისზე, მაგრამ რთულადასახსნელზე, რაზე უნდა ვისაუბრო. რთულად ასახსნელი კი იმიტომ არის, რომ როგორც მიხაილ ჰანეკეს სჩვევია ისევე ყვება ამბავს, როგორც დოსტოევსკი ლიტერატურაში. ყოველგვარი ახსნა-განმარტებების და წინასწარი ინფორმაციის გარეშე, ამიტომ ერთმნიშვნელოვანი პასუხი იმაზე თუ რისი თქმა უნდოდა ძალიან ძნელია. მიუხედავად ამისა, გავკადნიერდები და ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი “მეშვიდე სამეფოზე” ფილმი მოგვითხრობს საშუალო კლასის ოჯახზე რომელიც სამი წევრისგან შედგება. ქალი და მამაკაცი ბავშვით, ასევე ხანდახან ამ ქალს ძმა და ძმისშვილი ესტუმრებიან ხოლმე თავის შვილთან ერთად.

პირველი ნახევარი საათი რეჟისორი არ აჩვენებს პროტაგონისტების სახეებს, მხოლოდ ძალიან დეტალიზებულ მოქმედებას გაღვიძებიდან საუზმის მომზადებისას ყფეხსაცმელების შეკვრისას და სამსახურში წასვლისას. თავდაპირველად ბავშვის სახე ჩანს, რომელიც მასწავლებელს აშინებს და ამბობს რომ ვეღარაფერს ხედავს. ამ მომენტშიც კი, შეიძლება მაყურებელმა წარმოიდგინოს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ეს ბავშვური ტყუილი იყო, მაგრამ როცა ფილმი დამთავრდება და გონებაში უკან გადაახვევ აღმოაჩენ რომ გარკვეული მიმართება ასეთი ფინალისკენ უკვე არსებობდა.

ფილმი სამ ნაწილად არის გაყოფილი და სამი წლის განმავლობაში მომხდარზე გვიამბობს, თუმცა ყოველი მომდევნო წლის შესახებ რეჟისორი თითქმის ერთი და იმავე კადრებით იწყებს თხრობას, რითაც მიგვითითებს, რომ სინამდვილეში არაფერი იცვლება განსაკუთრებით პირველ ორ შემთხვევაში. ოჯახის სამივე წევრი ისევ ერთსა და იმავე მოქმედებებს ასრულებს ყოველ დღე. გარდა ყოველდღიურობისა სიახლეების შესახებ, რომელიც მათ თავს ხდება მხოლოდ წერილებიდან ვიგებთ, რომლებსაც ისინი ახლობლებს უგზავნიან. პრინციპში საუბარი აქაც ყოველდღიურობაზეა გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც ვიგებთ, რომ გეორგი დააწინაურეს და ახლა განყოფილების უფროსია თავის სამშენებლო კომპანიაში.

სამი წელი და სამი წერილი… ეს უკანასკნელი უკვე მას შემდეგ აღმოაჩინეს რაც ყველაფერი დამთავრდა. ბოლო წერილში გეორგი თავის მშობლებს ემშვიდობება და უხსნის, რომ იმასთან რაც მოხდება მათ არანაირი კავშირი არ აქვთ. მან და მისმა ცოლმა გადაწყვიტეს თავი მოიკლან, თუმცა მიზეზებზე არაფერია ცნობილი. ისინი მიდიან ბანკში, მთელი ფული გამოაქვთ ანგარიშიდან და ტუალეტში ყრიან ამტვრევენ სახლში ყველაფერს, ერთმანეთის მიყოლებით. წერილში წერია რომ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მან და მისმა ცოლმა გადაწყვიტეს თავიანთი პატარა გოგონაც თან “წაიყვანონ”, რადგან გოგონა ძალიან ჭკვიანია და მისთვის სიკვდილის ნებისმიერი ფორმა მისაღებია და განსაკუთრებული განცდები ამ საკითხთან დაკავშირებით არ გააჩნია. სახლში ნივთების მტვრევის სცენა საკმაოდ დიდხანს გრძელდება, გეორგი ამტვრევს აკვარიუმს, რომელშიც მისი შვილის თევზები ცხოვრობდნენ. მიხაილ ჰანეკე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს აქტი პერსონაჟებისკენ არის მიმართული და რასაც გეორგი აკეთებს, იგივე სჭირთ მათ შინაგანად. როდესაც აკვარიუმი იმსხვრევა და თევზები უწყლოდ იტანჯებიან სწორედ ეს არის ბავშვის შინაგანი სამყაროს მსხვრევის ილუსტრაცია.

ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო ის მომენტი, როცა ბავშვი საწამლავს სვავს და ჩვეულებისამებრ, როგორც ყველა დაძინებისას, იმეორებს სიტყვებს “ღმერთო მომეცი გამბედაობა, რომ შეგხვდე. ფილმი რეალურ მოვლენებზეა აგებული, როდესაც ოჯახის სამივე წევრი გარდაცვლილი იპოვეს ახლობლებმა არ დაიჯერეს თვითმკვლელობის ვერსია და მაინც მოითხოვეს გამოძიება, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. ჰანეკე არ გვეუბნება რატომ მოხდა ეს ამბავი. არ პასუხობს შეკითხვებს, რომლებსაც ეს ამბავი აჩენს. უბრალოდ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მას არ უნდოდა ფილმში მოთხრობილი ამბავი რომელიმე ადგილზე ყოფილიყო მიბმული. (ფილმი გადაღებულია ავსტრიაში, ლინცში) ასეთი რამეები ყველგან ხდება. განსაკუთრებით იქ, სადაც საშუალო ფენაც კი ყველაფრით უზრუნველყოფილია.

ჰანეკეს ჯიუტი ხაზგასმა პერსონაჟების ყოველდღიურობაზე, აჩენს განცდას, რომ სწორედ ეს ყოველდღიურობა ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. როცა ისე ხარ გართული ყოველდღიურ ერთფეროვნებაში, როგორც ზაზუნა რგოლში და ეს წრე არც იცვლება და არც მთავრდება. როცა ადამიანს ყველაფერი გაქვს და მოსაპოვებელი ან საოცნებო აღარაფერია. კარგი აი, დაგაწინაურეს, კიდე სადამდე უნდა დაგაწინაურონ?

1989 წელს გადაღებული ეს ფილმი, ახლაც აქტუალური მგონია, სწორედ იმიტომ რომ სამომხმარებლო საზოგადოებაში, რომელიც მუდმივი წინსვლისა და მომხვეჭელობისკენ გიბიძგებს, ყოველთვის არსებობს რაღაც წერტილი რომლის იქითაც ყველაფერი ჩვეულებრივი და სულერთი ხდება ადამიანისთვის. ყოველდღიურობა კი ერთფეროვანი და პროგნოზირებადია. ამას ქართულად ძალიან კარგი სიტყვა ცხოვრების მოყირჭება ჰქვია.

როგორც ვთქვი, ფილმი რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი, მაგრამ გარკვეულწილად რეჟისორი მოტივის ინტერპრეტაციას ახდენს. რეალურ ამბავში, ჩვენ ვერასოდეს ზუსტად ვერ გავიგებთ მოტივს ამიტომ ჰანეკეს ხედვა რამდენად ემთხვევა რეალობას ესეც საკითხავია. როგორც თვითონ ჰანეკე ამბობს, ამ ამბის ერთი ვერსია ის არის, რომ გეორგის პროტოტიპს ვალები ჰქონდა და მას, როგორც რეჟისორს ამგვარი სულელური მოტივები არ აკმაყოფილებს. მართლაც რეჟისორი ახერხებს ისეთი ახსნის მოძებნას, რომელიც ამდენი წლის შემდეგაც კი აქტუალური და სიმართლესთან ახლოსმდგომია. უყურებ სავსებით სტაბილურ სოციალურად ჯანსაღ ოჯახს და წარმოდგენა არ გაქვს ეს ადამიანები რამხელა აპათიის მსხვერპლი არიან. როცა ყველაფრით უზრუნველყოფილი ადამიანის ცხოვრება მექანიკური მოქმედებებით შემოიფარგლება, იწყებ ფიქრს, რომ ველური ავსტრალიის ფოტოპეიზაჟი, რომელიც თავიდან სამარისებურ სიჩუმესთან და სიმშვიდესთან ასოცირდებოდა შეიძლება ყველაზე ნამდვილი სიცოცხლე იყოს, პრინციპში ამ ფილმში როგორც ყველაფერი ესეც მაყურებლის გადასაწყვეტია.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: