შიგთავსზე გადასვლა

სამყარო სამყაროში ანუ იორღოს ლანთიმოსი- ეშვი

Giorgos Lanthimos' Dogtooth » My Cinema | My Entertainment World

სრულიად სუბიექტური და ირაციონალური სიყვარული მაკავშირებს თანამედროვე საბერძნეთთან. ბერძნული მეტყველება რომ მესმის, დაახლოებით ისეთი რეაქცია მაქვს, როგორც ოცდაათი წლის წინ სამშობლოდან გადახვეწილი რომ მშობლიურ ენას გაიგონებ. ამის გამოა, რომ თითქმის ყველა თანამედროვე ბერძენი რეჟისორის ყველა ფილმი ნანახი მაქვს, რაზეც ხელი მიმიწვდა. როცა იორღოს ლანთიმოსის “ეშვი” ვნახე, ეს დაახლოებით ოთხი წლის წინ იყო, სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდა, რომ მიუხედავად ფილმის მდორე ტემპისა, ერთი წუთითაც ვერ მოვწყვიტე თვალი, მაგრამ მოდით ეს ისევ ჩემს ბერძნულ სენტიმენტებს დავაბრალოთ. პირველ რიგში რის გამოც ამ ფილმის განხილვა გადავწყვიტე პროფესიული ინტერესი იყო, რომელიც პირველივე წამებზე იკვეთება, როდესაც პერსონაჟები მაგნიტოფონში უსმენენ სიტყვების განმარტებას ოღონდ ისეთს, რომ არც ერთი სიტყვა მათ რეალურ მნიშვნელობას არ შეესაბამება. თავიდან შეიძლება ვერ გაერკვე სიტუაციაში მაგრამ სუფრის სცენაში, როდესაც პერსონაჟი ამბობს დედა თუ შეიძლება ტელეფონი მომაწოდეო და დედა მარილს აწვდის, ეს შემთხვევით არ ხდება. პირველი თემა სწორედ ეს არის რომ ამ ბავშვების გარემოს აღქმა გარკვეულ ზემოქმედებას განიცდის. ჰო მართლა, ისიც მნიშვნელოვანია, რომ პერსონაჟებს, ერთის გარდა, სახელები არ აქვთ. ის ერთიც, ქრისტინა გარე სამყაროდან არის შემოსული.

მოკლედ რომ ავხსნათ, ეს არის ასოციალური ტიპის ოჯახი, რომელიც ქალაქგარეთ ცხოვრობს და სახლი დიდი ღობით აქვთ შემოსაზღვრული. ამ სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ მამას აქვს. საერთოდ მამა ოჯახის უფროსია და ყველაფერს ის განაგებს. ღობის იქით, გარესამყაროში გასვლა სასტიკად აკრძალულია, ამ წესებს დედა ნებაყოფლობით ბავშვები კი გარდაუვალობის გათვალისწინებით, ემორჩილებიან. საქმე ისაა, რომ საუბარი არც ისე პატარა ბავშვებზეა. ჰუბერტატულ ასაკში ორი და და ერთი ძმა არ იცნობენ საკუთარ სხეულს, არ იციან რეპროდუქციული სისტემის შესახებ. წეღან რომ პერსონაჟი ვახსენე, გარესამყაროდან, ქრისტინაა, რომელსაც ბავშვების მამა ფულს უხდის, რომ მის ვაჟს სექსუალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილოს და მისი ჰორმონები და ლიბიდო მართვადი გახდეს. ბავშვების ქცევაში ნელნელა შეინიშნება დესტრუქციული გადახრები, ძალადობისკენ მიდრეკილება, როგორიც არის კატის მოკვლა ერთმანეთისთვის დაზიანებების მიყენება და ასე შემდეგ. ერთი ასეთი კადრია ფილმში, როდესაც ერთ-ერთი გოგო თოჯინას ჯერ ხელებს აჭრის მერე ფეხებს,თვალებს და თან კივის. ეს ძალადობის ფენომენის მასში არსებობის პირველი გამოვლინებაა, ამას მოყვება შემდეგ მისი ძმის მიერ კატის მკვლელობა და საბოლოოდ ერთი ბავშვი მეორეს აყენებს ფიზიკურ დაზიანებას.

ახლა ვწერ და ვფიქრობ, რა ძნელია როცა პერსონაჟებს სახელები არ აქვთ. თუ არ უყურე რას გაარჩევ რომელი რომელია,მაგრამ ეგ იქით იყოს, ფაქტია, რომ ბავშვებში უკვე შეიმჩნევა დესტრუქციული ნატურა მაგალითად როცა ნატრობენ, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდეს, იმიტომ რომ სათამაშო თვითმფრინავის მოდელის გარდა სხვა სახით საფრენი აპარატი არ უნახავთ და არ იციან რას ნიშნავს თვითმფრინავის ჩამოვარდნა. ისინი იმდენად დიდ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, რომ გარე სამყარო მთლიანად მტრად ესახებათ, მათშორის ისეთი უწყინარი ცხოველიც როგორიც კატაა, განსაკუთრებით საშიშად მიაჩნიათ. ჩვენ ვხედავთ როგორ მანიპულირებენ მშობლები ბავშვების ფსიქიკით და გარესამყაროსგან გამოყოფის გარდა უშუალო ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ დეფორმირებას უწყობენ ხელს ბავშვებისას.

დღეს კიდევ ერთხელ შევედი ფილმის სანახავად რომ კონკრეტული დეტალები ზუსტად აღმედგინა და კომენტარებსაც გადავხედე ფილმის ქვეშ იმიტომ, რომ საავტორო კინოს მუდამ შედარებით ცოტა მაყურებელი ყავს და მითუმეტეს ბერძნულ კინოს როგორ უყურებენ ქართველები მაინტერესებდა. ბლოგი პირადი ხასიათისაა და თავს უფლებას მივცემ ჩემი ერთი მხრივ აღშფოთება და მეორე მხრივ კარგი გემრიელი არგუმენტის მათმიერ უნებლიე ჩაწოდებით გამოწვეული სიხარული გამოვხატო.

მოგეხსენებათ, ეს კონკრეტული ფილმი 2009 წელს შუაგულ საბერძნეთშია გადაღებული. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იქ კომენტარებში წერდა ან ამის შემდეგ იტყვის, რომ ეს ფილმი საბჭოთა, ტოტალიტარიზმის კრიტიკაა, რავიცი აბა, მინიმუმ გეოგრაფია არ იცის და მაქსიმუმ არც გეოგრაფია და არც ისტორია, ჰო კინოშიც ისე, რა. ჰოლივუდური კინოინდუსტრია კომერციული ხასიათისაა და იქ ფილმი შეიძლება გაკეთდეს ფულისთვის, მაგრამ ევროპული კინო ჯერჯერობით ისევ საავტოროა და ავტორის პირად ხედვებზეა ორიენტირებული. ვერ იქნება ეს ფილმი ტოტალიტარიზმის კრიტიკა, იმიტომ, რომ ლანთიმოსი საბჭოთა სივრცეს არ ეკუთვნოდა არასდროს. საბერძნეთი სხვა ქვეყანაა სხვა წარსულია და ეს პოლიტიკური ქვეტექსტი არაფრით არ ერგება. ესე იგი, რადგან პოლიტიკური მესიჯი არ არის, სოციალური უნდა იყოს, ხომ მართალია? ამის დასამტკიცებლად გთავაზოთ ეწვიოთ გუგლს და იორღოს ლანთიმოსის ინტერვიუ დაგუგლოთ, რომელიც ამბობს, რომ ფილმის იდეა გაჩნდა იქიდან, რომ თანამედროვე ახალგაზრდების ყოფა-ცხოვრებამ მას უჩვენა რომ ოჯახები იმ სახით, რა სახითაც მის და უფრო წინა თაობებს ახსოვს ნელნელა აღარ იარსებებს და აუცილებლად იცვლის სახეს. რეჟისორის თქმით, როცა ეს მეგობრებთან საუბარში აღნიშნა ცხარედ გააკრიტიკეს მათ და გაუჩნდა იდეა გადაეღო ფილმი მშობლებზე, რომლებიც საფრთხისგან შვილების დაცვის მოტივით ყველაფერზე წამსვლელი არიან და საბოლოოდ თვითონ უქმნიან საფრთხეს საკუთარ შვილებს. დომინირების მეთოდით ზეგავლენას ახდენენ მათზე და მათ ფსიქიკაზე.

როცა საბერძნეთზე ვსაუბრობთ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ რომ მშობლის ფენომენი იქ არანაკლებ( თუ არა მეტად) აქტუალური და ფაქიზია, ვიდრე საქართველოში. ისინი ვინც ამ ფილმში ტოტალიტარიზმის კრიტიკას ხედავენ კიდევ ერთხელ ამტკიცებენ მოსაზრებას, რომ ინფორმაციული და ემპირიული ვაკუუმი სამყაროს აღქმისა და მსოფლხედვის დეფორმაციას იწვევს. სწორედ ეს მოხდა ამ შემთხვევაში. აი ინგლისურ თარგმანში ფილმს houndtooth ან dogtooth ქვია ხოლმე. სწორედ როგორც ძაღლებს ისე წვრთნიან ამ ბავშვებს მშობლები, როგორც პირდაპირი ისე ირიბი გაგებით. მათთვის არავის უთქვამს რომ ეშვი არასოდეს ამოუვათ და რომ მათი ეს პატიმრობა სამუდამოა. ისინი სხვა ფიზიოლოგიური აქტებისგან ვერ არჩევენ სექსუალურ აქტს ამიტომაც მიდის საქმე ინცესტამდე. როდესაც ერთ-ერთი გოგონა კბილში ჰანტელს ირტყამს რომ ეშვი ამოიღოს ამაზე უფრო ნატურალისტური ბევრი არაფერი მინახავს, მაგრამ ეს სცენა ჩემთვის სხვა რამითაა მნიშვნელოვანი. ეშვის მოცვლა თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ ხომ შეეძლო ამ გოგოს უბრალოდ გაქცეულიყო, რადგან იმ აზრამდე მივიდა, რომ გარეთ უნდა გასულიყო, მაგრამ არა ის ბოლომდე დარწმუნებულია, რომ ეშვი თუ არ ამოიღო ისე გარეთ გასვლა არ შეიძლება მას უბრალოდ წასვლა უნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ სჯერა იმის, რაშიც ამდენ ხანს არწმუნებდნენ მშობლები.

მოგვიანებით ეს გოგო მამისის მანქანის საბარგულში აღმოჩნდება, მამისი ამბობს, რომ ხვალ ძაღლს მოიყვანს, რომ სხვა შვილებიც არ გაიქცნენ, მაგრამ როცა მანქანამ ჭიშკარი გადაკვეთა და გოგონა გარეთ აღმოჩნდა, რეჟისორმა ბოროტად იხუმრა და ფილმი დაასრულა. იმის გაგება საბარგული არ გაიღო თუ პერსონაჟმა არ ან ვერ გააღო, უკვე შეუძლებელია, მაგრამ პრინციპში დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ბლოგზე უკვე მერამდენედ ვიმეორებ ღმერთმა უწყის, მაგრამ არ არსებობს იდეალური სამყარო რეალურის შიგნით. როდესაც ადამიანს რაღაც საზღვრებს უწესებ და თავს იმით იმართლებ, რომ გარესამყაროსგან გინდა დაიცვა, გარყვნილებისგან მაგალითად, ამ მიზნის სახელით ყველაფერზე წამსვლელი თუ ხარ, მაშინ ადრე თუ გვიან შენ თვითონ ხდები მოძალადე, თვითონ ხდები ყველა იმ სიბინძურის საწყრისი, რომელიც დამდგარ წყალს ახასიათებს. როდესაც ადამიანის სამყარო ერთ სახლში ეტევა, გარე სამყაროშიც და სახლშიც ის ერთნაირი ძალადობის მსხვერპლია. საზოგადოებაში, გაუცხოებით გამოწვეული დარტყმების სახლში კი ფსიქო-ემოციური ზეწოლის გამო, რომლის შედეგებიც არ იკურნება. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა მანქანის საბარგული გაიღო თუ არა.

ფილმში რეჟისორი განგებ მიანიშნებს ტრაგედიაზე, რომელიც ამ ოჯახში თითქოს მოხდა, თუმცა ერთმნიშვნელოვანია,რომ პერსონაჟების ქმედებებსა და საუბარში სხვა შემთხვევაში ეს არსად ჩანს. ასეც რომ დავუშვათ, რომ მამამ თანამშრომელს სიმართლე უთხრა, ფილმის ძირითადი კონცეფცია უცვლელი რჩება. ამ ფილმის ბავშვი პერსონაჟები ზოგჯერ სასაცილოდ გულუბრყვილონიც კი არიან და სწორედ ამ გულუბრყვილობაშია მათი ტრაგედიაც. ეს ადამიანები დევიანტები არიან ზოგი თავისად, ზოგი ზემოქმედების შედეგად მაგრამ ნამდვილად ხუთივე პერსონაჟი წმინდაწყლის დევიაციის მაგალითია.

count)s კომენტარი »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: