შიგთავსზე გადასვლა

Amores Perros

Amores Perros – Film Review | yggdrasille

ალბათ შეამჩნევდით, რომ ფილმის სათაური შეგნებულად არ ვთარგმნე. უამრავი თარგმანი შემხვედრია სხვადასხვა საიტებზე… სასტიკი სიყვარულიდან დაწყებული სიყვარული ბოროტიათი დამთავრებული, ძუკნა სიყვარულიც კი. ესპანური ენის მცოდნეები დამეთანხმებიან, რომ perra-ესპანურ სლენგზე მართლაც ძუკნას ნიშნავს ხოლო perro რომელიც სათაურში გვხვდება ძაღლია და სლენგთან არავითარი კავშირი არ აქვს, მითუმეტეს თუ ფილმსაც ნახავთ აუცილებლად მიხვდებით, რომ ეგ ის არ არის რაც ქართველ კონტენტმენეჯერებს ჰგონიათ, პირდაპირ რუსული ენიდან რომ თარგმნიან ხოლმე. ამ ამბის უფრო გრძელი ახსნა ლინგვისტურ წიაღსვლებს მოითხოვს და მოდით თავი რომ არ შეგაწყინოთ, ამას გვერდით გადავდებ.

ამ ტიპის ფილმების დიდი მოყვარული არ გახლავართ. ეს არ გახლავთ არც ისეთი განგსტერული საგა, როგორიც მაგალითად ნათლიაა და არც ისეთი როგორიც სხვა ამ ჟანრის ფილმებია. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიარო რომ ჩემი საყვარელი ფილმების სიაში საპატიო ადგილი უკავია. ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუზე ბევრი სხვადასხვა აზრი მსმენია თუმცა თუ გავითვალისწინებთ მის შემოქმედებას ჩემი აზრით ეს სადებიუტო ნამუშევარი საუკეთესო იყო. სადებიუტოს რომ ვამბობ აქ ვინმე აუცილებლად შემეკამათება და 1996 წელს ამავე რეჟისორის გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს “ზარი”( el timbre) გაიხსენებს, თუმცა სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში 2000 წლის Amores Perros ნამდვილად დებიუტი იყო.

ფილმი სამი მოკლე ნოველისგან შედგება. პირველი “ოქტავიო და სუსანა” მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭზე მეხიკოს გარეუბნიდან, რომელიც თავისი მოძალადე ძმის ახალგაზრდა ცოლზე სუსანაზეა შეყვარებული. იმისთვის რომ მასთან ერთად სხვა ქალაქში გაიქცეს ოქტავიო ფულს აგროვებს, რისთვისაც თავის როტვეილერს, კოფის, ძაღლების უკანონო ორთაბრძოლაში აღებინებს მონაწილეობას.

მეორეა “დანიელი და ვალერია” რომელშიც დანიელი წარმატებული პროდიუსერია, რომელმაც ახალგაზრდა და ლამაზი ფოტომოდელის ვალერიას გამო ოჯახი მიატოვა და ახალ ნაქირავებ ბინაში მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. ძაღლი აქაც და ზემოთ ნახსენებ ნოველაშიც ისეთივე პერსონაჟია, როგორც ადამიანები. ვალერიას და დანიელს სახლში პატარა რიჩი სრულფასოვანი ოჯახის წევრია. ამას რატომ ვამბობ ოდნავ მოგვიანებით გეტყვით.

მესამე ნოველაში “ჩივო და მარუ” ჩვენ ვხედავთ შუახნის კაცს, უსახლკაროს, რომელიც ერთ დროს კოლეჯის მასწავლებელი იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც პარტიზანულ დაჯგუფებასთან ერთად ტერორისტული აქტის მოწყობისთვის დააპატიმრეს, ციხიდან გამოსვლისთანავე ოჯახი მიატოვა და თავს ქილერობით ირჩენს. მთელი ფილმის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ჩივოს როგორ გასდევს ფონად სხვა პერსონაჟების ცხოვრებას. დიდი ბოდიშის მოხდით, აქ ისევ ესპანური ენა უნდა მოვიშველიო და გითხრათ, რომ el Chivo ესპანურიდან ითარგმნება როგორც მამალი თხა, უფრო ზუსტად ვაცი. თუ ჩივოს, რომელსაც სინამდვილეში მარტინი ჰქვია კარგად დააკვირდებით, კარგად ამოიცნობთ იმ ბიბლიური ვაცის სახეს, ჩემი აზრით ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს.

მესამე ნოველა ფაქტობრივად გასაღებია პირველი ორის ასახსნელად. ჩივო შემდეგი საქმის დროს აღმოაჩენს, რომ დამკვეთი და ობიექტი ძმები არიან და პირდაპირ უწოდებს მათ აბელსა და კაენს. ის მიდის თავის შვილთან უკვე სუფთად ჩაცმული, ისეთი როგორიც მანამდე იყო და ტელეფონზე უტოვებს შეტყობინებას, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ნანობს ოჯახის მიტოვებას. რომ მისი მიზანი სამყაროს ბოროტებისგან გათავისუფლება იყო და მაშინ ეს უფრო მნიშვნელოვანი ეგონა.

სამივე ნოველას ერთი ავარია აერთიანებს, რომელმაც სამივე მათგანზე გავლენა მოახდინა. ოქტავიოზე, რომელიც სწორედ ჩივომ გადმოათრია დამტვრეული მანქანიდან და ძაღლი თვითონ წაიყვანა. ოქტავიოს იარები ავარიის შემდეგ არამხოლოდ გარეგნულად, შინაგანადაც ემჩნევა და ის ხვდება, რომ ძალადობა, რაც უნდა მოტივირებული იყოს სიყვარულით (მის შემთხვევაში) უკვალოდ არასოდეს ქრება. ის ვისაც ოქტავიო შეეჯახა ვალერია იყო… პრინციპში მეორე ნოველაში ალბათ ყველაზე მეტად ჩანს რეჟისორის ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე სუსტად ითვლება სამს შორის. ვალერიასთვის ეს შეჯახება გარდამტეხი აღმოჩნდა, მწვერვალიდან ფსკერისკენ. ერთ დღეს ყველაფერი, მეორე დღეს არაფერი… მეორე ნოველაში, ვალერიას ძაღლი, რიჩი , რომელიც პარკეტის ქვეშ ჩავარდა და ყოველ ღამე წკავწკავებს ვირთხებისგან დაგლეჯილი სრული განსახიერებაა იმ შიშისა და სასოწარკვეთისა, რომელსაც ადამიანი განიცდის. როცა ვალერიას ფეხს აჭრიან მისთვის ცხადი ხდება, რომ არ არსებობს დაზღვევა და გარანტიები, წესები, რომ ცხოვრებას თვალი აარიდო. ვინც არ უნდა იყო, ადრე თუ გვიან გარესამყარო შენზე გავლენას აუცილებლად მოახდენს და შეგცვლის.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაგალითად კვენტინ ტარანტინოს ფილმები, რომლის სიმაღლესაც არაფრით ვაკნინებ და რომელსაც ხშირად ადარებენ ხოლმე ინიარიტუს ხელწერას ამ ფილმში, ჩემი საყვარელი ფილმები ნამდვილად არ არის. ამ შემთხვევაში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეჟისორულმა ნამუშევარმა, რომელსაც ნათლად ეტყობა ესპანურენოვანი კინოს ლეგენდების მაგალითად ლუის ბუნუელის გავლენა, განსაკუთრებით მეორე ნოველაში. რაც შეეხებათ ძაღლებს, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ამ ფილმის ქვაკუთხედები არიან. თუნდაც ჩივო, რომელმაც კოფის უმკურნალა და გამოაჯანმრთელა, ჩივო რომელსაც თავისსა და სხვის ცხოვრებაზე ერთნაირად ხელი აქვს ჩაქნეული, ვერ ბედავს კოფის მოკვლას მას შემდეგ რაც კოფიმ მის ძაღლებს ისევე გამოღადრა ყელი როგორც სხვა ძაღლებს არალეგალური ბრძოლების დროს. ძაღლები პირდაპირ ახდენენ ამ ფილმში ადამიანის ფსიქოლოგიის რეპლიკაციას. კოფიმ უბრალოდ არ იცის როგორ უნდა მოიქცეს სხვანაირად. ერთხელ ერთგან მოვისმინე, რომ ამ ცხოვრებაში ადამიანი ან მგელი უნდა იყოს ან მგლებზე მონადირეო….. ერთეულებსაც არ გამოსდით ამ ყველაფერს თავი აარიდონ. გარემო რომელშიც ვცხოვრობთ, ყოველთვის აისახება ჩვენს ქცევაში, როგორც კოფის შემთხვევაში.

ფილმის ბოლოს, პატარა ეპიგრაფია “ეძღვნება ლუსიანოს, რადგან ჩვენ იმის ნაწილი ვართ რასაც ვკარგავთ” ცხოვრებაში არსებობს შემთხვევითობები, რომლებიც საკუთარ ყოველდღიურობაში, რბოლაში, ჩართულს უცებ გამოგაფხიზლებს და სამყაროს სხვა თვალით დაგანახებს, ისეთი შემთხვევითობები როგორიც ეს ავარია იყო. ამ ფილმის გადაღებამდე ოთხი წლით ადრე ალეხანდრო გონსალესის ახალშობილი შვილი ლუსიანო დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ეს ფილმი სწორედ მას ეძღვნება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: