სად არის შექსპირი

მე პირადად შექსპირის სხვა პიესები უფრო მომწონს, მაგრამ თუ რაღაც ასაკში “რომეო და ჯულიეტა” არ წაიკითხე, მერე ალბათობა იმისა, რომ ” მაკბეტს, ” “მეფე ლირს” ან “ოტელოს” წაიკითხავ, შედარებით ნაკლებია.
ხშირად მიფიქრია, რა მოხდებოდა რომეო და ჯულიეტა რომ არ მომკვდარიყვნენ-მეთქი. მე რომანტიკის ასაკიდან გამოსული მგონია ჩემი თავი და ვფიქრობ, რომ ან რომეო გალოთდებოდა ან ჯულიეტა გაბოზდებოდა ან რამე ამდაგვარი. მოკლედ ის რასაც შექსპირისეულად სიყვარული ქვია საბოლოოდ აუცილებლად კომფორტის ზონის ნაწილად იქცევა ხოლმე. ჩემი აზრით, მათ უბრალოდ იმ მომენტიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს, რასაც სიყვარულის პირველი ეტაპი გულისხმობს. სხვაგვარად ამას კრისტალიზაციასაც უწოდებენ ხოლმე.
ვფიქრობ, რომ დროსთან ერთად, რომეოსა და ჯულიეტას ამბავი, იმ სახით, როგორც ეს თანამედროვე ადამიანების უმრავლესობას ესმის, ცოტათი გაცვდა. თავად ფაბულა არაერთხელ გადათამაშდა სხვადასხვა ხელოვნების დარგებში. თითოეულ ჩვენგანს ათეულობით ისეთი ფილმისა თუ ბალადის გახსენება შეგვიძლია, რომელშიც აღნიშნული ფაბულაა გამოყენებული. ეს არაფრით არ აკნინებს ინგლისური დრამატურგიის მამას, შექსპირს, უბრალოდ მისი მნიშვნელობა ფაბულაში, სუფთა სახით, არ გახლავთ. შექსპირის ლიტერატურული ეშმაკი, ამ პიესაში თავად იდეის საწყისებთან იმალება. მთავარი ის კი არ არის როგორ უყვარდათ რომეოსა და ჯულიეტას ერთმანეთი. აქ საუბარია მათი სიკვდილის როლზე მტრობის დასრულებაში. ჯულიეტას და რომეოს სიკვდილმა, ერთგვარი ტრიგერის როლი შეასრულა კაპულეტებსა და მონტეგებს შორის არსებული დაპირისპირების აღმოფხვრაში.
მერე ისმის ხოლმე კითხვა, ნუთუ, საჭირო იყო ტრაგედია იმისთვის, რომ დაპირისპირება ჩამცხრალიყო და ორი კლანი შერიგებულიყო? სწორედ ეს არის შექსპირის მთავარი იდეა, რომ სიყვარული მარტო ის არ არის, რომეოს რომ ჯულიეტა უყვარს. არც მათი სიკვდილით არ მთავრდება იდეის არსებობა, პირიქით, მათი სიკვდილის ხარჯზე იდეა ახერხებს განაგრძოს არსებობა და სწორედ ამიტომ არის შექსპირი რომეოსა და ჯულიეტას კონცეფციის ყველაზე დიდი ოსტატი. როცა რომეოს ვეძახით ყველა კაცს, რომელსაც ვხედავთ რომ ვიღაც ძალიან უყვარს, ეს შექსპირს არ მოუგონია, შექსპირმა ისევე როგორც სოფოკლემ ანტიგონეს შემთხვევაში, აჩვენა რომ მე შეიძლება დღეს მოვკვდე, მაგრამ იდეა, რომლის სახელითაც მე ვკვდები, აუცილებლად განაგრძობს სიცოცხლეს და ეს იქნება ჩემი გამარჯვება.
ცნობილი ფაქტია, რომ შექსპირს ფაბულების პატარა დრამატურგებისთვის მოპარვა სჩვეოდა ხოლმე. მხოლოდ ამითაც უნდა მივხვდეთ, რომ მისი გენია სხვაგან არის. შენ შეიძლება მოიპარო ფაბულა და ეს წმინდა წყლის ქურდობა იყოს,პლაგიატი, როგორც ჩვენ ვეძახით, მაგრამ თუ კი შენ ამ ფაბულაზე აბსოლუტურად დამოუკიდებელ გენიას დააშენებ, თუ შენი იდეა მარადიულია, მაშინ შენს ნაწარმოებს შეიძლება საერთოც არაფერი ჰქონდეს პირველწყაროსთან.