შიგთავსზე გადასვლა

მელანქოლია-ლარს ფონ ტრიერი

10 Movies About Depression. Scenes from the movie Melancholia. #movies

ლარს ფონ ტრიერის ფილმები იმ კატეგორიისაა, როდესაც თითოეული დეტალი რეჟისორს ზუსტად აქვს გათვლილი. შეიძლება ტრიერი გიყვარდეს ან არ გიყვარდეს, მაგრამ მისი არაღიარება რთული საქმეა. სამ ფილმს შორის, რომლებითაც ძირითადად ვურჩევ ხოლმე ტრიერის არმცოდნეთ დაიწყონ მისი გაცნობა(დოგვილი, ანტიქრისტე,მელანქოლია) ჩემთვის ყველაზე ახლობელიც და შოკისმომგვრელიც ეს უკანასკნელია. ვისაც ტრისტანი და იზოლდა წაგიკითხავთ და ვაგნერის ამავე სახელწოდების ოპერასაც იცნობთ, არ გამოგეპარებოდათ ამ ოპერის პრელუდია, რომელიც ტრიერმა გამოიყენა ფილმში. ეს გახლავთ პირდაპირი მინიშნება ვაგნერის ოპერასთან ფილმის სიახლოვეზე. გავიხსენოთ ვაგნერის ოპერის შინაარსი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ტრისტანის სურვილი არ უკავშირდება ბედნიერ დასასრულს, მას იზოლდასთან ერთად უნდა სიკვდილი. ეს არის ვაგნერის მთავარი ნიშა, სწორედ მთავარი არია, რომელსაც “სიყვარული-სიკვდილის” სახელით ვიცნობთ გამოხატავს ოპერის შინაარსის მთავარ ნაწილს.

ტრიერის ფილმს რომ დავუბრუნდეთ, ჩვენ ვნახავთ ქორწილის სცენას, რაც საკმაოდ ირონიულად გამოიყურება, რადგან სინამდვილეში ეს ქორწილი არავის უნდა არც თავად პატარძალს, არც მის ექსცენტრიკულ მშობლებს, რომელთაგანაც ერთი პირველივე შესაძლებლობისთანავე გაიპარა ქორწილიდან, მეორეს კი საერთოდ არ ესმის ქორწილის დანიშნულება. არც სიძეს, რომელსაც მერკანტილური თვალსაზრისით, საკმაოდ ძვირი დაუჯდა ეს ყველაფერი. მელანქოლიური გარემოს ყველაზე თვალსაჩინო სურათს წარმოადგენს ჯასტინი, პატარძალი რომლისთვისაც ეს ქორწილი მძიმე ლოდის ფუნქციას ასრულებს, კისერზე რომ გკიდია და მუდამ დაბლა გექაჩება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქორწილი გრძელდება და სწორედ ამაშია ტრიერის ირონიული ხედვა. ისევე როგორც ყოველდღიურობაში, ფილმშიც ეს განწყობა ერთბაშად არ მოდის, ის თანდათან იკრებს ძალას და საბოლოოდ რაც მოყვება ამას ოდნავ მოგვიანებით ვნახავთ. ერთი საინტერესო დეტალი, რაზეც ტრიერი ყურადღებას ამახვილებს, არის ჯასტინის ქცევა, როდესაც ის საქორწინო ღამეს ქმარს ოთახში ტოვებს და მდელოზე, სრულიად უცხოსთან კავდება სექსით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ამის შემდეგ მაიკლი (ალექსანდრ სკარსგარდი) ყოველგვარი ახსნაგანმარტებების მოთხოვნის გარეშე მიდის სახლიდან. მაყურებელს კი არაადეკვატურობის განცდა ეუფლება. კიდევ ერთი, ჯასტინის უფროსი, რომელსაც ჯასტინი სახეში მიახლის რომ ფულზე დამშეული პატარა კაცი ხარო. აქ უნდა ვიფიქროთ, რომ ერთი მხრივ ეს რეჟისორის გადაწყვეტაა თავისი სიტყვები ათქმევინოს პერსონაჟს, მეორე მხრივ კი ჯასტინს მელანქოლიის ფონზე რადიკალური გულწრფელობის სინდრომი დაეწყო და გრძნობებს არ და ვერ აკონტროლებს.

ფილმი ორნაწილად არის გაყოფილი, პირველი ჯასტინს (კირსტენ დანსტი) მეორე კი კლერს(შარლოტ გინსბურგი) ეძღვნება. კლერის ქმარი კარგად ერკვევა ვარსკვლავებსა და ციურ სხეულებში, როდესაც გაირკვევა, რომ დედამიწას პლანეტა მელანქოლია უახლოვდება, ის ცდილობს ოჯახი დაარწმუნოს, რომ მელანქოლია დედამიწას მხოლოდ გვერდით ჩაუვლის და ეს ძალიან ლამაზი საყურებელი იქნება. ამ დროს ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის რაც ჯასტინს ჭირს, სწორედ ამ პლანეტის მოახლოების ბრალია. ამის საპირისპიროდ, ჯასტინი, რომელსაც მანამდე აბსოლუტურად დაქვეითებული ჰქონდა შეგრძნებები პლანეტის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო ადეკვატური ხდება, რასაც კლერზე ვერ ვიტყვით.

საგულისხმო ფაქტია, რომ კლერის ქმარი(კიფერ საზერლენდი) რომელიც ამტკიცებდა რომ დედამიწას საფრთხე არ ემუქრება, თავს იკლავს. მას ურჩევნია მანამდე მოკვდეს სანამ აპოკალიფსს შეეწირება. საბოლოოდ გამოიკვეთა სამი ფსიქოტიპი, რომელსაც მელანქოლია, არა პლანეტა არამედ ეგზისტენციალური კრიზისი, განსხვავებულად გადააქვს. აქ უნდა გავიხსენოთ კლერისა და ჯასტინის დიალოგი, როდესაც გაცხადდება, რომ კლერს სიკვდილი ჰარმონიულად წარმოუდგენია, ჭიქა ღვინისა და ბეთჰოვენის თანხლებით. ჯასტინისთვის კი ჰარმონია არ არსებობს. არ არსებობს სიკვდილის წესი. ვერ მოკვდები ისე, როგორც წესია. სიკვდილი არაფერია, ისევე როგორც დედამიწა. ჯასტინის აზრით დედამიწა სიბინძურის ბუდეა, რომელიც არავის მოენატრება ამიტომ მას, ისევე როგორც ტრისტანს ვაგნერის ოპერაში სიცოცხლის გაგრძელების და ბედნიერებისა არ სჯერა, პირიქით, მისი საუკეთესო ფინალი სწორედ სიკვდილია.

ტრიერზე ხშირად გამიგონია ბოროტი კაპიტალისტიაო, ეს ფილმი კი ნამდვილად ფატალისტური გამოუვიდა. ეს არ არის რეჟისორის პერსონალური განცდების რეპრეზენტაცია. ფილმის დასაწყისში ნაჩვენები კადრირება, ერთდროულად დასაწყისიცაა და დასასრულიც. არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ საბოლოოდ ტრიერი მგონი აფსურდის იდეას მიუახლოვდა ყველაზე მეტად. ოღონდ აქ ძია ზიგმუნდის ხსენება არ დაგვავიწყდეს, რომლის მიხედვითაც ადამიანის საარსებო სივრცე ეროსსა და თანატოსს შორის არის მოქცეული. ამით კიდევ ერთხელ ვეხმიანებით ვაგნერის ტრისტანისა და იზოლდას ბოლო არიას love-death და ვფიქრობ ტრიერის მთავარი სათქმელიც გასაგები ხდება. ადამიანი ერთი ხელით ცდილობს აშენოს სამყარო და მისი მეორე მხარე მუდამ დესტრუქციულია, დანგრევაზე ორიენტირებული. ის რასაც ადამიანი შინაგანად განასახიერებს ბუნებაში შიშველი სახით არის მოცემული, ბუნებასთან კი ადამიანი მუდმივად უძლურია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: