წარსულის პროექციები-ზაზა გაბუნიას მოთხრობაზე

ხომ ვამბობ ყველაფერს ვკითხულობ რაზეც ხელი მიმიწვდება-მეთქი. ეს ერთგვარი ძიების პროცესია, რომლის დროსაც ზოგჯერ ისეთებს წააწყდები ხოლმე, რასაც არ ელი. ეს მოთხრობა შემთხვევით მოვიდა ჩემამდე და ძალიანაც სწორად მოიქცა. ბუნებით ინტროვერტი ვარ და ხშირად მიფიქრია უკან მიხედვაზე, რაღაცების მონტაჟის პრინციპით ამოჭრასა და გადაადგილებაზე, წარსულში.
რაიმე მედიუმი რომ არსებობდეს წარსულში დასაბრუნებლად ხომ დარწმუნებული ვარ რომ ცხოვრებაში ერთხელ ყველა ვინატრებდით რომ ეს მედიუმი გვქონოდა და უკან გვემოგზაურა. ნაცნობ ადამიანებთან, ნაცნობ გარემოში, იმ დროში, სანამ საკუთარ თავს ჯერ ისევ ვგავდით. ეს ნივთი, როგორც ბავშვობის ფილმებშია, ზედმეტად ჩვეულებრივი უნდა იყოს, რომ არავინ გაიგოს, როგორ ვახერხებთ ამას. საათი, სარკე, ტელეფონი….
რატომ არის რომ, უბედური შემთხვევებისას დაშავებული მეტია, ვიდრე გარდაცვლილი? რა თქმა უნდა იმიტომ, რომ არ არის სიკვდილი ადვილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ყოველ შემთხვევაში, ურიგოდ მაინც.
ადამიანი, რომლის ცხოვრებაც გარკვეული მომენტიდან ორნაწილად იყოფა, მუდამ ცდილობს უკან დაბრუნდეს, რაღაც შეცვალოს, სხვანაირად წარმოიდგინოს. წარსული კი ადამიანის სხეულზე არსებული ადგილობრივი გაშეშებასავით არის. არაფერი იცვლება. მუდამ ერთი და იგივეა. ამიტომ, ყოველ მიახლოვებაზე, შენით იწყებ მასთან თამაშს. ცდილობ წარმოიდგინო როგორ არიან ისინი, ვინც წარსულში დატოვე ან როგორ იქნებოდნენ, რომ არ დაგეტოვებინა… ცდილობ შენი ცხოვრება წარმოიდგინო, შენ გარეშე.
როცა შენი ცხოვრება ორად იხლიჩება, როცა რეალობას ვერ ცვლი, მის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალო. ეს ინერციაა ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტისა. რადგან რიგმა არ მოგიწია და ფიზიკურად ცოცხალი ხარ, გიწევს რომ გადარჩე და თავი იმართლო, რომ შენი რიგი ჯერ არ დამდგარა.
დღეს გარეთ თუ არ გახვალ არაუშავს. თუკი შეგიძლია იმოგზაურო, წარსულში და წარმოიდგინო ის ისეთად, როგორიც იყო ან ისეთად, როგორიც გგონია რომ ახლა არის. ყველაფერი ადამიანის გონებაშია. ადამიანს შეუძლია დაინახოს ყველაფერი ისე, როგორც უნდათ. ერთადერთი რასაც ვერასოდეს ვერავინ შეგიზღუდავს წარმოსახვის თავისუფლებაა.
წარმოიდგინო რეალობა ისეთი, როგორიც გინდა დაბრუნდე იქ, სადაც გინდა და ესაუბრო საკუთარ წარსულს, თუნდაც ტელეფონით, ეს ის ფუფუნებაა, რომელსაც ადამიანს ვერავინ წაართმევს. რადგან ურიგოდ სიკვდილი შეუძლებელია, მაშინ ადექი და დაინახე სამყარო იმ წერტილიდან რომლიდანაც გინდა, გონება ადამიანის ყველაზე თავისუფალი მექანიზმია. როცა ცა მანდარინისფერია, გახსოვდეს რომ გარეთ იმიტომ ვერ გადიხარ, რომ მერე თვალები გეცრემლება და პატარა ბავშვივით ტირი…..შეიძლება ცა არც მანდარინის ფერი არ არის და ქარიც უფრო ძლიერია, მაგრამ შენი ფანჯრიდან მაინც ყოველთვის მანდარინისფრად ჩანს.