შიგთავსზე გადასვლა

სათამაშო

Pierre Richard danns "Le Jouet" (Francis Veber, 1976) | Pera

ეს ჩემი ბავშვობის ფილმია და საერთოდაც, შემიძლია ვთქვა, რომ ფრანგული კინო ჩემთვის სწორედ ამ ფილმით იწყება. მახსოვს როგორ ვოცნებობდი ამ ფილმის ნახვის შემდეგ, რომ მეც ჟურნალისტი გავხდებოდი და რედაქტორიც კი შეიძლებოდა ვყოფილიყავი. ეს ჯერ კიდევ ის პერიოდი იყო, როდესაც ჟურნალისტიკა ნამდვილი პროფესია მეგონა. როცა გავიზარდე, ფილმსაც სხვანაირად შევხედე ჟურნალისტიკასაც და სათამაშოების არსებობაც სულ უფრო რეალური გახდა.

ძალაუფლება რომელიც აიძულებს ადამიანებს დაიჯერონ, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება და რომ არ არსებობს სურვილი, რომელსაც ვერ აისრულებ, თუკი შენი სახელი ძალაუფლების სიმბოლოა. რამბალკოშე ზუსტად ისე ექცეოდა ადამიანებს, როგორც სათამაშოებს. პირველივე ასეთი გამოვლინებაა, როდესაც ის სამსახურიდან თანამშრომელს მხოლოდ იმიტომ უშვებს, რომ მას სველი ხელები აქვს. ძალაუფლების მქონე ადამიანებს არ სჭირდებათ ბევრი განმარტება საკუთარი საქციელისა. ისინი არ არიან ვალდებული ვინმეს აუხსნან საკუთარი მოტივები. აქვე მეორე მხარეც კარგად ჩანს, თანამშრომლები რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით ხმას არ იღებენ კოლეგის დასაცავად.

პრინციპული ლოგიკა, ისეთი ადამიანებისა, როგორიც რამბალკოშეა ასეთია. მე გაჭმევ, მე გასმევ ჩემით არსებობ. ჩემია გაზეთი, რომელშიც მუშაობ, ჩემია სამშენებლო კომპანია, ჩემია სათამაშოების მაღაზია, საერთოდ ყველაფერი ჩემია და რაც ჩემია იმას ჩემი წესები აქვს. სადაც ჩემი წესები არ მოქმედებს იქ ფულია… მაგალითად შენ თუ გაქვს ბინა რომელშიც 60 ათასი გადაიხადე და ახლა 80 ღირს, მოვალ და ორ მილიონს შემოგთავაზებ. ამაში თვისობრივად ცუდი არაფერია, ბოლოსდაბოლოს ჩუქებას ხომ არ გთხოვ. ამას ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდეთ.

ახლა ერიკზე მინდა ვისაუბრო. რასაკვირველია, მას მატერიალურად ყველაფერი აქვს რაც მოესურვება. ყველა თვალებში შესციცინებს იმის გამო, რომ ის მამამისის შვილია. როდესაც ერიკი ფრანსუას სათამაშოების მაღაზიაში შეხვდება და მის ყიდვას გადაწყვეტს, იქაც რა თქმა უნდა პრეზიდენტ რამბალკოშეს შიშით, ფრანსუას არწმუნებენ, რომ დათანხმდეს ამ სიგიჟეზე. როდესაც საქმე შეფუთვაზე მიდგება სთავაზობენ სპეციალური მატერიის დაგებას ყველანაირი კომფორტის შექმნას, რომ ყუთში თავი კარგად იგრძნოს, მაგრამ ეს თავისთავად არ აბათილებს იმ ფაქტს, რომ ერიკმა ფრანსუა იყიდა და ახლა ის მისი სათამაშოა.

ერთი შეხედვით ეს ყველაფერი გათამამებული ბავშვის საქციელს ჰგავს, რომელიც მამამისის ჭეშმარიტი შვილია. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ერიკი მამამისს უბრალოდ საკუთარივე ხერხით ებრძვის. რასაც ერიკი აკეთებს, მამამისის საქციელის უტრირებაა. პრეზიდენტი რამბალკოშე ზუსტად ისევე ყიდულობს ხალხს და სათამაშოებივით ექცევა მათ, როგორც ერიკმა იყიდა ფრანსუა და ჟულიენი დაარქვა, რადგან სათამაშოს თავისთავად სახელი არ აქვს. სახელს პატრონი ირჩევს.

ფილმში ერთი მომენტია, როდესაც ერიკის დედინაცვალი ფრანსუას პიჟამოების ამარა შეუშვებს ხალხით გატენილ სასადილო ოთახში. ესეც ერთგვარი ძალაუფლების დემონსტრირებაა, როდესაც ადამიანს წარმოუდგენია, რომ მეორე ადამიანს, როგორც ნივთს პიროვნება არ გააჩნია და შესაბამისად არ გააჩნია სირცხვილის გრძნობაც. მას შემდეგ, რაც ერიკმა და ჟულიენმა ანუ ფრანსუამ პრეზიდენტ რამბალკოშეზე სიმართლის წერა დაიწყეს კუსტარულად დამზადებულ გაზეთში, ძალიან საინტერესო დიალოგი იმართება ფრანსუასა და პრეზიდენტ რამბალკოშეს შორის. პრეზიდენტი ცდილობს ფრანსუა მოთაფლოს და თავი ჩვეულებრივ ადამიანად წარმოაჩინოს, რომ დაიყოლიოს წერის შეწყვეტაზე. მებაღეს ჩამოართმევს ხელს იმის საჩვენებლად, რომ დაბალი კლასის წარმომადგენლებთან გულთბილი დამოკიდებულება აქვს, ოღონდ ტყუილს მოგეხსენებათ მოკლე ფეხები აქვს და სახელები აერევა მებაღეებისა და წესიერად არ იცის, რომელი რომელია. როცა ეს მეთოდი არ ჭრის, უკვე ღიად სთავაზობს კარგ თანამდებობას გაზეთში. მაგრამ ფრანსუა ადგა და ტირაჟი გადაამრავლა რითაც აჩვენა პრეზიდენტს, რომ სხვა სათამაშოებს არ ჰგავს.

მოდით ახლა იმას მივუბრუნდეთ, რომ ძალაუფლება ადამიანს ყველაფრის ფლობის ილუზიას უჩენს და მეტ წილად ამაში დამნაშავენი სწორედ ის სათამაშოები არიან, რომლებსაც ეს ადამიანები ყიდულობენ. საკვანძო სცენად მიმაჩნია ის მომენტი, როდესაც რამბალკოშე ერთ-ერთ თანამშრომელს (ყველაზე ერთგულ თანამშრომელს) სთხოვს გაიხადოს და ისე იაროს რედაქციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგდებით ემუქრება. ისიც ადგება და გაიხდის, მას ხომ უბრძანეს… და მაშინ, რამბალკოშე სვამს მთელი ამ ფილმის რიტორიკულ კითხვას. ვინ უფრო დიდი მონსტრია, ის ვინც უბრძანებს გაშიშვლებას თუ ის ვინც თანახმაა რომ გაშიშვლდეს. ის ვინც ყიდულობს სათამაშოს თუ ის, ვინც მზადაა სათამაშო იყოს…..

მუსიკას, რომელიც ამ ფილმს ფონად გასდევს ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ალბათ ამაში მარტო არ ვარ. დღემდე თუკი სადმე ყურს მოვკრავ ამ მუსიკას სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სადაცაა ძალიან საინტერესო ფილმი დაიწყება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: