შიგთავსზე გადასვლა

მეზობელი ქალი-ტრიუფო და ჰიჩკოკი

Fanny Ardant
ფანი არდანი მატილდას როლში

ფრანგი რეჟისორის, ფრანსუა ტრიუფოს ფილმი “მეზობელი ქალი” ორ მეზობელ სახლში დაბინავებული წყვილის ამბავია. ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა. ორი ოჯახი, მატილდა თავისზე უფროსი ქმრით ფილიპით და გვერდით სახლში ბერნარი და მისი ცოლი არლეტი ცხოვრობენ თავის მცირეწლოვან შვილთან ტომასთან ერთად. ტრიუფო ძალიან ოსტატურად მიმართავს სერ ალფრედ ჰიჩკოკის ტექნიკას და გვიჩვენებს სასპენსის მაღალ საფეხურს, როდესაც ადამიანებს წარსულის აჩრდილები თან დასდევენ. ბერნარისა და მატილდას წარსული ურთიერთობის შესახებ მათმა მეუღლეებმა არაფერი იციან.

ეს საიდუმლო მათ თან აახლოებს და თან ნელი მოქმედების ნაღმად გადაიქცევა, რომლის აფეთქებისაც ორივეს ეშინია, თუმცა მის შესაჩერებლად არაფერს აკეთებენ. ჰიჩკოკის ფილმებიც დაახლოებით ამ ტექნიკას მიჰყვება და მაყურებელში ადრენალინის დოზის აწევას ემსახურება.

როდესაც ყველაფერი გამოაშკარავდება, მაყურებელი ელის, რომ ამ ბომბის აფეთქების შედეგები ფატალური იქნება, მაგრამ სიუჟეტი ტრიუფოს შემთხვევაში ამით არ მთავრდება. მოულოდნელობის პირველ ეფექტს სწორედ ის იწვევს, რომ არლეტი და ფილიპი თავიანთი მეუღლეების ძველ სასიყვარულო ურთიერთობას გაგებით ეკიდებიან. განსაკუთრებით არლეტი, მაგრამ ფილიპის მაგალითზე რეჟისორი გვიჩვენებს რომ არც ამით ცხოვრებაა ზოგჯერ ადვილი.

ოდნავ უკან რომ დავბრუნდეთ, ფილიპისა და ბერნარის საუბრიდან ირკვევა, რომ ყოფილ საყვარელს მატილდა როგორც მანიაკალურ ეგოისტს ისე ახასიათებს. ამით ბერნარს კიდევ ერთი საბაბი ეძლევა, რომ რადაც უნდა დაუჯდეს, დაუმტკიცოს მატილდას, რომ ეს ასე არ არის, თუმცა რაც უფრო მეტად ცდილობს ძველი გრძნობების დემონსტრირებას სულ უფრო მეტად ამტკიცებს, რომ მატილდა მართალი იყო. უბრალოდ ამ შემთხვევაში როლები გადათამაშდა და ახლა არლეტია მატილდას ადგილას.

მთელ ამ ჩახლართულ ლაბირინთში, რომელშიც მატილდა და ბერნარი აღმოჩნდნენ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მატილდას მაგალითზე ჩანს როგორ ანგრევს ადამიანის ფსიქიკას წარსულიდან გადმოსული მოუნელებელი აჩრდილები. ჰიჩთან კიდევ ერთი პარალელი ტრიუფოს კვანძის გახსნის ხერხია. რა თქმა უნდა, როგორც სერ ალფრედ ჰიჩკოკმა, ტრიუფომაც იცის რომ სასპენსის მდგომარეობას ყოველთვის კათარზისი ანუ განწმენდა მოსდევს. ისევე როგორც თეატრში, კინოშიც კათარზისი მაყურებელს მიემართება მაგრამ კინო ენა ამის ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა და ტრიუფომ სწორედ ეს ხერხი გამოიყენა საბოლოო სცენაში, როდესაც ყველაფერი თითქოს ლაგდება და მთავარმა ქარიშხალმა გადაიარა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მთავარი კატასტროფა წინ არის.

უფრო მეტს გეტყვით. ბოლო სცენა კათარზისის სრული რეპლიკაციაა. თუ გავიხსენებთ რა ემოციებისგან შედგება კათარზისის აქტი, ესენია: ადრენალინის განცდა, დაძაბულობა, კულმინაცია და ემოციური განტვირთვა, ის სრულად იმეორებს სექსის როგორც აქტის მიმდინარეობის სინუსოიდას. სწორედ ამის ოსტატური ვიზუალიზაციაა ბოლო კადრი ფილმში, როდესაც მატილდა ჯერ ბერნარს კლავს და შემდეგ თავს იკლავს და ეს ყველაფერი სექსუალური აქტის დროს ხდება.

თავისთავად, მთელი ფილმი იმის განსახიერებაა, რა ემართებათ ადამიანებს, როდესაც წარსულში იქექებიან და ეგოიზმი და თავდაჯერების განცდა არ აძლევთ მოსვენებას. ისევ იმას რომ მივუბრუნდე, როგორ დაახასიათა მატილდამ ბერნარი რასაკვირველია მართალი იყო, მაგრამ თავად მატილდასაც სწორედ ეს თვისება, რომ მას არ შეეძლო მოცემულობასთან შეგუება და როგორც ბერნარმა მადამ ჟუვთან საუბარში თქვა მუდამ წარსულის ძიებაში იყო, არ მისცა საშუალება უკან დაეხია და დაეტოვებინა ყველაფერი ისე როგორც არის. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ორივე პერსონაჟი ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობდა და ზუსტად იცოდნენ ის თვისებები, რომლებიც ხელს უშლიდათ ერთად ყოფნაშიც და ცალ-ცალკე ცხოვრებაშიც.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: