შიგთავსზე გადასვლა

დეკალოგი 1 -ნუ შეიქმნი კერპებს

ათი მოკლე ფილმი ბიბლიური ათი მცნების თანახმად. მახსოვს პირველად რომ კიშლოვსკის დეკალოგს ვუყურე, ძალიან პატარა ვიყავი და ძალიან შემეშინდა. ალბათ ამას ოდნავ მოგვიანებით მივუბრუნდები, მაგრამ ამჯერად უშუალოდ პირველ ფილმზე მინდა გავამახვილო ყურადღება. პირველ ფილმში ” ნუ შეიქმნი კერპებს” კიშლოვსკი აერთიანებს პირველ ორ მცნებას.

1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.

2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე და რაოდენი არს წყალთა შინა, ქუეშე ქუეყანისა, არა თაყუანის-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

მეცნიერი ქშიშტოფი, რომელსაც კომპიუტერული ტექნოლოგიების მომავლისა სწამს ყველაფერში მათემატიკურ გამოთვლას ეყრდნობა. მას შეუძლია ყველაფერი გაზომოს ციფრების საშუალებით და მისი რწმენა მთლიანად გამოთვლად სისტემას ეყრდნობა. აქ რელიგიური და მეცნიერული დილემა ეჯახება ერთმანეთს და სწორედ ეს არის მიმართება პირველ ორ მცნებასთან.  მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე. ამ მცნების საპირისპიროდ ადამიანი იქმნის რწმენას იმის მიმართ, რისი დამტკიცებაც ციფრებითა და გამოთვლებით შეიძლება. როდესაც კომპიუტერს შეუძლია გარკვეული მოქმედებები ადამიანზე მილიონჯერ უფრო სწრაფად და ზუსტად შეასრულოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

თავის შვილთან (პაველთან) დიალოგისას პერსონაჟი ადამიანს მანქანასთან აიგივებს, რომელიც დროთა განმავლობაში ცვდება, რომლის ტვინიც იგივეა რაც კომპიუტერი მაგრამ ცვეთის შედეგად სულ უფრო ცუდად მუშაობს და საბოლოოდ ფუჭდება (კვდება). ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან პაველი ბავშვია, რომელიც ცდილობს პასუხი მიიღოს კითხვაზე, რატომ არსებობს სიკვდილი. მამის პასუხი აბსოლუტურად დაცლილია რელიგიური რწმენითი საწყისისაგან. ის უფრო პრაგმატულად, მატერიალური სამყაროს პრიზმიდან ხსნის სიკვდილის ფენომენს და ჩვენ ნათლად ვხედავთ მის დაცილებას ტრანსენდენტალური მსოფლმხედველობისგან. კიდევ ერთხელ გამოიკვეთება თუ რამდენად მოცულია პერსონაჟის სააზროვნო არეალი წმინდა მეცნიერული ემპირიული რწმუნებით. ამის საპირისპიროდ რელიგია იმის რწმენას მოითხოვს, რისი დასაბუთება და ახსნაც შეუძლებელია მატერიალურ სამყაროში.

პაველს რომ შევხედოთ, რომელიც მცირეწლოვანია და ახლა ეცნობა სამყაროს, მამამისის გავლენის ქვეშ არის. ამის მაგალითია ის მომენტი, როდესაც ის ცდილობს დაადგინოს რა ესიზმრება დედამისს. პაველი დარწმუნებულია, რომ თუ მის კომპიუტერს შეუძლია დაადგინოს სძინავს თუ არა დედას, მაშინ მამამისის კომპიუტერს, რომელიც უფრო ძლიერია, იმის თქმაც შეუძლია თუ რა ესიზმრება მას. აქ კიდევ ერთი პატარა დეტალი უნდა ჩავრთოთ. ის რომ მამა პაველს თავის კომპიუტერთან მიკარებას უკრძალავს, მნიშვნელოვანი პარალელია იკონურ ხატებთან, რომლებთან მიკარებაც საკრალიზებულია და რომლებთან ურთიერთობასაც თავისი წესები აქვს. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ქშიშტოფი ისევე მიემართება თავის კომპიუტერს, როგორც მორწმუნე საეკლესიო ხატებსა და სხვა ნივთებს.

თავშივე აღვნიშნე რომ აქ ორი საწყისი ეჯახება ერთმანეთს, მეცნიერული და სარწმუნოებრივი. იმისთვის რომ განვაზოგადოთ და უფრო ფართო ჭრილში დავინახოთ იდეა, რომელიც ფილმს უდევს საფუძვლად, მე როგორც კომპარატივისტი თავს ვალდებულად ვთვლი ლიტერატურული პარალელი გავავლო, მითუმეტეს რომ ბლოგის პირველადი კონცეფციაც ლიტერატურას ეყრდნობა. პირველ რიგში, გასააზრებელია ის, რომ მეცნიერება არავითარ შემთხვევაში რწმენის არსებობა-არარსებობას თავისთავად არ გამორიცხავს. ამ კონკრეტული ფილმის მაგალითზე, ჩვენ გვყავს პერსონაჟი, რომელიც მთელ თავის რწმუნებას ერთ საწყისზე მიმართავს, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდება რომ სამყარო არ შეიძლება იყოს სწორხაზოვანი. უხეშად რომ ვთქვათ, პერსონაჟი თვლის, რომ ყველა გამოთვლა აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და თუ ამ გამოთვლებს ირწმუნებ, წინასწარ შეძლებ ყველა შედეგის განსაზღვრას. აქ ძალიან საინტერესო დიალოგია პაველსა და მამიდამისს შორის, რომელიც ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისიც და მისი ძმაც კათოლიკური ტრადიციის მქონე ოჯახში გაიზარდნენ და მათი მშობლები რელიგიურები იყვნენ, ის ვერ ხსნის რატომ არ სწამს მის ძმას ღმერთის.

რაც შეეხება ლიტერატურულ პარალელს მე შემიძლია გავიხსენო მოდერნისტი ავტორები, მაგალითად ჯოისი ან ვინმე სხვა, ვინც აღწერდნენ სამყაროს რომელშიც სიკვდილი ყოველდღიურობიდან განდევნილი იყო და ეს ლოგიკა ძალიან ჰგავდა ქშიშტოფის ლოგიკას. ისინი თვლიდნენ, რომ თუ ყველა წესს სათანადოდ დაიცავდნენ, მაშინ მათ არ უნდა ჰქონოდათ სიკვდილის შიში. მთავარი იყო იმ ტრადიციებისა და საუკუნოვანი დოგმების ზუსტად შესრულება, რომლებიც ოდითგანვე მოსდევდათ და უხეშად რომ ვთქვათ სამოთხე გარანტირებული ჰქონდათ. მოდერნისტებს და შემდგომ უკვე პოსტმოდერნისტებს, უფრო აგრესიულად, შემოაქვთ ფენომენი რომ სამყარო არ არის ასეთი ერთფეროვანი და ადამიანი ვერ ხსნის მას კონკრეტული მიმართებებით. არსებობს რაღაც სხვა გარდა იმ დადგენილი წესისა, რასაც აქამდე მივყვებოდით, უფრო გვიან ამ ახსნამ პოსტმოდერნისტულ ქაოსამდე მოაღწია.

ამ ფილმის შემთხვევაში, ეს მომენტი კარგად ჩანს როდესაც საბოლოოდ ქშიშტოფი გაიგებს ყინულის ჩატეხვის ამბავს, რომელიც წინა ღამით გაზომა, თუმცა პაველი მაინც გააფრთხილა არ მიუახლოვდეო, მას სჯეროდა რომ ყინული არ შეიძლებოდა ჩამტყდარიყო. აღმოჩნდა, რომ ყველაფრის გათვლა შეუძლებელია. აღმოჩნდა, რომ ის რასაც ადამიანი უპირობო ჭეშმარიტებად იღებს, არ არის უპირობო ჭეშმარიტება. ყინული მართლა არ უნდა ჩატეხილიყო, მაგრამ ზედ წყალი მოასხეს. როდესაც ყინულის სისქე გამოთვალა, ქშიშტოფი ვერ გამოთვლიდა იმას, რომ იქ, ტბის ნაპირზე ვინმე სწორედ მაშინ დაანთებდა ცეცხლს რაც თავისთავად იმოქმედებდა ყინულზე. ეს ხომ რაიმე ზებუნებრივი ძალა არ ყოფილა. ეს შემთხვევითობა იყო, რომელსაც გამოთვლები არ უჩვენებს. ყველა გამოთვლა შეიძლება ზუსტი იყოს, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც ვერ გაითვალისწინებ და ეს რაღაც არააუცილებლად ირაციონალურია,მაგალითად ის რომ წინა ღამით ყინულზე თბილი წყალი მოასხეს. მთელი კვანძი იქ იკვრება, როცა შენ მართალი ხარ მაგრამ ეს სიმართლე საკმარისი არ არის. როცა ადამიანმა დანამდვილებით იცის რაღაც, მაგრამ ეს ცოდნა არ იძლევა იმის საშუალებას რომ საფრთხე თავიდან აიცილოს. ალბათ ცუდი რეჟისორი ამას მთლიანად რელიგიური ქვეტექსტით შეფუთავდა, მაგრამ მთელი ტრაგედია იმაშია, რომ არაფერი აუხსნელი არ მომხდარა, ყველაფერი ლოგიკას ექვემდებარება. სწორედ იმას რისიც ამდენი ხანი სჯეროდა პროტაგონისტს და ამ ლოგიკის საზღვრებშიც კი დაუცველი აღმოჩნდა. შემთხვევითობათა ლოგიკურმა ჯაჭვმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ის რაც ამ ფილმში გამოიწვია და რას შეცვლი ასეთ დროს? ალბათ ჯობდა ისევ გამოთვლაში დაეშვა შეცდომა პერსონაჟს მაგრამ სწორედ ის, რომ არც ერთი ლოგიკით ყინული არ უნდა ჩამტყდარიყო და ეს ნამდვილად ასე იყო, ამ პერსონაჟის ტრაგედიაა, იმიტომ რომ საკმარისი არ აღმოჩნდა.

სინამდვილეში, პაველის სიკვდილმა აჩვენა, რომ რასაც არ უნდა ეთაყვანებოდე, აბსოლუტური არაფერია. იმავე პაველის მამიდას ძმისგან განსხვავებით ხომ სწამდა ღმერთისა და როგორც ირკვევა ეკლესიაშიც დადიოდა, მაგრამ მისი ძმისშვილი შემთხვევითობამ იმსხვერპლა. ეს არ არის არც ერთი მოცემულობის ცალსახა კრიტიკა. საუბარია “კერპის” განზოგადებულ მნიშვნელობაზე. აღმოჩნდა, რომ ბრმა რწმენა და რომელიმე ერთის აბსოლუტურ ჭეშმარიტებად წარმოდგენა, ორივე შემთხვევაში, კერპთაყვანისმცემლობას უტოლდება. ამისთვის გაგახსენებთ ფილმის ბოლო კადრს, ეკლესიაში როდესაც ღვთისმშობლის ხატთან ქშიშტოფი საკურთხეველს გადმოანგრევს და სანთლის შხეფები ხატზე ესხმევა. ჩემი აზრით მთელ ფილმში საუკეთესო კადრია. მგონი ჩემი შიშიც ბავშვობაში სწორედ ამ კადრმა გამოიწვია.

არ შემიძლია ისე დავასრულო, რომ მუსიკას არ შევეხო. ზბიგნევ პრეისნერის ფლეიტის სოლო სწორედ იმ საკრალურ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც ამ ფილმისთვის იდეალურია. შეგახსენებთ რომ დეკალოგის ათივე ფილმში სწორედ ამ კომპოზიტორის მუსიკაა გამოყენებული, რაც მე პირადად დამატებით ღირსებად მიმაჩნია.

zbignew preisner-dekalog1

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: