შიგთავსზე გადასვლა

კენ კიზი-ერთმა გუგულის ბუდეს გადაუფრინა

One Flew Over The Cuckoo's Nest (turtleback School & Library Binding Edition)

მოდით იმით დავიწყებ, რითაც რომანი იწყება. სათაურით. მოგეხსენებათ ეს იმ გათვლიდან არის, რომელსაც ინდიელი ბრომდენი ბებიასთან ერთად თამაშობდა ბავშვობაში. ინგლისურ ორიგინალში ის ასე ჟღერს one flew east, one flew west, one flew over the cuckoo’s nest ერთი აღმოსავლეთით გაფრინდა, ერთი დასავლეთით, ერთმა კი გუგულის ბუდეს გადაუფრინა.. ჩემი აზრით, ეს უფრო ზუსტი თარგმანი იქნებოდა, მთარგმნელთან დიდი ბოდიში, მაგრამ რომ არ მეთქვა არ შემეძლო. თავად ამ გათვლის მთავარი პრინციპი ის არის, რომ ის ვინც თამაშიდან გადის, თავისუფალია და თავად ირჩევს საით წავიდეს, საით გაფრინდეს…

ფილმისგან განსხვავებით წიგნში ამ ამბავს ინდიელი ბელადი, ბრომდენი გვიამბობს და ნაწარმოების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. რაც შეეხება მაკმერფის, ის მეამბოხე ადამიანია, მაგრამ როგორც კი გაიგებს, რომ ამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ის თავისი ნებით კი არ არის არამედ მის ბედს კლინიკის თანამშრომლები წყვეტენ, მისი მეამბოხეობა თითქოს უკან იხევს და ცდილობს მოერგოს არსებულ რეალობას. ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ძალიან კარგად ჩანს, რომ მაკმერფი მამაცია მანამ, სანამ იცის რომ ეს ყველაფერი დროებითია, სანამ უკანდასახევი გზა აქვს. როგორც კი ის გაიგებს რომ მისი ბედი სხვების ხელშია უკვე აღარ არის ისეთი ენთუზიასტი და საკუთარი კეთილდღეობა უფრო ადარდებს, ამიტომ გადაწყვეტს რომ მოერგოს კლინიკის წესებს.

ჩეზვიკის სიკვდილი ერთგვარი შემობრუნების წერტილია მაკმერფისთვის. სწორედ ეს არის სიგნალი რომ მან ბრძოლა უნდა განაგრძოს. როდესაც მაკმერფი ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩეზვიკის დასაცავად არაფერს აკეთებს ამით ჩეზვიკს აჩვენებს რომ ის რისკენაც მანვე უბიძგა უიმედო ბრძოლაა და სწორედ ამის შემდეგ იკლავს ჩეზვიკი თავს, ამიტომ მაკმერფის შეუძლია თავი დამნაშავედ იგრძნოს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ პასუხს ვაგებთ მათზე, ვინც მოვიშინაურეთ.

მაკმერფიზე საუბარს ისე ვერ დავასრულებთ, რომ მისი და ბელადის ურთიერთობა არ ვახსენოთ. ბელადი, რომელიც თავს ყრუ-მუნჯად ასაღებს და ცდილობს ამით გაექცეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეალობას, მხოლოდ მაკმერფის ელაპარაკება. ექვსი ფუტის სიმაღლის კაცი, მაკმერფის ეუბნება შენ ჩემზე დიდი ხარო და აქ ჩანს მისი დამოკიდებულება მაკმერფის მიმართ. მაკმერფიმ უნდა გაზარდოს ის, უნდა მისცეს ძალა, რომ აქაურობას თავი დააღწიოს და ის ამას ახერხებს კიდეც.

მედდა რეტჩედი, რომელიც პაციენტებს კურირებს საუკეთესო მედდად ითვლება მთელ საავადმყოფოში. მისი რეპუტაცია ისეთივე უნაკლოა, როგორც მისი თეთრი უნიფორმა. ის ყველა წესს ზედმიწევნით იცავს. თუმცა ამავდროულად ყოველ შეხვედრაზე ახერხებს პაციენტები ერთმანეთს წაჰკიდოს და არეულობა გამოიწვიოს. ამას რომ კითხულობ, მაშინვე ნიურნბერგის პროცესი გახსენდება სადაც ადამიანები, რომლებიც ნაცისტურ რეჟიმს ემსახურებოდნენ და ბავშვებისგან საპონს ამზადებდნენ, თავს იმით იმართლებდნენ, ჩვენ რა დავაშავეთ, ბრძანება იყო ასეთიო. მედდა რეტჩედი სწორედ ამ კატეგორიის ადამიანია. მისთვის კანონი მორალზე მაღლა დგას ამიტომ არის ის მაკმერფის იდეოლოგიური მტერი. ამიტომ მის რეტჩედს ისეთივე მანიაკალურ- ობსესიური დამოკიდებულება აქვს რენდალ მაკმერფის მიმართ, როგორც აჰაბს მობი დიკთან. მაკმერფი მისთვის წესებიდან გადახრა, ერთგვარი პერვერსიაა… ასე ვთქვათ ბუნების ნაწილი რომელიც მის დამყარებულ წესრიგს საფრთხეს უქმნის.

მედდა რეტჩედი ყოფილი სამხედრო ექთანია, მან ძალიან კარგად იცის პაციენტების სისუსტეები. პაციენტებისთვის ის ერთი მხრივ დედის და მეორე მხრივ ძალადობის მექანიზმის ფუნქციას ითავსებს. ეს დაახლოებით იგივეა რაც ორუელის 1984-ში დიდი ძმა. რომელიც ყველაფერს აკონტროლებს.

საბოლოოდ, ძალიან გაჭირდება იმის თქმა, ვინ არის უფრო დაავადებული ამ საავადმყოფოში. ექიმი თუ პაციენტი. აქ ყველას თავისი ბრძოლის იარაღი აქვს. რენდალ მაკმერფის წარუმატებელი ლობოტომიური ექსპერიმენტი შეიძლება მისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს, მაგრამ სხვას მისცეს თავისუფლების იმპულსი. თუ რენდალ მაკმერფი პიროვნება აღარ არის, ესე იგი ის ისედაც მკვდარია, თუნდაც სასიცოცხლო ფუნქციები შენარჩუნებული ჰქონდეს. ზოგჯერ დგება ისეთი მომენტი, განსაკუთრებით ლიტერატურაში, როდესაც ადამიანის მოკვლა მისი გადარჩენის ტოლფასი ხდება. მაკმერფიმ გაზარდა ბრომდენი და აგრძნობინა მას, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის. ჯვრის ფორმის საპროცედურო მაგიდაზე მაკმერფი უკვე გააკრეს, ეს ერთგვარი ჯვარცმაა მისი სახით, რომლითაც მან თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა და სხვას გაუხსნა გზა თავისუფლებისაკენ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: