შიგთავსზე გადასვლა

მდგმური /the tenant

the tenant roman polanski

ეს ფილმი ღრმა ბავშვობაში მქონდა ნანახი და მეორედ წლების შემდეგ მივუბრუნდი. პოლანსკის რომ ჩემი ქება არ სჭირდება კი ვიცი, მაგრამ გული არ მითმენს არ აღვნიშნო, რომ ეს არის კაცი, რომელსაც მინიმალური ეფექტებით შეუძლია მაქსიმალური შედეგის მიღწევა.

ტრელკოვსკი, რომლის როლსაც თავად პოლანსკი თამაშობს და რომელიც მასავით მიგრანტია, ქირაობს ბინას, რომლის წინა მობინადრეც ფანჯრიდან გადმოხტა. როდესაც სახლის მეპატრონესთან მოსალაპარაკებლად მიდის ის კაცი ასეთ რამეს ეუბნება-სანამ მადამ შული არ მოკვდება ბინას ვერ მოგაქირავებთო. რასაკვირველია, რომ ამ სიტყვების შემდეგ მეპატრონის მიმართ დაძაბულობის შეგრძნება ძალიან მცირედ მაგრამ მაინც გვიჩნდება. პირველი საკვანძო მომენტი ის არის, როდესაც ტრელკოვსკი სიმონა შულის მოსანახულებლად საავადმყოფოში მიდის და ამ ქალის მეგობარს სტელას შეხვდება, რომლის როლსაც იზაბელ აჯანი ასრულებს. პირველად სწორედ ამ დიალოგში არის ნახსენები სიტყვა “თვითმკვლელობა”

ნელნელა, დროთაგანმავლობაში, ტრელკოვსკის პირადი სივრცე შეკუმშვას იწყებს. დაწყებული იქიდან, რომ ყავახანის მეპატრონე არც კი ეკითხება რა უნდა თვითონ წყვეტს კაკაოს მორთმევას და ლურჯი გალუაზის ნაცვლად მუდამ წითელ მალბოროს აჩეჩებს,თან ამას ერთვის ის, რომ სიმონა შულიც არასოდეს სვამდა ყავას და მუდამ წითელ მალბოროს ეწეოდა. იმით დამთავრებული რომ მეზობლები მინიმალურ ხმაურსაც კი ვერ იტანენ და თითქოს ჩასაფრებულის პოზიცია უკავიათ ტრელკოვსკის მიმართ.

რადგან მთელი ფილმი პროტაგონისტის პერსპექტივაზეა აგებული, ყველაფერს ტრელკოვსკის გადმოსახედიდან აღვიქვამთ. მამაო ეკლესიაში ქადაგების დროს მოულოდნელად დისკურსს იცვლის და აბსოლუტურად არადამახასიათებელ მონოლოგს იწყებს. ეს ძალიან საინტერესო მომენტია მითუმეტეს, რომ წამის შემდეგ მაყურებელი დარწმუნებულია, რომ მთელ ამ საშინელებას მამაო კონკრეტულად ტრელკოვსკის ეუბნება…

აქვე ერთი სცენა, როდესაც ლიფტში შესულ ტრელკოვსკის ასფიქსიის შეტევა ეწყება და ეჩვენება რომ ახრჩობენ.. პირველად სწორედ აქ ჩნდება ზღვარი პერსონაჟის წარმოსახვასა და რეალობას შორის. მეორე მხრივ ეს მომენტი იმითაც არის საინტერესო, რომ პოლანსკის მიზანი სწორედ ამ ასფიქსიის საზოგადოებაზე განზოგადებული ჩვენებაა.

თანდათანობით, ის შეთქმულება რომელშიც ტრელკოვსკი მეზობლებს ადანაშაულებს და ფიქრობს რომ სწორედ მათ მიიყვანეს სიმონა შული თვითმკვლელობამდე, მთელ საზოგადოებაზე ვრცელდება. პრინციპში დასაწყისშივე გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც მეზობელმა მეზობელი არიის მღერის გამო იარაღით მოკლა, ტრელკოვსკის ამ გარდაუვალობის ელემენტს დებს. რეჟისორი თითქოს ნიადაგს ამზადებს და გვეუბნება, რომ ეს მხოლოდ აქ ტრელკოვსკის ბინაში კი არ ხდება, ამაზე გაზეთებიც წერენ მთელ პარიზში და მეზობლები ყველგან ერთნაირები არიანო. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ტრელკოვსკის პერსპექტივაა.

მთელი ფილმის განმავლობაში, პოლანსკი ცდილობს პარალელურად გვაჩვენოს როგორც რეალობა ისე ტრელკოვსკის პერსპექტივა თუმცა მისი ერთი შეხედვით რეალური საფრთხეები, ნელნელა სულ უფრო ცხადად მიუთითებს მის პარანოიაზე. მოკლედ რომ ვთქვათ საკითხი ასე დგას: ერთი ვარიანტია, რომ სიმონა შული მეზობლებმა გააგიჟეს და აიძულეს თავი მოეკლა, ახლა კი უნდათ,ტრელკოვსკისაც იგივე დამართონ. მეორე ვარიანტი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ტრელკოვსკის წარმოსახვის ნაყოფია და ქალის თვითმკვლელობასთან მეზობლები არაფერშუაში არიან.

ამ ფილმის ყურებისას ეს ორივე განცდა თანაბარია და ერთმანეთს ებრძვის. ფილმის სადღაც შუა ნაწილიდან უკვე იმაზე იწყებ ფიქრს, რომ ეს ყველაფერი თავისთავად კი არ ხდება ტრელკოვსკი არაცნობიერად იმეორებს იმ სცენარს, როგორც მას წარმოუდგენია მადამ შულის თვითმკვლელობამდე მიყვანა. მას ჰგონია რომ გარშემო ყველაფერი ამ ფინალისკენ მიიწევს სინამდვილეში კი თვითონ მიდის თვითმკვლელობამდე.

ბოლო სცენაში, როდესაც მუმიფიცირების ტექნიკით შეხვეული უკვე ტრელკოვსკი წევს მადამ შულის ადგილას საავადმყოფოში ის ხედავს თავის თავს სტელასთან ერთად, როდესაც თვითონ მივიდა სიმონას სანახავად საავადმყოფოში. ერთი მხრივ გასაგებია, რომ სიუჟეტის ლოგიკური შეკვრაა მაგრამ აქ ისევ ისმის კითხვა ეს ყველაფერი სპირალივით წრეზე ბრუნავს თუ ტრელკოვსკიმ არაცნობიერი არჩევანი გააკეთა სრული სიზუსტით გაემეორებინა გონებაში წარმოდგენილი სიმონას გზა თვითმკვლელობამდე. მართლა ასეთი საშინელი მახრჩობელაა ეს საზოგადოება თუ ტრელკოვსკის საკუთარ ფსიქიკაში გაჩენილი პროექციები ახრჩობს…..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: