შიგთავსზე გადასვლა

სამწუხაროა, ღმერთებს არ შეუძლიათ ჩვენსავით მოიკლან თავი

პირადად ჩემთვის, თითოეულ მხატვრულ ტექსტს თავისი ტემბრი და შეფერილობა აქვს. მაგალითად აკუტაგავას მოთხრობები, მუდამ მაგონებს ჩაკეტილ ბნელ ოთახს, რომელც საუკუნეების მანძილზე არავის გამოუხსნია და ჰაერი იატაკამდეა ჩამოსული სიმძიმისაგან.

საერთოდ აზიური ესთეტიკა, გნებავთ კინოში და გნებავთ ლიტერატურაში, მთლიანად რიტუალურია. აი აზიური ფილმები ვისაც გიყვართ, ალბათ დააკვირდებოდით იმ მდორე ტემპს, რომლითაც კადრები ენაცვლებიან ერთმანეთს. თითქოს თითოეულ მოძრაობას მცენარისა იქნება ეს თუ ადამიანისა, აზიელები რიტუალად მიიჩნევენ და ცდილობენ ბოლომდე დაატანონ გემო. ამავეს თქმა შემიძლია აკუტაგავას მოთხრობებზე.

იაპონური მწერლობა, მაინც ტანკასა და ჰაიკუს მშობელია, ამიტომ არ გაგიკვირდებათ, როცა დაინახავთ რა ტექნიკით არის დაწერილი “ცხოვრება იდიოტისა” აქ თითქოს ორმოცდათერთმეტჯერ შეჩერდა ავტორი და მოკლედ მოინიშნა მომენტები საკუთარი ცხოვრებიდან. რასაკვირველია არ ვამტკიცებ, რომ მოთხრობა მთლიანად ავტობიოგრაფიულია, მაგრამ ავტობიოგრაფიის ელემენტებს ნამდვილად მოიცავს.

წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება კინოფირზე და დაყავით ის ორმოცდათერთმეტ ნაწილად. რომელ მომენტებს ამოარჩევდით? ჩათვალეთ რომ სამონტაჟოში ზიხართ და თითის ერთი დაჭერით შეგიძლიათ გააჩეროთ კადრი სასურველ ადგილას. გაიხსენოთ ის მომენტი თავისი ხმით, სურნელით, გაიხსენოთ იმ შოკოლადის გემო, რომელსაც ამ კადრში მიირთმევთ. თანამოსაუბრის სუნამოს სუნი და პერანგზე მორღვეული ღილის ქანაობის ტრაექტორია… დაახლოებით ასეთ შეგრძნებებს იწვევს აკუტაგავას ეს პაწაწინა მოთხრობა, მაგრამ რადგან თქვენს ცხოვრებაზე ვსაუბრობთ ერთი კადრი აუცილებლად გვაკლია…

როგორც ვთქვი, იაპონელებს დიდი მიდრეკილება აქვთ რიტუალების მიმართ. მათივე ძირითადი რელიგიური მოძღვრება, უარყოფს ყოველგვარ მიწიერს და მიაჩნია, რომ ადამიანი, დედამიწაზე გაჩნდა იმისთვის, რომ იტანჯოს, შესაბამისად სიკვდილი მათთვის მუდმივი ძიების საგანს წარმოადგენს. აი თქვენს კინო ფირს კი სიკვდილი აკლია, როგორც სიცოცხლის ლოგიკური გაგრძელება.

ბოლო სტრიქონებში, აკუტაგავამ მიაღწია იმას, რასაც მისი პერსონაჟი მთელი მოთხრობის განმავლობაში თან დაატარებს და სხვაგან კი ეძებს. რასაკვირველია, კონტექსტიდან ამოგლეჯვით ეს ოდნავ წარმოუდგენლადაც კი ჟღერს, მაგრამ მთელი დროის განმავლობაში, ადამიანს სიკვდილი თან დააქვს, როგორც ჩრდილი.

ის პასაჟი, რომელიც სათაურად გამოვიტანე, ყველაზე მარტივად ხსნის იმ განცდას, რომლის გაზიარებაც უნდა ავტორს. ზოგიერთ ადამიანს უყვარს სიცოცხლე, ზოგიერთი არც არასოდეს არ ფიქრობს სიკვდილზე, მაგრამ თუ რამ გარანტია არსებობს ამ ცხოვრებაში, ერთადერთი ის, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად ექნება ფინალი, ჩვენ, ყველა, ერთდღეს, აუცილებლად მოვკვდებით. თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს კი არ აშინებთ, არამედ იმედს აძლევთ, რომ მათი ტანჯვა ოდესმე დასრულდება. ასე ხდება ხოლმე, ზოგჯერ, მძიმე სენით დაავადებულებში.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი და მარტო თქვენი სიცოცხლე უსასრულოა. ამ უსასრულობაში, მე თუ ყველა იმ ადამიანს დავკარგავ ვინც მიყვარს, ყველა იმ ტკივილს განვიცდი, რასაც ადამიანები განიცდიან და ეს გაგრძელდება მუდამ და მუდამ…..ღირს კი ეგეთი სიცოცხლე? მოკლედ, დაახლოებით ისე გამომივიდა, “შენ გენაცვალე სიკვდილო სიცოცხლე შვენობს შენითაო,” მაგრამ მთელი ამ მოთხრობის ამბავი, სიკვდილის გაშინაურებაა, როდესაც ის საშიში კი არა აუცილებელი ხდება. რასაკვირველია აკუტაგავას ფსიქოტიპზე არსებული ცნობების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს მოთხრობა მისი, სუბიექტური, სუიციდალური მიდრეკილებების ნაყოფია, მაგრამ ფაქტია რომ უმნიშვნელოვანეს არამატერიალურ საწყისებს ძალიან ხელშესახებს ხდის.

თუ ვინმეს არ წაგიკითხავთ, ვერავითარ სპოილერს თქვენ აქ ვერ ნახავთ. ფიზიკურად შეუძლებელია ამ ტიპის ტექსტის დასპოილერება, ამიტომ თქვენით უნდა წაიკითხოთ და ნახავთ, რა ხდება მწერლის თავში, რომელიც სამყაროს კიდეზე დგას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: