შიგთავსზე გადასვლა

ფრანც კაფკა-“გარდასახვა”

Image result for franz kafka metamorphosis

კაფკას ყოველი მოთხრობისა თუ მცირე რომანის წაკითხვისას, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ არც ერთ სხვა მწერალს არ შეუძლია ასე სრულყოფილად გაგრძნობინოს ძრწოლა წიგნის ფურცლებიდან, როგორც მას. მაგალითად “გარდასახვა” ამის სრული თვალსაჩინოებაა. კაფკა აქ შემაშფოთებელი ნატურალიზმით აღწერს ადამიანის ბოლო ინსტანციამდე დაცემას, რის შემდეგაც მის გარშემო ყველა ერთი მეორეს მიყოლებით იწყებს საკუთარი ნამდვილი სახის წარმოჩენას.

მას შემდეგ, რაც გრეგორ ზამზა ხოჭოდ გარდაიქმნა, ადამიანი რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, ყველას მხოლოდ თმენის ვალდებულებაში გადასდის და შიშნარევ ზიზღს იწვევს. ზამზა, რომელიც მუდამ დაუღალავად და რუტინულად შრომობდა ოჯახის ვალების გასასტუმრებლად, რომლის დამსახურებითაც მისი ოჯახისწევრებს თავზე ჭერი და ლუკმა-პური არ მოკლებიათ უცებ ტვირთად იქცა, რომლის მოშორებაც ყველას უნდა თუმცა რაღაც ძალით ჯერ კიდევ ითმენენ.

მახსოვს, ერთხელ ერთი ჩემი ლექტორი, რომელიც ყოვლად დაუჯერებელი ამბების მოყოლის ოსტატია, რაღაცის მოყოლას აპირებდა და უცებ ასეთი რამ თქვა: “ეს ამბავი სრულიად დაუჯერებელია და მე არა ვარ კაფკა რომ ის მეტ-ნაკლებად დამაჯერებლად აღვწეროო” როცა “გარდასახვაში” ხოჭოს სხეულის აღწერას კითხულობ ეს ფრაზა გასაგები ხდება. იმდენად დეტალურად და ნატურალისტურად არის აღწერილი ზამზას ახალი სხეული, მისი ყოფა ამ სხეულში, მისი ნელ-ნელა ტრანსფორმირებული ხმა, რომ აუცილებლად ძრწოლა შეგიპყრობს.

ძალიან მნიშვნელოვანია თავად პერსონაჟის განცდები, რომელიც მიუხედავად იმისა რაც დაემართა თავდაპირველად სრულიად ყოფით ჩარჩოში ჯდება. მაგალითად ის დარდობს, რომ აგვიანდება ავტობუსზე. არადა პატიოსანი თანამშრომელია, ავადაც კი არასოდეს გამხდარა. ნელ-ნელა ზამზას წუხილები სულ უფრო ადამიანური ხდება. მას შემდეგ რაც ის ხოჭოდ გადაიქცა და ახალ რეალობაში მოხვდა, არ შეიცვალა მისი ფიქრები ოჯახის მიმართ. მას ისევ უნდა რომ მისმა დამ კონსერვატორიაში ჩააბაროს და ღირსეული პროფესია ჰქონდეს. ისევ ეხმარებოდეს ოჯახის წევრებს როგორც ადრე ეხმარებოდა… რაც დრო გადის სულ უფრო გრძნობს ზამზა როგორ უშლის ხელს თავისი არსებობით ოჯახის წევრებს. დას, რომელსაც ყელში ამოუვიდა მასზე ზრუნვა. მამას, რომელსაც არაფრის გაგონება არ უნდა ამ საკითხზე და დედას, რომელსაც გული მისდის საკუთარი შვილის დანახვაზე.

როცა გრეგორ ზამზა ადამიანი იყო და სახლში ფული მოჰქონდა, სიხარულითაც ხვდებოდნენ და ფულსაც მშვენივრად ინაწილებდნენ ოჯახისწევრები, ახლა კი მისი დანახვაც ზიზღსა და შიშს იწვევს. კაფკა გვაჩვენებს რომ გრეგორს ყველაფრის მიუხედავად უყვარს თავისი ოჯახი, მაგრამ ზოგჯერ ეს სიყვარული არ კმარა. ის რომ გრეგორი შვილია, ძმა არის, არ ნიშნავს, რომ მისი სიკვდილი ოჯახისწევრებს არ შეიძლება უნდოდეთ.

როგორც არ უნდა გიყვარდეს ოჯახი, ეს არ გიცავს იმისგან, რომ მათ შეიძლება გაგწირონ და მშვიდად ამოისუნთქონ, როდესაც საბოლოოდ შენს გვამს დაინახავენ. მოთხრობაში არის ერთი, ჩემი აზრით, ყოვლად საზარელი მომენტი, როდესაც გრეგორის და, გრეტა ხმამაღლა იტყვის იმას, რაც მისი მშობლების გონებაშიც ტრიალებს, მაგრამ თქმას ვერ ბედავენ. ის ამბობს რომ გრეგორი აუცილებლად უნდა მოიშორონ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. არადა, გრეგორისთვის და სწორედ ის ადამიანი იყო, რომლის მიმართაც ყველაზე მეტი გავალება ჰქონდა და რომელთანაც ბოლომდე ინარჩუნებდა ემოციურ დამოკიდებულებას.

რასაკვირველია, იმის ახსნა, რომ ხოჭო მეტაფორაა, ნამდვილი მკითხველისთვის საჭირო არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი, სხვების დახმარება აქეთ დაგჭირდება და უფუნქციოდ დარჩები, ჯერ იმ ყველაფერს მოაშორებენ სახლიდან, რაც შენ შენივე თავს გახსენებს და მერე შენც აუცილებლად მიგაყოლებენ ზედ, მიუხედავად სისხლისმიერი კავშირებისა.

მე ბევრი მეგობარი მყავს, თუმცა მხოლოდ ძალიან ახლო წრემ იცის, ჩემი საყვარელი ფრაზა, რომ სისხლი ყველა ძარღვში არ გადის. ნებისმიერი კავშირი ადამიანებს შორის ორმხრივია. არ შეიძლება შენ იყო ვიღაცის შვილი თუ ისიც ამავდროულად არ არის შენი მშობელი და თუ რომელიმე ჩვენგანს ეს ურთიერთკავშირი გაუწყდა, ან თავიდანვე არ ჰქონია, მარტო ერთი ადამიანი ვერასოდეს შეძლებს ურთიერთობის შენარჩუნებას.

ადამიანებს ერთმანეთი გვიყვარს არა მოცემულობით, არამედ იმის გამო, როგორებიც ვართ ერთმანეთთან თუნდაც ისეთ ახლობელს ეხებოდეს საქმე როგორიც მამაა ან შვილი. მართალია ახლა დედები შემომეკამათებიან, მაგრამ განსაკუთრებით მამების შემთხვევაში ნამდვილად ასეა ხოლმე. აი, გრეტას ნამდვილად არ შეუშალა ხელი იმან, რომ გრეგორი მისი ძმა იყო. არც გრეგორის მშობლებისთვის შეუშლია რამეს ხელი კოშმარული სიზმარივით დაევიწყებინათ მისი ამბავი იმ დღესვე, როგორც კი ის მოკვდა და ისევე გაეგრძელებინათ ცხოვრება, როგორც მაშინ, როცა გრეგორ ზამზა, ჯერ კიდევ ადამიანი იყო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: