შიგთავსზე გადასვლა

ცენზურა ამერიკულად

პირველი საათი დაიწყო. ამაღამაც არ დამეძინება. მითუმეტეს, რომ როცა ვბრაზდები, ძილი საერთოდ მავიწყდება. ზოგადად არც ერთი იდეოლოგიის ფეტიში არ მაქვს და მითუმეტეს ძალადობას არასოდეს გავამართლებ, მაგრამ ყველაზე უარესი და გამაღიზიანებელი, მაინც ის არის, როდესაც დემოკრატიის შუქურად წოდებულ სახელმწიფოში, შვიდმაგი სტანდარტი იწყებს მოქმედებას და ამას სხვების შრომა, რეპუტაცია და ნიჭი ეწირება.

ის, რომ ჰოლივუდი ლიბერალიზმის კერაა ამერიკაში, გასაგებია. ნებისმიერ გაერთიანებას, აქვს უფლება პოზიციონირებდეს, ნებისმიერი იდეოლოგიის ფლაგმანად, მაგრამ ზოგადად, სამყაროში არსებობს რაღაც ღირებულებები, რომელიც არც ერთი იდეოლოგიის მიმართ არ იცვლება.

სწორად რომ გამიგოთ, ეს აპოლიტიკური პოსტია და არ მინდა ვინმემ რამე სარჩული მიაკეროს, მაგრამ თუ მიაკერებთ ეგეც თქვენი არჩევანია. რამდენიმე წელია, გარკვეული მიზეზების გამო, ამერიკელმა ქალებმა აიწყვიტეს და ვინც ვის სადმე, უხსოვარ დროს, უნაიროდ შეხედა თუ შეეხო ყველამ ყველაფერი გამოაქვეყნა. მარტო ტრამპს თერთმეტი ქალი აბრალებდა სექსუალურ შევიწროვებას, რომ ვერ დაუმტკიცეს ფაქტია.

ეს კამპანია ჰოლივუდში რომ შეიჭრა, კევინ სპეისით დაიწყეს და აღარ დაამთავრეს. მნიშვნელოვანია, რომ სპეისის შემთხვევაში ისიც დიდ როლს თამაშობდა, რომ საუბარი იყო არა ჰეტერო, არამედ ჰომოსექსუალურ შევიწროვებაზე. ის რაც სპეისისთან გააკეთეს, არავითარ ნორმებში არ ჯდება. გასაგებია, რომ ძალადობა ცალსახად დასაგმობია, უდანაშაულობის პრეზუმფციას არსებობასა და ასეთ დემოკრატიულ რამეებზე აღარ ვსაუბრობ, მაგრამ “ქაღალდის სახლიდან” მისი სცენების ამოჭრა რომელი დემოკრატიული სტანდარტის დაცვა იყო თქვენ თუ იცით, მითხარით.

რაც შეეხება დღევანდელი დღის მთავარ გმირს, ვუდი ალენს, უკვე დიდი ხანია რაც მისი და მისი გერის ურთიერთობის გარშემო მთელი ამბავია ატეხილი, ეს ხომ გუშინ არ დაწყებულა? ჯერ ერთი, ეს თუ სიმართლეა, (მე იქ არ ვყოფილვარ, არ ვიცი) აქამდე ეს დემოკრატიული საზოგადოება რას აკეთებდა არ მესმის. გოგო ამბობს, რომ ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც შვიდი წლის ვიყავიო. კარგი, ბავშვი იყავი გეშინოდა, ამდენი წელი როგორ შეინარჩუნა ვუდი ალენმა რეპუტაცია თუკი ის, რომ საკუთარ გერს ავიწროვებდა (თუ აუპატიურებდა) სიმართლე იყო. პოლანსკის არ იყოს, ესეც ხომ გადაიხვეწა საბოლოოდ.

ახლა უშუალოდ გამომცემლობაზე, რომელმაც ჯერ რონან ფეროუს წიგნი გამოსცა, რომელიც ქალებზე ძალადობას ეხებოდა და კონკრეტულად ვუდი ალენისა და მისი დის ურთიერთობით იყო ინსპირირებული და მერე იმავე გამომცემლობამ, ამაყად ჯერ მოიფიქრა ვუდი ალენის წიგნის გამოცემა მერე რომ მიხვდნენ, რომ ხაია მოუვიდათ უი, უი, ბოდიშიო და გადაიფიქრა. :დ

ეს კლასიკური ორ ერთადგილიანობაა, რომელსაც საფუძვლად ის მოსაზრება უდევს, რომ ყველას უნდა ასიამოვნო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ფეროუების გვარი, არასოდეს რომ არავის ეცოდინებოდა, ვუდი ალენი რომ არა, ამას მტკიცება არ უნდა და არც იმას ვამტკიცებ, რომ ალენს ცილს სწამებენ, მაგრამ მე გამომცემლობის პოზიცია ძალიან მაშფოთებს და ამ ამბავში სტივენ კინგს ვეთანხმები. პირველკურსელი მარკეტოლოგი მიხვდება, რომ ორი კონკურენტი პროდუქტი, ერთდროულად არ უნდა გაარეკლამო. გამომცემლობებს, ისეთი ავტორებისთვის უთქვამთ უარი, როგორიც მაგალითად დოსტოევსკია და ვუდიც რამენაირად გადაიტანდა ერთი გამომცემლის უარს, მაგრამ ფულის დანახვაზე ზოგჯერ ადამიანები ბრმავდებიან ხოლმე.

პოლანსკისაც იგივე ისტორია ჰქონდა თანაც დადასტურებული და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკისკენ ვეღარ გაიხედავს მისთვის კამერა არავის დაუმტვრევია და რატომღაც სპეისიზე და ალენზე ვენები გადაიხსნეს, ტეხავს. ჩვენ ვიცით ისეთი ავტორები, რომლებიც დიდი უმწიკვლოებით არ გამოირჩეოდნენ თავიანთი ყოფა-ქცევით. დოსტოევსკი რომ იყო მოძალადე ეგეთი უნდა. სხვათა შორის, ვაჟაც არანაკლებს ირტყმევინებოდა, თუმცა ამ ორივეს ყველაზე უფრო ჰუმანური ტექსტები აქვთ, რაც კი შეიძლება წაიკითხო.

იმ სტანდარტებით, რა სტანდარტებითაც ეს გამომცემლობა და ამერიკის ულტრალიბერალური ნაწილი აზროვნებს, გამოდის, რომ უნდა გამოვიტანოთ ზნეობრივად “არასწორი” ავტორების წიგნები მთელი ტირაჟებით და დიდი, მსოფლიო მასშტაბის აუტოდაფე უნდა მოვაწყოთ და ამას ქვია ლიბერალიზმი? ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ავტორს საბჭოთა ცენზურა დაბლოკავს,თუ ლიბერალური. არადა იგივე იდეოლოგია ამბობს, რომ ადამიანი უმაღლესი ღირებულებაა…ჩამოყალიბდნენ იქნება.

მე ამას ლევინსკის სინდრომს ვეძახი. მახსოვს ჩემი შოკი, როდესაც ტედექსზე მოვისმინე გამწარებული ქალის მონოლოგი, რომელიც იმდენად მძიმე დეპრესიაში იყო, რომ ბანაობისას დედამისი აბაზანის კარს ღიას უტოვებდა, რომ თვითდაზიანებები არ მიეყენებინა და ეს იყო ქალი, რომელმაც პრეზიდენტ კლინტონთან ოვალურ კაბინეტში სექსის შემდეგ ბიოლოგიური მასალით დასვრილი კაბა თვითონ წარუდგინა სამართალდამცავებს. მე მესმის, რომ ნებისმიერი ბიზნესი მარკეტინგულ გათვლებზე დგას, ისიც ვიცი, რომ ადამიანები ყველაფერს აკეთებენ წარმატების, ცნობადობის, მეტი გაყიდული წიგნის, ფილმის თუ სხვა პროდუქტის მისაღებად ბევრ ხრიკს მიმართავენ, მაგრამ საკუთარი ღირსება, როგორ შეიძლება მარკეტინგის საგნად აქციო, არ მესმის. მათ ვინც ამით არის დაკავებული, ერთი საყვარელი ფრაზა აქვთ, ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი კარგია, რასაც შენზე წერენ, ნეკროლოგის გარდა. მე ეჭვი არ მეპარება რომ ეს გამომცემლობა ძალიან მაგარ მოგებას ნახავს ამ სკანდალის შემდეგ.

მათთვის, ვინც ამას კითხულობს და ამ ბლოგის თემატიკასთან კავშირს ვერ ხედავს, პატარა განმარტებას გავაკეთებ. მე მჯერა, რომ არსებობს რაღაცები უფრო მაღლა, ვიდრე ადამიანის პირადი აზრი ან მისი ცხოვრების წესი. იმიტომ, რომ ხელოვნება ამ ყველაფერზე მაღლა დგას. ნებისმიერ ავტორს, რომელიც ღირებულ ლიტერატურას ქმნის, მისი პიროვნებისგან დამოუკიდებლად აქვს უფლება გამოაქვეყნოს თავისი ნაშრომი, მითუმეტეს რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი, რომელიც ციხეში ზის მეორე უმაღლესს ამთავრებს და დილაობით ჩაის ტემპერატურას იწუნებს ხოლმე.

წლები გავა და არავის ემახსოვრება მია და რონან ფეროუები, მონიკა ლევინსკი, ბილ კლინტონი, კაცს დაბადებულს არ გაუგია ვინ იყვნენ ის თერთმეტი ქალი, ვინც ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდა. მეტსაც გეტყვით, თვითონ ტრამპიც არავის ემახსოვრება, მაგრამ პოლანსკის, ალენის, სპეისის ფილმები, წიგნები, დოსტოევსკის, ვაჟას ნაწარმოებები მაინც იარსებებენ, ავტორებისგან დამოუკიდებლად. წყალნი წავლენ და წამოვლენ და მხოლოდ ხელოვნება დარჩება უკვდავი…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: