შიგთავსზე გადასვლა

ამოს ოზი- ყველა მდინარე

Image result for amos oz

ბოლო დროს, მოთხრობებმა რომ გამიტაცა, ახალი ამბავი არ არის. მოთხრობების უმეტესობა სწორედ მაშინ მთავრდება, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი. ამას მოულოდნელობის ეფექტს ვეძახით. მოთხრობებს კი არა, მოულოდნელობის ეფექტი უფრო მეტად ნოველებს ახასიათებს. არც კი ვიცი “ყველა მდინარეს” შეიძლება თუ არა ნოველა ეწოდოს…

ეს არის ამბავი ისრაელში მცხოვრები ერთი ფილატელისტი კაცისა, რომელიც იშვიათ მარკებს აგროვებს, ეს საქმიანობა მას მემკვიდრეობით გადაეცა მამისგან. თუ დაო დე ძინს დავუჯერებთ, შემგროვებლები არასწორი ხალხია. ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ კი, სულ უფრო ვრწმუნდები რომ ბრძენი ხალხი ტყუილად არ ირჯებოდა.

საქართველოში ერთი ნიჭიერი კაცი ცხოვრობდა, რომელიც ამტკიცებდა რომ ყველაფერი იყიდება, სინდისის გარდა. ნივთები, რომლებიც ხისგან, ქვისგან ან მეტალისგან მზადდება არ შეიძლება ჩვენი სინდისის ნაწილი იყოს, ამიტომ მათი გაყიდვა დანაშაული არ არის. ქართველები მეტწილად ალტრუისტები ვართ ამიტომ, ეს აზრი სწრაფად ავითვისეთ. შეგროვება ხომ მხოლოდ მარკებზე არ ვრცელდება. ადამიანმა ყველაფერი შეიძლება შეაგროვოს, სიგარეტის ცარიელი კოლოფებიდან დაწყებული მოგონებებით დამთავრებული და მერე რაა როო?

დაო დე ძინი ტყუილად არ მიხსენებია. მის ფილოსოფიას თუ გავეცნობით მივხვდებით, რომ შემგროვებლობა ერთგვარი დაავადებაა, რომელიც ადამიანის ცხოვრებაზე აისახება. ერთი სიტყვით, ის ვინც აგროვებს მარკებს, აგროვებს ყველაფერს და ზოგჯერ ეს მომხვეჭელობა ხელს უშლის კიდეც.

დაო დე ძინი კი პირიქით, გათავისუფლების ფილოსოფიაა. გაითავისუფლო თავი დამოკიდებულებისგან რაღაცის მიმართ, არის დაოს მთავარი პრინციპი. ელეაზარის (პროტაგონისტის) ცხოვრების რუტინაში გამოკვეთილად ჩანს მისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ. ის მუდამ რაღაცას იხვეჭს: მარკებს, ჯილდოებს, სამხედრო წოდებებს და მაინც, მუდამ ერთფეროვნად ცხოვრობს. ის, რომ ახალგაზრდა გოგოებს უფლებას არ აძლევს დიდი ხნით დარჩნენ მასთან თითქოს პასუხისმგებლობის შიშია, რაღაცაზე ან ვიღაცაზე მიბმის შიში, მაგრამ მეორე მხრივ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია რაღაც შეცვალოს ვერაფრით იქნება თავისუფალი. ის მიბმულია თავისსავე ერთფეროვნებასა და მარტოობაზე.

ვისაც ეს მოთხრობა წაგიკითხავთ გემახსოვრებათ, ბოლოს ეს პოეტი ქალი, ტოვა მას ასეთ რამეს ეუბნება, რომ შენ უვლი შენს სხეულს, იცავ, ინახავ, მაგრამ ერთ დღეს ის აუცილებლად გიღალატებსო. სწორედ აქ ჩანს, რომ ტოვამ მას ძალიან კარგად გაუგო. ელეაზარი, ეს ჩინმედლებით დამშვენებული გმირი, გამოწკეპილი ფილატელისტი არ არის თავისუფალი…

ადამიანს შეიძლება მძიმე დაავადება ჰქონდეს, ჯოჯოხეთის ცხრა წრე გამოიაროს, თითები არ ჰქონდეს, ადამიანს შეიძლება ყველაფერი სჭირდეს და მაინც თავისუფალი იყოს. ამას რომ ვკითხულობდი, მარტინ ემისის “ღამის მატარებელი” გამახსენდა. იქაც სწორედ ეს ბინალურობაა მოცემული. ერთი მხრივ ალკოჰოლიკი, მოუწესრიგებელი ლამის ციროზიანი, საყვარლების რაოდენობაარეული ქალი, რომელზეც ბავშვობიდან ძალადობდნენ და მეორე მხრივ გაპრიალებული, კოპწია, ბეჯითი, ყოველგვარი სიკეთით შემკობილი გოგო…. და თავს ვინ იკლავს? ჩვენ შეგვიძლია ადამიანზე, რომელიც სოციალურად ჯანსაღად გამოიყურება, გადაჭრით ვთქვათ რომ ის ბედნიერია?

ცოტა ხნით, ისევ დაო დე ძინს დავუბრუნდები. ვინც იცნობს დაოს და ვინც არ იცნობს, ყველას გაუგია ფრაზა, რომ ათასი ლიეს მანძილი ერთი ნაბიჯით იწყება. ესეც ერთგვარი გათავისუფლებაა, გათავისუფლება ცვლილების შიშისგან. აი, როგორც ერთ ცნობილ სიმღერაშია:

И уж если откровенно
Всех пугают перемены,
Но, тут уж все равно!Вот, новый поворот,
И мотор ревет,
Что он нам несет?
Пропасть и взлет?
Омут или брод?
Ты не разберешь
Пока не повернешь.

ადამიანის თავისუფლება პასუხისმგებლობისა და გამბედაობის ერთობაა. ელეაზარის შემთხვევაში, ტოვასთან შეხვედრა უნიკალურ მარკათაგან ერთერთად იქცა, რომელსაც კოპწია ალბომში ჩააკრავს და ყოველ საღამოს გადაამოწმებს ხომ არ გახუნდა. ისევე როგორც მარკების თვალიერება, ეს მოგონებაც კარგი ღვინის დაგემოვნებასავით იქნება. ეს კი იმიტომ, რომ ჩვენ მუდამ გვარწმუნებენ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება ყოველთვის საზიანო და არასწორია, რომ სანამ ნაბიჯს გადადგამ და ათასი ლეის გზას დაადგები ათასჯერ უნდა დაფიქრდე.

არასოდესაა ცნობილი, რა მოხდებოდა, ისე რომ არ მომხდარიყო როგორც მოხდა და ამაზე ფიქრს ალბათ აზრიც არ აქვს, მაგრამ “ყველა მდინარე” სწორედ ის ამბავია, რომელიც ადამიანს საკუთარ გაუბედაობაზე მიუთითებს. მარადისობასთან მიმართებაში, ალბათ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შენი გადაწყვეტილება სწორია თუ არა, მაგრამ იმ მოკლე დროში, რომელიც დედამიწაზე საცხოვრებლად მოგეცა, რაღაც აუცილებლად უნდა გააკეთო, არარაობას ბოროტებაც კი ზიზღით უყურებს როგორც დანტე გვეუბნება. ზიზღი კი სიძულვილისგან კონოტაციურად განსხვავებული სიტყვაა. საზიზღარია ის, რაც თავისი სიმცირის თუ სიავის გამო, სიძულვილსაც კი არ იმსახურებს. ზიზღს საფუძველში სიმცირის, სიმხდალისა და უნიათობისაგან გამოწვეული სიბრალული უდევს.

ახლა თუ ვინმე მკითხავს, ელეაზარი უბედური ადამიანია, თავის მოწყობილ და დალაგებულ ცხოვრებაში საფოსტო მარკასავით ჩაკრული და იმის შიშით გაწამებული რომ არ დაზიანდეს. მოთხრობის ბოლოს ელეაზარი ამბობს, რომ როგორც კი ტოვამ ქორწინებაზე დაუწყო საუბარი, მაშინვე ყველა ვნებისგან დაიცალა… ეს ერთგვარი კასტრირებული მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს არ შეუძლია იმოქმედოს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობს. როგორც კი ელეაზარი გრძნობს, რომ რაღაც მასზეა დამოკიდებული და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, მაშინვე კასტრირებულ მდგომარეობაში ვარდება.

ეს მოთხრობა 1963 წელს დაიწერა, მაგრამ როცა კითხულობ, თითქმის ვერ გრძნობ ამას, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ისტორიულ ფაქტს, რაზეც გამახვილებულია ტექსტში ყურადღება. ეს დროის უგრძნობლობა იქიდან მოდის, რომ ის რაც ელეაზარს ჭირს სჭირს ყველას, ყველგან და ყოველთვის. ვერასოდეს ვერც ერთი მოთხრობა და რომანი, ვერც ფილმი კაცობრიობას ვერ შემოატრიალებს, მაგრამ თუნდაც ერთი ადამიანი ამის წაკითხვის შემდეგ თუ გადადგამს იმ საბედისწერო ნაბიჯს ეს ნიშნავს, რომ ლიტერატურას ადამიანზე ზემოქმედება ჯერ კიდევ შეუძლია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: