შარლ ბოვარი-ფრანგული ბურჟუაზიის დაცემა

მადამ ბოვარის ხსენებაზე, ერთი შეხედვით ყველაფერი გარკვეულია ხოლმე. როგორც კი ამ პერსონაჟის სახელსა და გვარს გავიგონებთ, მაშინვე მოღალატე, თვითმკვლელი ქალი წარმოგვიდგება თვალწინ და საუბარიც დასრულებულია.
დღეს მადამ ბოვარიზე კი არა მის ქმარზე, შარლ ბოვარიზე მინდა გესაუბროთ. არ ვიცი ავტორი როგორ იყო მაშინდელი მამაკაცების მიმართ განწყობილი, მაგრამ ფაქტია, რომ შარლ ბოვარის აგდებულად მოიხსენიებს და თუ აღწერას დავუჯერებთ, ყოვლად დამსახურებულადაც.
ის, რომ კაცები ცოლის ღალატის შესახებ ყველაზე გვიან იგებენ ხოლმე, ჟანრის კლასიკაა, მაგრამ შარლ ბოვარის უბედურება მხოლოდ ეს ნამდვილად არ იყო. მისი ხელმოცარულობა ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც სამედიცინო სასწავლებლის გამოცდებზე ჩაიჭრა და შემდგომ ხელმეორედ ჩააბარა. შარლ ბოვარი ბურჟუაზიის ანუ საშუალო კლასის წარმომადგენელია, მას არ სჭირდება ფიზიკური დატვირთვა იმისთვის, რომ საარსებო ფული იშოვოს. ის საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო იმდროინდელი გაგებით და განათლებაც შესაბამისი უნდა ჰქონოდა, მიუხედავად ამისა, მისი სოციალური ცხოვრება დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნის.
როდესაც მთელი ქალაქი ემა ბოვარისა და მის რომანებზე ჭორაობდა, რატომღაც მხოლოდ შარლს ჰქონდა თვალები დაბრმავებული და ყურები დაყრუებული. უსუსურობის გამართლება ბევრი რამით შეიძლება. ლიტერატურაშიც და ცხოვრებაშიც ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც სიმართლისაგან გასაქცევად უამრავ არგუმენტს იგონებენ. ზოგი ზედმეტად მიმნდობია, აი როგორც შექსპირის ოტელო, ზოგი ზედმეტად კეთილი, ზოგი კი ზედმეტად შეყვარებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გადაჭარბებულ კეთილშობილებას, ყოველთვის ცუდი შედეგი მოსდევს ხოლმე. როგორც რუსები იტყვიან ხოლმე,благими намерениями выстлана дорога в ад.
არა არს დაფარული რაიცა არ გაცხადდეს, ამიტომ არ მჯერა რომ ღალატის დამალვა სამუდამოდ შეიძლება, მითუმეტეს თუ ამას დროის მოკლე მონაკვეთში განგრძობითი სახე აქვს. ამიტომ დაუჯერებელია, რომ შარლ ბოვარის სიმართლე არ სცოდნოდა, უბრალოდ აქ უნებისყოფობაზე, ადამიანურ სისუსტეებსა და საზოგადოებრივი პრესტიჟის შელახვაზე გადის მთავარი ხაზი.
ბურჟუაზიულ საზოგადოებაში, სადაც ოჯახი პატარა სახელმწიფოა და მისი დანგრევის არავითარი საშუალება არ არსებობს. განგაშის ატეხვა მხოლოდ უარესად დააზიანებდა ემასა და შარლის ისედაც დიდი ხნის წინ შელახულ რეპუტაციასა და ღირსებას. მითუმეტეს, რომ ბავშვიც ჰყავდათ.
ასეთი მოწყობის საზოგადოებაში, სიყვარული და ოჯახი მკაფიოდ გამიჯნული ცნებებია. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ შარლის უნიათობა სიყვარულს მივაწეროთ. თუკი ძალიან დავიჟინებთ უფრო მეტად დანაკარგის შიშს გავს ეს ყველაფერი, ვიდრე სიყვარულს.
რადგან ნაწარმოებს ემა ბოვარის სახელი ჰქვია, ბევრს ავიწყდება რომ შარლ ბოვარი არანაკლებ მნიშვნელოვანი გმირია. მისმა უნიათობამ გამოიწვია ემას მარტოსულობის და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, რამაც მას ამ ჩახლართული რომანებისაკენ უბიძგა და აიძულა სხვების სათამაშოდ ქცეულიყო. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, როდესაც შარლი ემას წერილებს პოულობს… ერთია როდესაც რაღაცას ეჭვობ და დამამტკიცებელი საბუთი არ გაგაჩნია, ხოლო მეორეა, როდესაც აშკარა მტკიცებულებას წააწყდები იმისას, რისი დაჯერებაც ასე არ გინდოდა.