შიგთავსზე გადასვლა

ჩერნობილის ლოცვა- უსახელო გმირები

Image result for ჩერნობილის ლოცვა

სვეტლანა ალექსიევიჩი, ბელორუსი ჟურნალისტია, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში 2015წელს, წიგნისთვის “ჩერნობილის ლოცვა” ეს არის ზეპირი ისტორიები იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩერნობილის ატომური რეაქტორის აფეთქებას გადაურჩნენ. თავად წიგნს, მხატვრულ ლიტერატურას ვერ მივაკუთვნებთ. ეს უფრომეტად დოკუმენტალისტიკაა, ვიდრე მხატვრული ლიტერატურა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი, რაც კი ამ ჟანრში შეიძლება ადამიანმა წაიკითხოს.

მე ახლა 24 წლის ვარ და ვთვლი, რომ ჩემმა თაობამ უნდა იცოდეს რა მოხდა 1986 წლის 26 აპრილს, ჩერნობლის ნომერ მეოთხე ატომურ რეაქტორზე. რამდენიმე დღის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე ხალხი ინფორმაციულ ვაკუუმში მოექცა და არავინ იცოდა, რომ ატომური რეაქტორი აფეთქდა, რაც მათ განადგურებით ემუქრებოდათ.

“ჩერნობილის ლოცვა” იმ ადამიანების ისტორიებია, ვინც ჩვეულებრივად ცხოვრობდა, მუშაობდა, ოჯახებს ქმნიდა, 1986 წლის 26 აპრილამდე, სანამ ერთმა კონკრეტულმა წამმა მათი ცხოვრება არ შეცვალა. წიგნი იწყება ახალგაზრდა, ორსული გოგონას ამბით, რომელიც მეხანძრის ცოლი იყო. ახალდაქორწინებულები პირველ შვილს ელოდნენ, ეს ის პერიოდია, როდესაც ახლადშექმნილი ოჯახი ყველაზე ბედნიერია. ბავშვობაში ყველას გვიოცნებია მეხანძრე ბიჭზე, რომელიც სხვების გადასარჩენად იბრძვის და ჩვენ სახლში ველოდებით, გულისფანცქალით, სანამ მორიგი გმირული მორიგეობიდან დაბრუნდება. ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო. ბიჭი გამოიძახეს, მაგრამ ეს მორიგეობა მშვიდობით არ დამთავრებულა. მეხანძრე წავიდა და თავად გახდა რეაქტორი. ყოველგვარი შელამაზების გარეშეა აღწერილი, როგორ ნაწილ-ნაწილ ილეოდა ადამიანი და ერთადერთი ვისაც მასთან უშვებდნენ ორსული ცოლი იყო. ბიჭს კანი ფენებად სძვრებოდა სანამ ბოლომდე არ გაილია… დასხივების დარტყმა მთლიანად ბავშვმა მიიღო და სწორედ ამან გადაარჩინა გოგონა.

როდესაც ქალაქში იძულებითი ევაკუაცია გამოცხადდა იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს ქალაქის დატოვებაზე. ოჯახები გაიხლიჩა. ადამიანები, რომლებსაც ერთი დღით ადრე ყველაფერი ჰქონდათ უმისამართოდ დაიფანტნენ, ვინც ქალაქში დარჩა ისინი მიტოვებულები, სიკვდილისთვის განწირულები აღმოჩნდნენ.

აღმოჩნდა, რომ არსებობს რაღაც, რაც არ ჩანს, არ აქვს სუნი, ფერი, გემო და ეს რაღაც გკლავს, თან ისე, რომ ამას ვერც გრძნობ, ვერ ებრძვი. ის ყველგან არის, ჰაერში, წყალში, საჭმელში…

ლიტერატურულ სინამდვილეში, არსებობს ერთი დამცავი მექანიზმი, როდესაც წიგნს დახურავ, რაც უნდა რეალურად გეჩვენებოდეს ისტორია კითხვის მომენტში, დასასრულს, ყოველთვის იცი, რომ ეს ყველაფერი გამონაგონია. ამ შემთხვევაში კი საქმე რეალობას ეხება. ის ადამიანები, რომლებიც ალექსიევიჩმა აღწერა, ნამდვილად არსებობენ, ნამდვილი ისტორიებით.

მე რომ ნობელის კომიტეტში ვყოფილიყავი, აუცილებლად მივანიჭებდი ამ ჯილდოს სვეტლანა ალექსიევიჩს, მაგრამ არა ლიტერატურის, არამედ მშვიდობის დარგში, რადგან, ჩახვიდე ატომური კატასტროფის ეპიცენტრში, სათითაოდ მოიძიო ადამიანები, რომლებიც რადიაქტიულ კატასტროფას გადაურჩნენ და მათი ხმა მსოფლიოს მიაწვდინო ნამდვილად დიდი საქმეა კაცობრიობის წინაშე.

როდესაც ჩერნობილის კატასტროფა მოხდა, დედაჩემი თხუთმეტი წლის იყო და საბჭოთა საქართველოში ცხოვრობდა, სადაც არ გაახმაურეს მომხდარის შესახებ. ატომურ კატასტროფას, უზარმაზარი გავრცელების არეალი აქვს. როდესაც წარმოვიდგენ, რომ დედაჩემს და მის ტოლ სხვა ბავშვებს, შეიძლება იგივე დამართნოდათ, რაც ჩერნობილის მცხოვრებლებს, ეს ყველაფერი კიდევ უფრო დიდ კოშმარად მეჩვენება.

ცოტამ თუ იცის, რომ შემთხვევის ადგილზე ქართველებიც იყვნენ, ზოგი უშუალოდ რეაქტორზე, ზოგი კი დაშავებულების სამკურნალოდ წაიყვანეს სამუშაოდ. ახალგაზრდა ბიჭები… გასათხოვარი გოგოები, რომლებიც პირდაპირ რეაქტორზე ან/და დაშავებულების მოსავლელად. ალბათ არ დამჭირდება იმის ახსნა, რომ იქიდან ბევრი ვერ დაბრუნდა და ვინც დაბრუნდა ათასგვარი დაავადებებით, ვეღარასოდეს გახდნენ ისეთები როგორც ადრე.

სვეტლანა ალექსიევიჩის “ჩერნობილის ლოცვა” იმ ადამიანების ამბავია, ვინც აპოკალიფსი თავისი თვალით ნახა და ვისაც ახსოვს, როგორია სიკვდილი. ისინი ჯერ კიდევ არიან და განაგრძობენ ლოცვას ჩერნობილისთვის…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: