ნუ მოკლავ ჯაფარას!

საკმაოდ დიდი ვიყავი ეს წიგნი რომ წავიკითხე. მართალია გააზრებული მქონდა, რომ საბავშვო ლიტერატურა ხშირშემთხვევაში ყველაზე სერიოზული ლიტერატურაა, მაგრამ კითხვის დასაწყისში თითქოს ყველაფერი უცბად გასაგები გახდა. ყველაზე მეტად ჯინ ლუიზა ფინჩის ქართულ მეტსახელზე გადავირიე. ალბათ ჭყიტა რომ არა ან როგორც შემდეგ ვეძახდი ჭყიტა/ჭყლიტა არ ვიცი რა შეიძლებოდა დაერქმია ავტორს ამ გოგონასთვის.
მართალია ტომ სოიერი ჩვენი მშობლების ბავშვობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ “ნუ მოკლავ ჯაფარას” ჩემთვის მაინც გამორჩეულ ადგილს იკავებს აბოლიციონისტური ლიტერატურის ისტორიაში. აქ შედარებას არ ვაპირებ, უბრალოდ, იშვიათად თუ წამიკითხავს, მსგავსი ყოვლად კეთილი ამბავი..
ჭყიტა ექვსი წლის გოგოა ოღონდ ისეთი კი არა, კიკინებით და დიდი ბაფთებით, არა, ბიჭების გარემოცვაში იზრდება და მოკლედ, კარგი ონავარია. ჭყიტა, ანუ ჯინ ლუიზა ფინჩი, წარმოუდგენელია მისი ძმის, ჯემისა და მეგობარი დილის გარეშე. თუ სადმე რამე ხდება, ეს სამნი ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან ხოლმე. წიგნის შინაარსს რომ არ მოვყვე აქ რედლი ბუა უნდა ვახსენო, მთელ მეიკომს რომ შიშის ზარს სცემს და სინამდვილეში არავინ იცის, ვინ არის. რედლი მთლად სოციალური არსება არ არის, მაგრამ ჩვენმა შესანიშნავმა სამეულმა, როგორც ყველა ნამდვილმა ბავშვმა, ზუსტად იცის, ვისი უნდა ეშინოდეს და ვისი არა, ყოველ შემთხვევაში ამას უფროსებზე ადრე ხვდებიან.
მკაცრი კელი, ზანგი ძიძა, რომელიც მიუხედავად სიმკაცრისა ბავშვების ძალიან ახლო მეგობარია და კელისგან ისეთი რამეების გაგება შეიძლება, რასაც სხვა უფროსები არასოდეს გეტყვიან, მაგალითად იმის, რომ შავკანიანი და თეთრკანიანი მლოცველები ზუსტად ერთნაირად მღერიან თავიანთ ეკლესიებში… როგორც ჯიმის შემთხვევაში, ტომ სოიერიდან, კელპურნიაც ზანგია და არავითარ შემთხვევაში აფრო-ამერიკელი (1960 წელს გამოვიდა წიგნი) ამ დროს დეფინიცია”ზანგს” კონკრეტული დატვირთვა აქვს და აქ შესწორება დაუშვებელია.
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი ატიკუს ფინჩია, ჯემისა და ჭყიტას მამა, რომელიც სათვალეს ატარებს, მუდამ გაზეთებს კითხულობს და სხვათა შორის, ბავშვების ყველა კითხვაზე აქვს პასუხი. ჭყიტას მამა ჩვეულებრივი კაცი არ არის, ის ადვოკატია და თანაც როგორი, მას შეუძლია მაშინ იბრძოლოს, როცა ყველა იმედს კარგავს. როცა საზოგადოება ინდივიდს თავს ესხმის ატიკუსს შეუძლია ბოლომდე იბრძოლოს მსხვერპლის დასაცავად თუნდაც იცოდეს რომ წაგებულ ბრძოლაში შევიდა.
ჭყიტამ ახლაღა აღმოაჩინა, რომ მამამისი ძალიან კარგად ისვრის…… მოკლედ ატიკუსი ჩვეულებრივი ატიკუსი არ არის. ჰარპერ ლის მთავარი წიგნი “ნუ მოკლავ ჯაფარას” ექვსი წლის ბავშვის მიერ დანახული სამყაროა, თავისი სისასტიკეებით მეგობრების თანადგომითა და იმ ადამიანების შეცნობით, რომლებსაც აქამდე თურმე არ იცნობდა.
ახლა ვზივარ და ვფიქრობ, როგორ შეიძლება ადამიანს ამდენი გულწრფელი სიკეთე ჰქონდეს გულში, რომ ეს ყველაფერი ბავშვის ენით და თან დამაჯერებლად აღწეროს. ეს ან უკიდეგანო სიკეთის ან/და დიდი სამწერლობო ოსტატობის შედეგია.