შიგთავსზე გადასვლა

“ბუზთა ბატონი”-უილიამ გოლდინგი

უილიამ გოლდინგი – ბუზთა ბატონი – Soffi ...

სულ მინდოდა ამ წიგნზე დამეწერა. ეს, არც ისე ადვილი აღმოჩნდა. უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონი” დისტოპიური რომანია. დისტოპია გულისხმობს სივრცის შემოსაზღვრულობას. დისტოპიურ რომანში არ არსებობს სხვა სამყარო გარდა არსებულისა.

ამბავი იმით იწყება, რომ ერთ-ერთი ბრიტანული სკოლის მოსწავლეები, ავიაკატასტროფის შედეგად კუნძულზე ხვდებიან. ისინი ბრიტანული კონსერვატიული ოჯახის შვილები იყვნენ. თითოეულ მათგანს თავისი ცხოვრება ჰქონდა კუნძულზე მოხვედრამდე და იმ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იყვნენ, რომელშიც ცხოვრობდნენ.(ღუტას გარდა რა თქმა უნდა) აქ კი, დაუსახლებელ კუნძულზე, ისინი სრულიად მარტონი აღმოჩნდნენ.

პირველი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ კუნძულზე გოგონები არ არიან. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბავშვები კუნძულზე დარჩებიან, ამ საზოგადოებას განვითარება არ უწერია.

პირველი, ვისაც კითხვისას ვეცნობით რალფი და ღუტა არიან. ღუტა ჩაფსკვნილი ბიჭია, სქელლინზებიან სათვალეს ატარებს და ასთმა აქვს. ისე, მაგარი იაღლიში მოუვიდა და თვითონვე წამოროშა ღუტას მეძახდნენო. ჰოდა ნამდვილი სახელი აღარც არავის უკითხავს, დარჩა ღუტად.

რალფი და ღუტა კუნძულზე ნიჟარას იპოვიან. ეს ნიჟარა ძალაუფლების სიმბოლოა იმდენად, რამდენადაც ვისაც ის უჭირავს, საუბრის უფლებაც მას აქვს, მითუმეტეს, როცა სხვა ბავშვებიც გამოჩნდებიან და უკვე ჯგუფში წესრიგის დამყარებაა საჭირო, მოკლედ დემოკრატიული ელემენტები აშკარაა.

დროთაგანმავლობაში, ბავშვებს შორის განხეთქილება იჩენს თავს, ჯეკ მერიდიუ , რომელიც ცდილობს ჯგუფის ხელმძღვანელი გახდეს, კონფლიქტში შედის რალფთან და აქ იწყება მთავარი ამბები. ნიჟარის დაპატრონება, ნიშნავს ძალაუფლების მოპოვებას და როგორც ნებისმიერ საზოგადოებაში, ამ კუნძულზეც ძალაუფლება მთავარი ვნებაა.

ტრივიალური ამბავია, რომ ბავშვები სასტიკები არიან და ეს სისასტიკე, ამ კუნძულზე, განსაკუთრებული სიმძაფრით იჩენს თავს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ არსებობს იდეალური საზოგადოება რეალურის შიგნით. ხელოვნურად წესრიგს ვერ შექმნი იქ სადაც სამყაროს კანონები არსებობს, თუმცა ამ კუნძულზე ბავშვები მარტონი აღმოჩნდნენ შიშველი ველური ბუნების წინაშე, რაც მათ ლეგიტიმაციას აძლევს, გამოიყენონ ძალა საკუთარი თავის გადასარჩენად.

როჯერი მთავარი ანტაგონისტია, რომლის მთავარი მიზანიც რალფის დამარცხებაა. რალფი სხვებზე უფრო მეტად არის ლიდერული თვისებებით დაჯილდოვებული მაგრამ ღუტა, რომელიც მუდმივად კარგ რჩევებს იძლევა რალფის გონების ფუნქციას ითავსებს. სათვალე, რომელიც ღუტას უკეთია, მისი მთავარი იარაღია, როგორც კი სათვალეს მოხსნი, აბსოლუტურად ბრმავდება და რადგან, მას ფიზიკური მონაცემები არ გააჩნია, აბსოლუტურად უუნარო ხდება. ამიტომაცაა თუ გახსოვთ, როგორი უსუსურია ღუტა, როდესაც სათვალეს გაუტეხავენ . ამის გარდა, მხოლოდ ღუტას სათვალით შეიძლება ცეცხლის ანთება, ცეცხლი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კუნძულზე მყოფი ბავშვებისთვის.

რაც შეეხება თავად ბუზთა ბატონს, ანუ ბელზებელს, ანუ ბელზებუმს ესეც ამ ხელოვნური სამყაროს ნაწილია. ჯეკ მერიდიუ, რომელიც ცდილობს საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციას და მთავარ კონფლიქტშია რალფთან, ცალკე გამოეყოფა დანარჩენებს, ქმნის ცალკე ჯგუფს და ღია ომს უცხადებს რალფს და მასთან შემოკრებილ ბავშვებს. ურჩხულისაგან თავის დაცვას, ბავშვები ჯოხზე წამოცმული ღორის თავით ცდილობენ, რომელსაც ბუზები ეხვევა. სწორედ ეს გახლავთ ბუზთა ბატონი, ანუ ბელზებელი, ანუ ბელზებუმი, რომელიც ერთი მხრივ ფინიკიელების ღმერთია ხოლო მეორე მხრივ, ებრაელები მას სატანად მოიხსენიებენ.

როგორც ყველა სერიოზულ ლიტერატურულ ნაწარმოებში, აქაც ყველაზე ჭკვიანურ სიტყვებს, ფსიქიკურად ყველაზე არამყარი პერსონაჟი ამბობს. საიმონს ეჩვენება, რომ ღორის თავი მას ელაპარაკება და ეუბნება, რომ ურჩხული არც ზღვაშია და არც მთაში, ურჩხული არის შენშიო.

მთელ ამ ამბავში გადამწყვეტი არის ის, რომ ბავშვები, რომლებსაც თავიდან უხაროდათ, რომ უფროსების გარეშე იყვნენ, საზოგადოებრივი წესები მათზე არ მოქმედებდა, რომ მაგალითად ღუტას კლასელები აღარ დასცინებდნენ და ასე შემდეგ, გადავიდნენ ბრძოლისა და თვითგადარჩენის რეჟიმზე რამაც მათ ერთმანეთის მიმართ დაუნდობელი შუღლი გაუჩინა.

გოლდინგი აჩვენებს, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი, როდესაც ის ცივილიზაციის ნორმებისგან თავისუფლდება და შემაკავებელი ფაქტორები მოხსნილი აქვს. ამ ერთი შეხედვით თავისუფლებამ ბავშვები შეიწირა, და ისიც ვინც გადარჩა განწირულია, რადგან ვეღარასოდეს დაიბრუნებს იმ უმანკოებას, რასაც ბავშვობა გულისხმობს. ყველას გაგვიგია ფრაზა, ბავშვები სასტიკები არიანო, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მათმა სისასტიკემ პიკს მიაღწია და მათ თავიანთივე თანატოლი შეიწირეს.

გოლდინგის ეს წიგნი 1983 წელს ნობელის პრემიას მიიღებს და ის გამომცემლები, რომლებმაც გამოცემაზე უარი თქვეს თუ ნორმალურები არიან იდაყვებსაც დაიკვნეტენ. მთავარია, რომ ამ ერთი შეხედვით საბავშვო წიგნზე უფრო სერიოზული წიგნი, ცოტაა მეოცე საუკუნის ლიტერატურაში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: