შიგთავსზე გადასვლა

ლიბერალურ-ლიტერატურული ტრენდები

ზოგჯერ რომ ვუკვირდები, ჩემი თავი უცხოპლანეტელი მგონია ხოლმე. საკუთარი პროფესიის საბოტაჟისკენ მიდრეკილებაა ეს თუ პიროვნული შეუთავსებლობა არსებულ რეალობასთან არ ვიცი, მაგრამ რასაც ახლა დავწერ ეჭვი მაქვს ჩვენი საზოგადოების ასე ვთქვათ ლიბერალურ თუ ფსევდოლიბერალურ თუ ულტრალიბერალურ ნაწილში დიდ აგრესიასა და ჩხუბს გამოიწვევს, მაგრამ რომ არ ვთქვა მეც მათ დავემსგავსები, გაბატონებული კლიშეების უპირობო მიღებაში რაც ჩემს პიროვნებაში არ ზის და შესაბამისად არასწორი იქნება.

Even my shadows like to read...

არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ, უბრალოდ მე, როგორც რიგითი ლიტერატურათმცოდნე ვთვლი, რომ ლიტერატურას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ადამიანები. თუ თვლი, რომ ლიტერატურა იარაღია, მესიჯის გადასაცემად, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ ნებისმიერ იარაღს თავისი გამოყენების წესი აქვს და შესაბამის მოპყრობას საჭიროებს.

ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ნაწარმოებს, რომელიც გარკვეულ იდეოლოგიას არ ატარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში , ნაწარმოები არ შედგებოდა, მაგრამ როდესაც შენს ტექსტს სარეკლამო ბროშურასავით ექცევი და ცდილობ ლოზუნგის სახე მისცე, ცოტა არ იყოს, ტეხავს.

მე შემიძლია გავიხსენო ბევრი ასეთი ტექსტი, ქართულ რეალობაში. მათ შორის, ერთ-ერთზე აქ უკვე ვისაუბრე და აღარ განვმეორდები, მაგრამ თუნდაც ჰომოსექსუალიზმის თემა ავიღოთ, რომელიც ბოლო დროს ასეთი აქტუალური გახდა და “როგორ მოვკლათ ბილი ელიოტის” სახით ჯილდოც მოიპოვა ბატონო. (თუ ვინმეს ეს წიგნი წაგიკითხავთ, ყველაზე კარგად თქვენ მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ.)

საერთოდ ტაბუს შესახებ წერა დიდი ოსტატობის ამბავია. ტაბუში ვგულისხმობ ყველაფერს, დაწყებული მოწყვლადი ჯგუფების თემიდან, გაგრძელებული სექსუალური აქტის ფიზიკურ-ემოციური აღწერით და დამთავრებული ისეთი ფსიქოლოგიური გადახრებით, როგორიც პედოფილია იყო ნაბოკოვთან, ფოლკნერის ინცესტის მიმართ დაუცხრომელ ინტერესზე რომ აღარაფერი ვთქვა.

მე ჯერ ერთი ქართველი ავტორი ვერ ვნახე, ისე რომ აღწეროს ეროტიკული სცენები, როგორც ეს უელბეკს შეუძლია, მაგრამ აქ კიდევ რაღაც გვეშველება, უბრალოდ გასაბრაზებელია, როდესაც ლიტერატურად წოდებულ ტექსტში, პირდაპირი ტექსტით წუწუნი მიდის, იმის შესახებ, რა ბოროტები არიან ისინი და რა ცოდო ვარ მე, საწყალი მარგინალიზებული ადამიანი ამათ ხელში. ამ დროს, ირაკლი კაკაბაძის ცნობილი ფრაზა მახსენდება, რომ “ადამიანი, არ შეიძლება იყოს გამოსირებული. იგი არ არის გამოსირებული. იგი ღმერთის შექმნილია” ლიტერატურის შემთხვევაში ამას ასე ვთარგმნიდი: მხატვრული ტექსტი, არ შეიძლება იყოს სლოგანი, იგი არ არის რეკლამა, რადგან იგი მხატვრული რეალობაა.

უფრო ზუსტად რომ განვმარტო, ლიტერატურული დისკურსის შეფუთვისას ავტორების მთავარი შეცდომა ლიტერატურული სინამდვილის განზრახ დამძიმებაშია, რაც მას კარიკატურულ ბრტყელ და უშინაარსო ტექსტად აქცევს, რომლის მთავარი მიზანია პასუხი გასცეს კითხვას “რა გვასწავლა ამ მოთხრობამ” როგორც ქართულის მასწავლებლებმა იციან ხოლმე.

ნარატოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დისციპლინაა და ის მაგალითად ფემინისტურ დისკურსს ცალკე გამოყოფს რაც თავისთავად, წინასწარ განწყობას ქმნის ტექსტის მიმართ. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართულ ლიტერატურაში, მსგავსი ტიპის ტექსტები ძირითადად ეპატაჟისთვის იწერება ხოლმე, ყოველ შემთხვევაში განცდას ასეთს ტოვებს. იმისთვის რომ მსგავსი, ფუჭი ეპატაჟისგან თავი დაიცვან მგონი ავტორებმა უბრალოდ უნდა აღწერონ რეალობა ისეთი, როგორიც არის და არ უნდა დაამძიმონ ის ხელოვნურად.

ამასთან ერთად კიდევ არის ერთი მომენტი, რომ ქართული საზოგადოების ლიბერალურ ნაწილს, მათ შორის მწერლებსაც, რატომღაც მიაჩნიათ რომ მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებაში მიმღებლობა ან/და ტაბუირებულ თემათა გახსნა ცალსახად ლიბერალური იდეოლოგიის კუთვნილებაა, რაშიც ჩემი აზრით, მთავარ შეცდომას უშვებენ.

მე არ მჭირდება ლიბერალიზმი( როგორც იდეოლოგია) იმისთვის, რომ ჩემი გეი მეგობარი მიყვარდეს და პატივი ვცე მას. ის რომ მე ის მიყვარს, არ ნიშნავს, რომ ჩემი ცხოვრების წესი უნდა მოვარგო მისას და უარი ვთქვა ჩემს სუბიექტურ ხედვაზე. ამავდროულად ის ადამიანები, რომლებიც განზრახ ცდილობენ დააჯგუფონ განსხვავებული ორიენტაციის, რელიგიისა თუ ეთნიკური კუთვნილების მიხედვით ადამიანები და საზოგადოებიდან გამოყოფილად წარმოაჩინონ, იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, საპირისპირო შედეგებს იღებენ, რადგან თვითონვე გამოყოფენ მათ საზოგადოებისგან ცალკე ჯგუფებად რაც არასწორია.

ასევე ხდება ლიტერატურაშიც, თუ განზრახ ვუტრირებ კონკრეტულ ფაქტს თუ იდეოლოგიურ ელემენტს ტექსტი სინამდვილის შეგრძნებას კარგავს და ფუჭდება. ის რაც კონკრეტული იდეოლოგიის ელემენტი გვგონია, უბრალოდ ადამიანური მომენტია რომელიც თავისთავად არსებობს.

რომელი იდეოლოგია მჭირდება მე იმისთვის, რომ ვიცოდე, ნებისმიერი ადამიანი ისეთივე ცალკეული შემთხვევაა, როგორიც მე და ყველა სხვა, თავისი არსით და აზრით და აქვს ყველა ის ფსიქოსოციალური მახასიათებელი რაც ყველა სხვა ადამიანს და თქვენი აზრით ლიბერალებმა რომ არ მითხრან ისე არ უნდა ვიცოდე, რომ ადამიანის დამუნათება არ შეიძლება?

სამყარო არ არის ისეთი ერთფეროვანი, რომ ყველა ერთნაირი იყოს, ლიტერატურა სწორედ ამ მრავალფეროვნების აღწერას უნდა ემსახურებოდეს და არა საკითხის უტრირებას კონკრეტული იდეოლოგიური ტრენდების დასანერგად. თუ ჩემი არ გჯერათ, საკუთარი წიგნის კარადები გამოაღეთ და ის წიგნები გადაათვალიერეთ საბჭოთა პროპაგანდის დროს რომ იწერებოდა და კონკრეტული მიზანი ჰქონდა აი, პავლიკა მაროზოვის მსგავსი… ეჭვი არ მეპარება, რომ ამ წიგნებს არასოდეს წაიკითხავთ და თუ წაიკითხავთ მოდით და მესროლეთ :დ

count)s კომენტარი »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: