“პატარა პრინცი” კლიმის კლუბში

დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კლიმის კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც სწორედ “პატარა პრინცზე” ვისაუბრეთ. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ “პატარა პრინცით”, რომელსაც უფროსი თაობა “პატარა უფლისწულის” სახელით იცნობს კლიმის კლუბში დაიწყო იმ წიგნების განხილვა, რომელთა მთავარი გმირებიც ბავშვები არიან და ვინ უნდა ყოფილიყო პირველი სტუმარი თუ არა პატარა პრინცი.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, პირადად ჩემთვის, რომ მიუხედავად პრეზენტირების დიდხნიანი პრაქტიკისა, ახალგაზრდა მკითხველებისათვის ლიტერატურული ნაწარმოების იმგვარად მიწოდება, რომ მათ რაღაც ახალი აღმოაჩინონ და ამავდროულად გაუჩნდეთ სურვილი რაც შეიძლება მეტი იკითხონ და ლიტერატურა შეიყვარონ საკმაოდ საპასუხისმგებლო ამბავია.
მეორე მხრივ, იქ მოსული ბავშვები საკმაოდ მომზადებული აღმოჩნდნენ შეხვედრისათვის და ზოგიერთ ისეთ დეტალზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რაც უფროსებს დაუდევრობისა თუ სხვა მიზეზთა გამო გამორჩებათ ხოლმე, ამან სასიამოვნოდ გამაკვირვა.
“პატარა პრინცი” ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ნაწარმოებია, რომელშიც ადამიანის ყველა მანკიერი თვისება სიკეთის კალეიდოსკოპით არის დანახული. პატარა პრინცს, რომელიც დედამიწაზე მეგობრის საძებნელად ჩამოვიდა, ეგრეთწოდებული Tabula Rasa-ის კლასიკური მაგალითია. ის იღებს ამ სამყაროს კულტურული ჩარჩოებისაგან თავისუფლების პირობებში და მისთვის ეს ყველაფერი თითქოს ახალია, თუმცა თითოეული პლანეტიდან, რომელიც პატარა პრინცმა გამოიარა, ისეთი გაკვეთილი მიიღო, რომ დედამიწაზე უკვე გარკვეული ცოდნით აღჭურვილი ჩამოვიდა ადამიანების შესახებ.

ყოველი პლანეტიდან, უფლისწული დაუბრკოლებლად აგრძელებდა თავის მოგზაურობას თუმცა დედამიწაზე მას სულ სხვა წესები დახვდა, როგორც ანდრო დგებუაძე იძახის, მოსვლა მისი ნება იყო, წასვლით კი ისე უნდა წასულიყო, როგორც საერთოდ მიდიან ხოლმე დედამიწიდან, სიკვდილით.
აქ ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია, რომ ვერც ერთი ადამიანი, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს, ვერ გაექცევა იმ წესებს, რომელიც აქ მოქმედებს და თუ შენ აქ მოხვედი და ამ სამყაროს ნაწილი გახდი, შენი სხეული აუცილებლად დამძიმდება, მისი დატოვება და ისე გაფრენა მოგიწევს. როდესაც პრინცი შინ დაბრუნდება, თავის ვარდთან, ის უკვე აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო, აი როგორც დომენიკო, ყოველი მოგზაურობის შემდეგ ხომ ადამიანი ხელახლა შეიცნობს სამყაროს და აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს.
ალბათ ძალიან ბევრს ვილაპარაკებდი პატარა პრინცზე, მფრინავზე, მეფარნეზე, ბიზნესმენზე, ლოთზე და ასე შემდეგ, მაგრამ კლიმის კლუბს მინდა დავუბრუნდე. სახელი ალბათ გეცნობათ, დოჩანაშვილის კლიმზეა საუბარი და მგონი ამაზე ზუსტად არც ერთი სახელი არ შეესაბამება კლუბს, რომლის მიზანია, რომ ადამიანებმა ისაუბრონ, იკამათონ, რაც უნდა ცხარე იყოს ეს კამათი, იგი აბსოლუტურად გამართლებულია, თუკი საქმე ლიტერატურას ეხება.
ყოველ კვირას, 12 საათზე კლიმის კლუბში შევეცდებით დიდი სიყვარული გამოვხატოთ იმ ავტორებისა და პერსონაჟების მიმართ, რომლებიც ჩვენში რაღაცას ცვლიან, გვინდა თუ არა ეს ჩვენ.
შემდეგი შეხვედრა ერიკ- ემანუელ შმიდტსა და მის ნაწარმოებს “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” მიეძღვნება. თუკი ვინმეს ლიტერატურა კლიმივით გიყვართ იცით სად და როდის უნდა მოხვიდეთ, მანამდე კი გეტყვით, რომ ახლა ღამის ცხრა საათია და ყველაფერი იდეალურადაა.