ამბავი ერთი ზამთრისა
ახალ წლამდე თექვსმეტი დღე დარჩა. გარეთ ისეთი მზეა გაზაფხულზე რომ იცის ხოლმე. საახალწლო განათებები ჩაურთავთ. მიყვარს ახალი წელი. ერთი ეგ არის, რომ საშობაო სიმღერები მასევდიანებს ხოლმე. არადა პირიქით არ უნდა იყოს? სულ რამდენიმე თვეა რაც ბლოგი გავაკეთე და წლევანდელი ახალი წელი პირველია, რომელსაც მე და ჩემი ბლოგი ერთად შევხვდებით. ესეც იმედიანადაა და მეც. წინ დიდი გეგმები გვაქვს.

თოვლი იმდენი წელია არ მოსულა, რომ უკვე აღარც ვოცნებობ. არადა მახსოვს, ბავშვობაში, თითების გალურჯებამდე ვგუნდაობდით ხოლმე ბავშვები. დუტის შარვალი მქონდა, რომელშიც თოვლი ვერ ატანდა, სამაგიეროდ ფეხსაცმელები მქონდა ხოლმე სულ დაჭონჭოხებული, მაგრამ მაინც ყირაზე ვდგებოდი მუხლამდე თოვლში. თელავში, ტყის პირას, ზუზუმბოს გზა, მაგრად იყინებოდა ხოლმე და იქიდან, ციგით დაშვება მთელი ექსტრიმი იყო, უბნის ბავშვებისთვის.
ლოყებაწითლებული, გათოშილი, სიცივისგან კბილებდაკრეჭილი სულ ძალისძალად ვბრუნდებოდი ხოლმე სახლში, ტანსაცმლის გასაშრობად. დეიდაჩემს სვანური ღუმელი ედგა მისაღებში. ეს ოთახი ალბათ ყველაზე კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობიდან. დეკორატიული აგურის კედელზე დიდი ხალიჩა ეკიდა, 1936 წლის, თუ სწორად მახსოვს. ზედ ცხენი ოყო ამოქარგული. ბუხარი გაუქმებული იყო და ამიტომ სვანურ ღუმელს აგიზგიზებდა ხოლმე დეიდა. ყველაზე მეტად ამ გაუქმებული ბუხრის კალთაზე მიყვარდა ჯდომა. ეზოდან რომ შემოვიდოდით მე და ჩემი დეიდაშვილები, მაგიდაზე უკვე გვხვდებოდა ცხელი თაფლიანი რძე და ალუბლის ღვეზელი.
ფულეს ჟაკეტები და სპორტული დათბილული შარვლები მიყვარდა და გაყინულ ტანზე ვიცვამდი ხოლმე. ყველაზე კარგად ეგ ათბობდა. დეიდაჩემის სახლი ზედ ტყის პირას იდგა და თან ხეში იყო ჩასმული, ორსართულიანი. მეორე სართულზე ისე ციოდა, დილაობით, საბანში შეფუთულს მხოლოდ სახე მიჩანდა და ისიც მეყინებოდა ხოლმე. ასე იყო თუ ისე , ოდესმე ხომ უნდა ავმდგარიყავი ლოგინიდან. კოშმარად მახსოვს ის რამდენიმე წამი სანამ მეორე სართულიდან ბუხრის ოთახში შევირბენდი ხოლმე. სიცივე ძვლებში ატანდა. სანამ ტანსაცმელს ჩავიცვამდით ჯერ ღუმელთან უნდა გაგვეთბო, ეს იყო დაუწერელი კანონი.
ახალ წელს სულ დეიდაჩემთან ვხვდებოდი ხოლმე. დეიდაშვილებთან და ბიძასთან. პატარა ნაძვის ხე გვქონდა. ჩემი თოვლის ბაბუა წერილის მიწერას არ საჭიროებდა. ნახევარი ბიბლიოთეკა მაშინდელი ახალი წლებისა მაქვს. მახსოვს, ერთხელ, ფეიერვერკის გაშვებისას, პეტარდა უკუღმა დავიჭირე და კინაღამ ბიძაჩემს მოხვდა თვალში. მიყვარდა ბიძაჩემი, ერთ დროს.
მზე კი კარგია, მაგრამ ახალი წელი რა ახალი წელია თუ არ თოვს. თუ შენ გარშემო ოჯახი არ იკრიბება და საჩუქრებს არ ჩუქნი ვინმეს. ახალი წელი რა ახალი წელია, თუ საშობაო სიმღერები გასევდიანებს? ეს ჩემი ოცდამეოთხე ახალიწელია და ვფიქრობ, როგორ დავაბრუნო ის განწყობა რაც მაშინ მქონდა ხოლმე. თოვლის ბაბუა მაინც ხომ მოვა?