შიგთავსზე გადასვლა

საზაფხულო წიგნები

წლევანდელი ზაფხული ჩემთვის ზუსტად 8 დღეში იწყება, ბარგი თითქმის ჩავალაგე და ეგეოსის ზღვაც მოუთმენლად მელოდება, მაგრამ წიგნების გარეშე არდადეგები ვის გაუგია?

წელს საკმაოდ დატვირთული წელი მქონდა, პროფესიიდან გამომდინარე წესით, წიგნის დანახვაც აღარ უნდა მინდოდეს, მაგრამ უკვე გადმოვალაგე წიგნები, რომლების წაკითხვასაც ვაპირებ და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ, რამდენიმე ისეთი, რომელიც მე უკვე წაკითხული მაქვს, მაგრამ თქვენ რომ არ შემოგთავაზოთ არ გამოვა.. მაშ ასე:

  1. ანა კორძაია-სამადაშვილი : “ზინკა ადამიანი” როგორც ავტორი ამბობს, ეს მისი ბოლო რომანია. რა თქმა უნდა ისევ თბილისზე და ისევ ადამიანებზე, რომლებსაც უყვართ და უნდათ რომ ვიღაცას უყვარდეს. ზინკა, პატარა გოგოა, ფაქტობრივად არსაიდან, ოღონდ ერთი ეგ არის, რომ გადასარევად მღერის.. ზინკა არასოდეს დაგავიწყდება, თანაც მის გარშემო ისეთი ამბები ხდება, რომლის დაჯერებაც ძნელია და დავიწყებაც. მთავარი მაინც ის არის, რომ რომანის თითოეული გმირი განსაკუთრებულია და თითოეულს თავისებურად უყვარს… მიუხედავად მცირე მოცულობისა წიგნი იმდენად ადამიანური და მზიანი ამბებით არის სავსე ვისაც არ წაგიკითხავთ ყველასი მშურს.
  2. უილიამ ფოლკნერი “სული რომ ამომდიოდა” ფოლკნერისთვის დამახასიათებელი სიმბოლურობა რომელიც ადამიანის არსის ყველაზე ღრმა შრემდე აღწევს ამ წიგნს განსაკუთრებულს ხდის. ჩვენ ყოველდღიურად არ ვფიქრობთ იმაზე, რომ საათის ისრის ყოველ დარტყმაზე სიკვდილი გვიახლოვდება და მითუმეტეს ძნელია წარმოიდგინო, რა მოხდება მაშინ, თუ საკუთარი ყურით მოუსმენ და თვალით დაინახავ, როგორ ემზადებიან შენი სიკვდილისთვის გარშემომყოფები. და მაინც, ნეტავ როგორ გამიხსენებენ როცა მოვკვდები?
  3. არუნდატი როი “წვრილმანების ღმერთი” ეს არის წიგნი , სიკეთით სავსე. ინდოეთის მწველი მზის ქვეშ დაუჯერებელი ამბები ხდება. მცხუნვარე მზესა და სანელებლების სურნელის ფონზე ერთმანეთს ტრადიციები და არჩევანის თავისუფლება ებრძვიან და ამ ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს, რადგან პატარა საგნების ღმერთიც ღმერთია, მაშინაც კი როცა გგონია რომ დამარცხდა.
  4. მარტინ ემისი “ღამის მატარებელი” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია, ინგლისურ ლიტერატურაში, დეტექტივების მოყვარულებისათვის. ახალგაზრდა გოგო ორი ტყვიით თავში. გოგო რომელსაც ყველაფერი ჰქონდა რაზეც ადამიანი ოცნებობს და მტრებიც არ ჰყავდა გარდაცვლილი იპოვეს. საინტერესო კი ის არის, რომ ეს შეიძლება თვითმკვლელობა იყოს. კითხვების ამ დიდ ლაბირინთში ნელ-ნელა ხვდები, რომ ადამიანი ყველაზე არაპროგნოზირებადი არსებაა დედამიწაზე, ავტორი მშვენივრად ახერხებს ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ერთმანეთის სარკის ანარეკლებად წარმოადგინოს.
  5. ჯულიან ბარნსი “დასასრულის განცდა” ნათქვამია ყველაფერი დაფარული ადრე თუ გვიან გაცხადდებაო. საიდუმლოები, რომლებიც წლებთან ერთად დაიმარხა და თითქმის დაგავიწყდა კიდეც მათი არსებობა, ერთი-მეორეს მიყოლებით იწყებენ ჯინივით ლამპარიდან ამოსვლას და ყველაფერი ერთმანეთში ირევა, საბოლოოდ კი, ყველა იმას იღებს, რასაც წლების განმავლობაში დუმილით გაურბოდნენ.
  6. ნათანიელ ჰოთორნი “ალისფერი დამღა” პურიტანულ საზოგადოებაში უფლება ძალიან ბუნდოვანი ცნებაა. აქ ყველაფერს მოპოვება სჭირდება. ერთი არასწორი მოძრაობა და მაშინვე მიიღებ საზოგადო გულგრილობას და განკვეთას, ზუსტად ისე, როგორც ვაჟა-ფშაველა წერდა “ალუდა ქეთელაურში.” გეყოფა ძალა პურიტანულ საზოგადოებაში ქმრის მოღალატე გერქვას და თავაწეულმა ატარო მკერდით ალისფერი დამღა?
  7. ანატოლ ფრანსი “ანგელოზთა აჯანყება” ავტორი გვიყვება სამყაროს ყველაზე დიდი აჯანყების შესახებ. როცა ანგელოზები აჯანყდებიან სამყარო ღერძის საპირისპიროდ დაიწყებს ბრუნვას. თუ ჩემი არ გჯერათ, წაიკითხეთ რომანი და მიხვდებით. ჩვენი მფარველი ანგელოზები, ყველგან ჩვენთან ერთად არიან, მაშინაც კი როდესაც ჩვენ არ ვფიქრობთ მათზე, მაგრამ ერთ დღეს შეიძლება სწორედ შენი ანგელოზი შეიპყროს ადამიანის უძველესმა თვისებამ, ცნობისმოყვარეობამ და სწორედ მაშინ დაიწყება ნამდვილი აჯანყება.
  8. კაზუო იშიგურო “არასოდეს გამიშვა” ეს არის რომანი, რომლის წაკითხვის შემდეგ, პირადად მე , მძულდა ხეები, ბუჩქები, ადამიანები, რადგან ინგლისურენოვანი იაპონელი მწერლისა და ნობელიანტის, კაზუო იშიგუროს ამ ნაწარმოებში ყველა წინადადების შემდეგ შეგიძლია კითხვის ნიშანი დასვა. მე ადამიანი ვარ- მე ადამიანი ვარ? მე მიყვარს- მე მიყვარს? და მთავარი, მე სული მაქვს…? რატომ არის შენი სიცოცხლე ჩემსაზე უპირატესი? იმიტომ რომ მშობლები გყავს და მათ ფული აქვთ? მე არავინ მკითხა მინდა კი შენი ჯანმრთელობისათვის ჩემი დავთმო? ამ რომანში უპირობოდ გმირი ხარ. მთავარი კითხვა კი ის არის ღირს თუ არა რამედ ყველაფერი ის, რასაც მეცნიერებამ პროგრესი დაარქვა და შეიძლება თუ არა ერთი ადამიანის სიცოცხლე მეორე ადამიანით იყიდო.
  9. სვეტლანა ალექსიევიჩი “ჩერნობილის ლოცვა” ეს არ არის რომანი. დოკუმენტურ პროზად აკინძული ინტერვიუების კრებულია, რომელიც ბელორუსმა ჟურნალისტმა, სვეტლანა ალექსიევიჩმა ჩერნობილის ტრაგედიისას გადარჩენილებისაგან შეკრიბა და ერთ დიდ წიგნად გამოსცა. წიგნის მოცულობისა რა გითხრათ, მაგრამ ნამდვილად დიდია თავისი მნიშვნელობით, რადგან ყოველ დღე როდესაც იღვიძებ, ყავას იდუღებ და სიგარეტს უკიდებ არ ფიქრობ იმაზე, რა მოხდა 1986 წელს ჩერნობილის ატომური რეაქტორის აფეთქების შემდეგ და ალბათ ასეც უნდა იყოს, იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებმაც ერთ წამში დაკარგეს ყველაფერი ზუსტად ისეთები იყვნენ როგორებიც ჩვენ ვართ,ზუსტად ისევე უყვარდათ, უხაროდათ და ეშინოდათ როგორც ჩვენ და შეიძლებოდა ჩვენ ვყოფილიყავით მათ ადგილას, ამაზე ფიქრი კი შეიძლება კოლექტიური სუიციდით დამთავრდეს, რადგან რაღაცას რასაც არ აქვს სუნი, ფერი, გემო და არ იგრძნობა შეიძლებოდა შენ ან შენი ახლობელი მოეკლა, მაგრამ ისინი აირჩია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ადამიანური ისტორიები რაც კი ოდესმე წამიკითხავს და ალბათ ვერასოდეს ვიტყვი ისე ზუსტად როგორც ჩემმა ლექტორმა თქვა, ყოველდღე, როცა გაიღვიძებ ყავას დაისხამ და სიგარეტს მოუკიდებ, პარალელურად , ვიღაც ლოცულობს, ჩერნობილში.. ჩერნობილზე… ან ჩერნობილისთვის.

სულ ეს იყო რაც თქვენთვის მინდოდა მეთქვა, ალბათ არც ისე მარტივი წიგნები შემოგთავაზეთ, მაგრამ გულით არის შერჩეული და ამიტომ მეათე წიგნის არჩევა თქვენთვის მომინდვია. კომენტარებში მომწერეთ, მეც გამომადგება. სულითა და გულით გისურვებთ საუკეთესო დასვენებას თქვენი, ფიბი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: