შიგთავსზე გადასვლა

მიგელ დე უნამუნო “აბელ სანჩესი” ბიბლიური კონტექსტით( ფრთხილად, სპოილერებია )

                   მიგელ დე უნამუნოს რომანი „აბელ სანჩესი“ ანუ ერთი ვნების ისტორია“ მთლიანად ბიბლიურ სიუჟეტზეა აგებული. რომანში მოთხრობილია ორი ბავშვობის მეგობრის ამბავი, რომლებიც თავიდანვე ბიბლიურ ძმებს, აბელსა და კაენს მოგვაგონებენ, მითუმეტეს, რომ ერთ-ერთ მთავარ გმირს (შემდგომ კი მის ვაჟსაც ) აბელი ჰქვია.

            რომანი დატვირთულია  საპირისპირო ცნებათა ჭიდილით: მეცნიერება როგორც სამყაროს შეცნობისა და შეცვლის რაციონალური გზა და ხელოვნება, როგორც შემოქმედება და ამ შემოქმედებით ჭეშმარიტების წვდომის სურვილი; სიყვარული და სიძულვილი, რაც ადამიანთაშორის ურთიერთობის მთავარი ქვაკუთხედია და რელიგია და რაციონალური მიდგომა სამყაროს მიმართ რომელიც მუდამ ცდილობს  აუხსნელი და გამოუთქმელი მიწიერი ფაქტებით ახსნას.  ამ რომანში ყველა ეს შეპირისპირება ძალიან საინტერესოდ და მძაფრად არის გადმოცემული.

            ყველაზე მეტად რომანში  იმ კითხვაზე ჭირს პასუხის გაცემა, თუ რას ემსახურებოდა მთავარი გმირის ის დანაშაული, რომელსაც იგი ამ რომანში სჩადის.  დასაწყისში ნათლადაა მოყვანილი ფაქტები გმირების ბავშვობიდან და ნაჩვენებია, თუ როგორ განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისაგან. იქ ნათქვამია, რომ ხოაკინი მუდამ ცდილობდა აბელი დაეჩრდილა და ის ადგილი დაეკავებინა, რომელიც აბელს ეკუთვნოდა ჯერ კიდევ ბავშვობის დროინდელ სამეგობროში.[1]  აქედან გასაგები ხდება თუ საიდან იღებს სათავეს  ხოაკინის ეს საშინელი ეჭვიანობა და შური აბელის მიმართ, რომელმაც შემდგომ იმ შედეგებამდე მიიყვანა რითაც რომანი მთავრდება.

            უნდა ითქვას, რომ რომანის დიდი ნაწილი ეთმობა ხოაკინის განცდებსა და შინაგან სამყაროს, დიდი ნაწილი თხრობისა, სწორედ ხოაკინის პერსპექტივიდანაა გადმოცემული და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მთავარი მოქმედი გმირი სწორედ ხოაკინია, მიუხედავად იმისა, რომ რომანს „აბელ სანჩესი“ ჰქვია.          სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა ხდებოდა მთავარი გმირის გონებაში მაშინ, როცა ის თავის მთავარ დანაშაულს სჩადიოდა, გავიგოთ მისი მოტივები და მისი თვალთახედვით შევხედოთ მოვლენებს.

            უნდა ითქვას, რომ ხოაკინის შინაგანი დანაკლისი, რომ თითქოს მას ხალხის მხრიდან სიყვარული და აღიარება აკლდა  რომანის იმ ნაწილში, როდესაც ავტორი  მესამე პირის საშუალებით გვიჩვენებს ოდნავ გაზვიადებულად გვეჩვენება. მაგალითი ბევრია, თუნდაც ის,  როგორ ექცეოდა მას თავად  აბელი. ამისათვის აბელისა და ელენას დიალოგიც შეგვიძლია გავიხსენოთ, სადაც ელენა ქმარს პირდაპირ ეუბნება, რომ ხოაკინს მისი შურს და რომ იგი ფარისეველია, რომელის ნდობაც არაფრით არ შეიძლება, ხოლო აბელს ამის გაგონებაც არ უნდა. [2]

            ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ თუ რას ფიქრობდა სინამდვილეში აბელი  თავის ბავშვობის მეგობარზე მაგრამ ავტორი, საკმაოდ ღრმად გვახედებს  ხოაკინის განცდებში, სადაც ნამდვილი ჯოჯოხეთია.  ხოაკინს თავისი შური აბელის მიმართ  ცხოვრების საშუალებას არ აძლევს, თუმცა  როდესაც  ამ ყველაფერს ხოაკინის პერსპექტივიდან ვხედავთ, შედარებით გასაგები ხდება, თუ როგორ აღიქვამს ის აბელის თითოეულ მოქმედებას და გარკვეულწილად შეგვიძლია თანაგანცდითაც განვეწყოთ მის მიმართ.

            ზრდასრულ ასაკში, ბავშვობისდროინდელ შურსა და  სიძულვილს ის ფაქტი აღვიძებს, რომ აბელი ელენაზე ქორწინდება, რომელიც ხოაკინის ბიძაშვილი და მისი ერთადერთი სიყვარულია. ელენა საინტერესო პერსონაჟია იმდენად, რამდენადაც შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობაში ჩასახული მტრობის კატალიზატორია  აბელისა და ხოაკინისათვის. ამბიციური ქალი, რომელიც ყოველ თავის სიტყვასა თუ მოქმედებაში  ნებით ან უნებლიედ კიდევ უფრო აღრმავებს  მეგობრებს შორის არსებულ ფარულ  უფსკრულს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ხოაკინმა გააცნო[3] ელენა და აბელი ერთმანეთს და ისინი მალევე დაინიშნნენ  რასაც გულის სიღრმეში ხოაკინი აბელის მხრიდან ღალატად თვლის და ალბათ ლოგიკურიც იქნებოდა, რადგან აბელმა იცოდა მეგობრის გრძნობების შესახებ ამ ქალის მიმართ, მაგრამ რადგან აბელი ერთ-ერთი დიალოგის დროს ამბობს, რომ ელენამ თავად მოხიბლა ის და ჩვენ ჯერჯერობით არანაირი საწინააღმდეგოს დამამტკიცებელი არგუმენტი არ გვაქვს, რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ელენამ, რომელსაც დიდად გულზე არ ეხატებოდა ბიძაშვილი და  მისი შეყვარება ყოვლად წარმოუდგენლად ეჩვენებოდა  თავად გაუწია ჯიბრი აბეზარ თაყვანისმცემელს და ამისთვის მისივე ბავშვობის მეგობარი გამოიყენა? ელენამ ხომ იცოდა, რომ ხოაკინისთვის ეს მომაკვდინებელი დარტყმა იქნებოდა. ამის გათვალისწინებით ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით რამდენად სწორად აფასებს ხოაკინი ამ  ამბავს და ისიც გასათვალისწინებელია, რომ  თავის „აღსარებაში“, რომელსაც ის თავისი შვილისთვის წერს ამბობს,რომ  ელენაზე არ ბრაზდება  რადგან უყვარს ხოლო აბელი კი სწორედ ამის შემდეგ შეიძულა საბოლოოდ.

            მთელი რომანის განმავლობაში ვხედავთ, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ  უღრმავდება ხოაკინს განცდები და ათასგვარ ხერხს მიმართავს, რომ განიკურნოს ამ ტანჯვისაგან თუმცა მას ეკლესიაც ვერ ეხმარება, რადგან  თავადვე არ იცის სწამს თუ არა ღმერთის, ის ხომ ექიმია და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მას არ შეუძლია სწამდეს რაღაც რისი არსებობაც არ მტკიცდება,  ხოაკინს როგორც მეცნიერს მხოლოდ  ემპირიული სამყარო ადარდებს. მის სასოწარკვეთას ისიც ემატება, რომ გარშემომყოფები და განსაკუთრებით ელენა მის რწმენის ძიებას ფარისევლობად აფასებს.   ამ მომენტში ჩნდება განცდა, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ხოაკინმა, არამც თუ აბელს ვერ დაჩრდილავს არამედ მისგან ადამიანიც ძნელად დადგება. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ელენამ თვითშეფასება მინიმუმამდე დაუყვანა ხოაკინს და ამით გაამწვავა დაძაბულობა, მაგრამ რასაკვირველია, ელენასაც აქვს თავისი სიმართლე, როცა ამბობს, რომ არაფერს დაპირებია, ან როცა აბელს ეუბნება რეალურად რასაც ფიქრობს ხოაკინი მასზე. ერთი შეხედვით,[4] ელენა მხოლოდ პირდაპირი ადამიანია, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დიდწილად სწორედ მისმა  პირდაპირობამ დააჩქარა და გაამძაფრა ის ტრაგედია, რომელიც შეიძლებოდა არც მომხდარიყო, თუკი არ იქნებოდა ვინმე, ვინც ხოაკინის განცდას, რომ აბელის გვერდით არარაობაა და აბელი ყველაფერს მხოლოდ მის გასანადგურებლად აკეთებს კიდევ უფრო არ განამტკიცებდა.

            რომანი იმდენად  ბევრი მნიშვნელოვანი მომენტითაა სავსე, ერთის გამოყოფა ძალიან რთულია, მაგრამ ბიბლიურ სიუჟეტს რომ დავუბრუნდეთ, რომელზეც ტექსტშიც არის საუბარი და რომლითაც თითქოს ავტორი გვამზადებს  მოსალოდნელი ფინალისათვის, აბელისა და კაენის ამბავი არ არის მხოლოდ ამბავი „პირველი ცოდვისა“ და ვფიქრობ უნამუნოს სწორედ ამის ჩვენება უნდოდა, რადგან იმ „პირველ ცოდვასაც“ საფუძველი უდევს, რომლის გაგებაც ბევრად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ვიდრე თავად შედეგი.

            საიდან გაჩნდა კაენის შური აბელის მიმართ? ამის გაგებამ შეიძლება კაენი სულ სხვა კუთხით დაგვანახოს და სწორედ ამიტომ არის ჩვენს რომანშიც საინტერესო სწორედ ის თუ რა აწუხებდა რეალურად ხოაკინს? როცა ვამბობ, რომ რომანის მთავარი მოქმედი გმირი ხოაკინია, ვგულისხმობ, რომ მხოლოდ ხოაკინის პერსონაჟის ნამდვილი შინაარსის გაგებით ჩავწვდებით მთავარ სათქმელს.

            როდესაც ადამიანი  მეორე ადამიანთან მუდმივ მეტოქეობაშია და მუდამ მის დაჯაბნას ცდილობს, რასაკვირველია, ჩვენ ვამბობთ, რომ მას შური ამოძრავებს, მაგრამ ხოაკინის შემთხვევაში კიდევ უფრო რთულად იყო საქმე, ვინაიდან მას რაც უნდა გაეკეთებინა, მუდამ ეუბნებოდნენ, რომ „ადამიანი  თუ ძალიან მოინდომებს მისი შეყვარებაც შესაძლებელია“ ან „შენი შეყვარება შეუძლებელია რადგან შენთვითონ აძულებ ხალხს თავს“ და ამ დროს აბელის სახელი უკვე ზენიტშია, ხოაკინი კი საყოველთაო აღიარებას მიელტვის, რაც ლოგიკურია უკვე არსებულ მზა ნიადაგზე, როცა თავად პროფესიაში დაწყებული საქმეც კი ვერ მიჰყავს ბოლომდე კიდევ უფრო უღრმავებს იმ შეგრძნებას, რომ უუნაროა.

            ტექსტიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ხოაკინის მთავარი პრობლემა უუნარობის განცდა იყო.ის მთელი ამ ხნის განმავლობაში აბელის სახით თავის უუნარობას ებრძოდა. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც,რომ დასასრულს, როდესაც აბელის ავადმყოფობის შესახებ იგებს თითქოს ცოცხლდება, გონს მოდის, კვლევებსაც უბრუნდება და ცდილობს ნორმალურად იცხოვროს. ძნელია იმის მტკიცება, რომ  ხოაკინს ბოლომდე აქვს გააზრებული რაც მის თავს ხდება, ეს უფრო არაცნობიერი სიხარულია იმისა, რომ როგორც იქნა აბელი დაამარცხა მაგრამ ამაზე ტექსტში მკაფიოდ არ არის ნათქვამი, მაგრამ  ის, რომ სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს ხოაკინი სამეცნიერო სამუშაოს დაუბრუნდეს, გვაფიქრებინებს,რომ მისთვის ერთგვარი შვებაა აბელის ავადმყოფობა.[5]

… და მაინც, რატომ მოკლა ხოაკინმა აბელი?  რას ხედავდა ხოაკინი, როდესაც აბელს უყურებდა?  დასასრულში ჩანს, რომ მიუხედავად იმისა რომ ხოაკინმა აბელის დასამარცხებლად ყველაფერი გააკეთა, ყველა ღონე გამოიყენა, რომ  დაემარცხებინა ის გრძნობა რასაც აბელის არსებობა ჰგვრიდა ბოლოს  მაინც ვერ მოიპოვა გამარჯვება რადგან, მისი უსუსურობა აბელთან ერთად არ მომკვდარა და პირიქით, ერთადერთი, რის წინაშეც ხოაკინი ნამდვილად უძლური აღმოჩნდა სინანული იყო. 

            ის მიზეზები, რის გამოც ადამიანი შეიძლება  უკიდურეს სასოწარკვეთამდე მივიდეს ამ რომანში ძალიან ნათლად ჩანს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად რომელიმე გმირისთვის დაბრალება, რომ მიზანმიმართულად მიიყვანეს ხოაკინი ამ მდგომარეობამდე ძნელია. ამ რომანში ყველას აქვს თავისი წილი სიმართლე, უბრალოდ ის, რომ ხოაკინში ბავშვობიდან მომზადებული იყო ნიადაგი ამ ყველაფრისათვის, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა საბოლოოდ.

            „აბელ სანჩესის“ წაკითხვა სამივე მთავარი  პერსონაჟის პერსპექტივიდან შესაძლებელია  და სამივე ჯერზე რეალობა შეიცვლება, სამივე ჯერზე მივიღებთ სხვადასხვანაირად მოყოლილ  ერთ ამბავს, მაგრამ ფაქტია, რომ  გმირების ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა ურთიერთქმედებამ  კატასტროფული ფინალი გამოიწვია. აბელისა და კაენის მითის უნამუნოსეულ ვერსიაში მთავარი მოქმედი გმირი კაენი აღმოჩნდა, რომელსაც საკუთარი ძმა უუნარობის განცდამ მოაკვლევინა.  თუ ყურადღებით გადავხედავთ იმ მოვლენებს რაც რომანში ხდება შეიძლება ნამდვილად მვიდეთ დასკვნამდე, რომ როდესაც ხოაკინი აბელს ებრძოდა საკუთარ „მეს“ ებრძოდა  აბელის სახით, რომლის ყოველ დანახვაზეც განსაკუთრებით გრძნობდა ამ სასოწარკვეთას უუნარობას, უფუნქციობას და  აბელის მოკვლით უნდოდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ სწორედ ამ მკვლელობის შემდეგ გახდა აბელის ნამდვილი ტყვე, რადგან ნამდვილი უსუსურობა, რომელსაც ვერ განკურნავდა სწორედ მაშინ იგრძნო.[6]













[1] გვ.197

[2] გვ. 236-237

[3] გვ.200

[4] გვ208

[5] გვ

[6] გვ.291

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: